Accessibility links

logo-print

საქართველოს და აფხაზთა მხარეებმა თბილისში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს და აფხაზთა მოლაპარაკება განახლდა. მხარეები ერთმანეთს თბილისში, გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ოფისში, შეხვდნენ.

ჟენევის ფორმატით 10 თებერვალს წარმოებულ მოლაპარაკებაში საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი და საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც მონაწილეობდნენ. თბილისში ჩამოსულ აფხაზთა დელეგაციას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ხელმძღვანელობდა. ამ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მხარეს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ზაალ გოგსაძე წარმოადგენდნენ. მოლაპარაკების მიზანი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. აფხაზები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარებას არ აპირებს.

საქართველოს ხელისუფლებაში მომხდარმა რევოლუციურმა ცვლილებებმა დაბნეულობა ენგურს იქითაც გამოიწვია. ნოემბრიდან მოყოლებული, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აწუხებდა კითხვა - აპირებს თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლება აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებით პოლიტიკის შეცვლას და ამ კითხვაზე პასუხი ახლაღა მიიღო. 10 თებერვალს თბილისში, გაეროს ოფისში, გამართულმა შეხვედრამ აფხაზთა მხარე დაარწმუნა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა აპირებს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელებას, თანაც, მხარეებს შორის აქამდე მიღწეული შეთანხმებების, პირველ რიგში, ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე მიღწეული შეთანხმების ბაზაზე.


სამშვიდობო მოლაპარაკება ჩიხური მდგომარეობიდან სწორედ უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვით გამოვიდა. ამ საკითხებზე მსჯელობისთვის თბილისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა და პოლიტიკურ საკითხებში არძინბას მრჩეველი ასტამბურ ტანია იყვნენ ჩამოსულნი. მათთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა, როგორც უკვე ვთქვით, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისა და გაეროს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების, საფრანგეთისა და გერმანიის, ელჩების დასწრებით წარიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების თემას, გალის რაიონის ქართველების შევიწროებას, თუმცა - ზედაპირულად.

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] "მთავარი საკითხი, რომელიც დღეს იქნა განხილული, არის უსაფრთხოების გარანტიები და მასთან დაკავშირებით საერთაშორისო მექანიზმების შემუშავება."

ასეთი ლაკონიურია საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის კომენტარი10 თებერვლის შეხვედრასთან დაკავშირებით. გაეროს ოფისში წარმოებული მოლაპარაკების შემდეგ უფრო მეტი არც აფხაზებს უთქვამთ.
თბილისში გამართულ შეხვედრას უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავებისკენ გადადგუმლი პირველი ნაბიჯი უწოდა სერგეი შამბამ. მისი განცხადებით, თბილისში მხარეებმა უსაფრთხოების საკითხებზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს, აფხაზთა მხარემ კი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოითხოვა იმ იმედით, რომ ისინი მხარეებს გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებიან.

აფხაზთა დელეგაციას თბილისში შეხვდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ზუგდიდის რაიონიდან 27 წლის მხატვრის დავით ბაძაღუას გატაცებას აპროტესტებენ. სერგეი შამბამ მათ უთხრა, რომ ამ გატაცებასთან დაკავშირებით მისთვის აქამდე არაფერი იყო ცნობილი. მანვე გამოთქვა სურვილი, ხუთშაბათს ჭუბურხინჯის შეხვედრაზე სერიოზულად იქნეს განხილული ეს საკითხი. ეს არის და ეს. თბილისიდან სოხუმში აფხაზთა დელეგაციამ წაიღო პასუხი შეკითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლება ომის განუახლებლობის პირობის დარღვევას, თავად კი არავითარი პირობა არ დაუტოვებია. გალის რაიონში გრძელდება ქართველთა სადამსჯელო ოპერაცია, რაც ანტიკრიმინალური ოეპრაციის სახელს ატარებს. აფხაზ ბოევიკებს გალის რაიონის სოფლებიდან აყვანილი ჰყავთ 14 ქართველი და მათ საპასპორტო რეჟიმის დარღვევას ედავებიან. ამ საბაბით, ქართველების აყვანის პროცესი 10 თებერვალსაც გრძელდებოდა.
XS
SM
MD
LG