Accessibility links

logo-print

ვინ არის ერაყელი შიიტების ლიდერი? აიათოლა ალი ას-სისტანის პორტრეტი


ანდრო ეული, პრაღა ერაყელი შიიტების ლიდერი, დიდი აიათოლა ალი ას-სისტანი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ,

როცა სუვერენული მთავრობის შექმნამდე კატეგორიულად მოითხოვა პირდაპირი არჩევნების მოწყობა. და მაინც, ას-სისტანი ჯერჯერობით რჩება ადამიანად, რომლის შეხედულებებს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე ერაყელი პოლიტიკოსები ნაკლებად უწევენ ანგარიშს, თუ, ცხადია, არ ჩავთვლით შიიტთა თემის წარმომადგენლებს.

მაინც, ვინ არის ერაყელ შიიტთა სულიერი ლიდერი? 73 წლის აიათოლა კარგად დაცულ სახლში ცხოვრობს შიიტების წმიდა ქალაქ ნაჯაფში, და უმეტესწილად ღამ-ღამობით მუშაობს რელიგიურ საკითხებზე. როგორც მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, ას-სისტანი დარწმუნებულია, რომ სასულიერო პირები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ.

მაგრამ ას-სისტანი ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ წამყვან ფიგურად გამოჩნდა ბოლო ხანს, ანუ მას შემდეგ, რაც მოითხოვა, რომ ქვეყნის მომავალი სუვერენული მთავრობა პირდაპირი გზით იქნეს არჩეული.

ამავე დროს, ას-სისტანი უარს ამბობს შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რითაც ამერიკელებს აგრძნობინებს, რომ წინააღმდეგია ერაყში კოალიციური ძალების ყოფნისა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად ას-სისტანი და შიიტების უმრავლესობა მიესალმა შარშან, აპრილში, სადამ ჰუსეინის დამხობას.

იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია ას-სისტანის ერაყის მომავალი, ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორს, ერაყელ სოციოლოგს ფალე ჯაბარს, რომელსაც არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ერაყელი შიიტების შესახებ.

როგორც ფალე ჯაბარი აღნიშნავს, ას-სისტანი ერაყელი შიიტების იმ მცირერიცხოვან ლიდერებს ეკუთვნის, ვინც თანამორწმუნეთათვის "მისაბაძი მაგალითია". ამასთანავე, ას-სისტანი ხელმძღვანელობს თავისი თემის ერთ-ერთ უმდიდრეს რელიგიურ ფონდს, რომელსაც საბანკო ანგარიშებზე ათეულობით მილიონი დოლარი აქვს.

ერაყში არსებული რელიგიური ფონდები, რომლებიც თანამორწმუნეთა შემოწირულობებით ფინანსდება, სასულიერო სასწავლებლებს, ამ სასწავლებლების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებს, აგრეთვე, ხელმოკლე ოჯახებს უწევენ ფულად დახმარებას. ამ ფონდის ხელმძღვანელობა ას-სისტანიმ მემკვიდრეობით მიიღო აწ განსვენებული დიდი აიათოლას, აბდულ-ქაზიმ ხოეისგან, რომელმაც ას-სისტანი მემკვიდრედ ჯერ კიდევ თავის გარდაცვალებამდე, 1992 წელს დაასახელა.

ფალე ჯაბარის თქმით, მიმდევართა მხრიდან ზეწოლის შემდეგ ას-სისტანი იძულებული გახდა პირდაპირი არჩევნების მოთხოვნა გამოეთქვა. ამ მოთხოვნას, რაც ერაყში მცხოვრები შიიტი უმრავლესობის ინტერესებს ემსახურება, ეწინააღმდეგება კოალიციის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი პოლ ბრემერი, რომელსაც რეგიონებში ჩატარებული ყრილობების მეშვეობით, ანუ წარმომადგენლობითი სისტემით სურს მთავრობის შექმნა. ამ სისტემას ხშირად მიმართავენ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების ინტერესთა გასაწონასწორებლად; ერაყის შემთხვევაში ეს შიიტებს, სუნიტებსა და ქურთებს ეხება. აი, რა თქვა ფალე ჯაბარმა იმაზე, თუ რატომ მოითხოვა ას-სისტანიმ პირდაპირი არჩევნების ჩატარება: [ფალე ჯაბარის ხმა] "ბრემერი, ცოტა არ იყოს, მოუქნელად აკეთებს საქმეს. ხოლო ყრილობები რეგიონებში ისეთნაირად იქნა ორგანიზებული, რომ უნებლიეთ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ უშუალოდ ბრემერი დანიშნავს მთავრობის წევრებს და არა ყრილობა. ამან მძაფრი რეაქცია გამოიწვია ხალხში. ამდენად, ეს იყო მთავარი მოტივი, თუ რატომ მოითხოვა სისტანიმ პირდაპირი არჩევნების მოწყობა. მან იცოდა, რომ ეს არ იქნება ადვილი, თუმცა ამას, გარკვეული ზეწოლა უნდა მოეხდინა ბრემერზე. მეორე მოტივი ის იყო, რომ სისტანი შიშობს, ვაითუ ბრემერი აკეთებს ზუსტად იმას, რაც ბრიტანელებმა მოიმოქმედეს 1921 წელს, როცა შიიტები უმრავლესობას წარმოადგენდნენ ერაყში, ხოლო მთავრობა სუნიტებით იყო უმეტესწილად დაკომპლექტებული."

პირდაპირი არჩევნების მოთხოვნის გარდა ას-სისტანიმ უკანასკნელ თვეებში კიდევ რამდენიმე არცთუ უმნიშვნელო პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ერაყის ახალი მთავრობა, ას-სისტანიმ გამოსცა რამდენიმე ფატვა, რომლებშიც საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბა და რომლებსაც აიათოლას მიმდევართათვის კანონის ძალა აქვს. ამასთან დაკავშირებით ისევ ფალე ჯაბარს მოვუსმინოთ [ფალე ჯაბარის ხმა]: "ას-სისტანიმ რამდენიმე ფატვა გამოსცა. ჯერ ერთი, იგი წინააღმდეგია ისეთი მთავრობისა, როგორიც ირანშია, ანუ გულისხმობს, რომ თეოკრატია არ მიესადაგება ერაყს. შიიტთა ისლამისტური პარტიები ამ ფატვის დავიწყებას ისურვებდნენ. მეორე ფატვით მან სასულიერო პირებს ადმინისტრაციულ და სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობა აუკრძალა."

შიიტთა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ ას-სისტანის მხარდაჭერით სარგებლობენ, ხოლო, ფალე ჯაბარის თქმით, ურთიერთობა ხსენებულ დაჯგუფებებსა და აიათოლას შორის რამდენადმე დაძაბულია.

რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ას-სისტანის როლი ერაყის სამომავლო მოწყობაში, დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოაგვარებს ვაშინგტონი არჩევნების საკითხს და რამდენად უმტკივნეულო იქნება ერაყის სუვერენული მთავრობისთვის ქვეყნის მართვის სადავეების გადაცემის პროცესი.
XS
SM
MD
LG