Accessibility links

logo-print

მოლაპარაკება კვიპროსის გაერთიანების თაობაზე


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით მოლაპარაკება განახლდა კუნძულ კვიპროსის გაერთიანების თაობაზე.

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი სამშაბათს კვიპროსის ბერძნული რესპუბლიკის პრეზიდენტს ტასოს პაპადოპულოსსა და კვიპროსელი თურქების ლიდერს რაუფ დენქთაშს ეთათბირა. ანანმა კვლავ მოუწოდა კვიპროსის ორივე სათვისტომოს ლიდერებს - არ გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი და 1 მაისამდე მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის კავშირში მხოლოდ კვიპროსის ბერძნული რესპუბლიკა გაწევრიანდება.

ანანთან მოლაპარაკების შემდეგ პაპადოპულოსმა კორესპონდენტებს უთხრა: "საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მხარეები მზად არ არიანო".

გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიანიშნეს, რომ დათანხმდა რა კოფი ანანთან შეხვედრას, ორივე მეორე მხარე მზადაა შეასრულოს ის პირობები, რაც ანანმა წამოაყენა კვიპროსის გაერთიანების თაობაზე დასკვნითი მოლაპარაკების დასაწყებად. კოფი ანანმა, სახელდობრ, მოუწოდა ორივე მხარეს მის მიერ შეთავაზებული გეგმის საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარონ 21 აპრილს იმისდა მიუხედავად, თუ როგორ წარიმართება ამასობაში მოლაპარაკება. ამ მოთხოვნის შესრულებისაგან თავი შეიკავა ორივე მხარემ.

პაპადოპულოსმა თქვა, რომ რეფერენდუმების მოწყობა მხოლოდ მას შემდეგ იქნება გამართლებული, რაც მხარეები ყველა საკამათო საკითხში შეთანხმდებიან.

ბერძენმა ჟურნალისტმა აპოსტოლოს ზუპანიოტისმა, რომელიც ნიუ-იორკში მიმდინარე მოლაპარაკებას აშუქებს, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, რომ კვიპროსელი ბერძნების ერთი ნაწილი შიშობს, ვაი თუ ნაჩქარევმა შეთანხმებამ შეაფერხოს ევროკავშირში კვიპროსის ბერძნული რესპუბლიკის მიღება. ხოლო სხვებს ის ადარდებს, რომ თუ გაერთიანება არ მოხდა, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ კვიპროსის ბერძნული რესპუბლიკის საზღვარი თურქულ მინი-სახელმწიფოსთან, ახალი ბერლინის კედელი გახდება [აპოსტოლოს ზუპანიოტისის ხმა]: "თუ ანანი მოქნილობას გამოავლენს ვადებისა და სხვა საკითხების განხილვისას და განმარტავს, როგორც აპირებს "სიცარიელეების შევსებას", კეთილი, და მხარეებიც მიიღებენ დიალოგში მონაწილეობას. მაგრამ თუ იგი ურყევი იქნება და იტყვის, "არა, ეს საბოლოოა, და მე ვწყვეტ საკითხსო", მოლაპარაკება ბოლოს ჩაიშლება", -
განაცხადა აპოსტოლოს ზუპანიოტისმა.

ანანის გეგმის თანახმად კვიპროსი უნდა გახდეს ერთიანი სახელმწიფო, რომელშიც ბერძენი და თურქი კვიპროსელების ფედერალური რეგიონები ცენტრალურ მთავრობას დაექვემდებარება. კვიპროსელი თურქების ლიდერი დენქთაში აცხადებს, რომ ანანის გეგმა ბერძნების წისქვილზე დაახავს წყალს, ვინაიდან ეს უკანასკნელნი ჩრდილოეთში დაიწყებენ ჩასახლებას და სულ მალე, იქ, ეთნიკური თურქები უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

ამ უთანხმოებათა მიუხედავად, გაეროს წარმომადგენელი ფრედ ეკჰარდი იმედოვნებს, რომ მხარეები ნიუ-იორკში მიაღწევენ შეთანხმებას. ეკჰარდმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოახლოებული თარიღი 1 მაისი იმის გარანტიას იძლევა, რომ მხარეები სრულის პასუხისმგებლობით მიუდგებიან განახლებულ დიალოგს [ფრედ ეკჰარდის ხმა]: "ვფიქრობ ყველა ისეა განწყობილი, რომ ის, რაზეც დღეს დაიწყებენ ისინი საუბარს, პირველი მაისისათვის უნდა იქნეს შეთანხმებული".

კოფი ანანმა განაცხადა, რომ ერთიანი კვიპროსის შესვლა ევროკავშირში ურთიერთობათა გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს ეგეოსის ზღვის რეგიონში და იმავდროულად ბიძგსაც მისცემს ამავე კავშირში თურქეთის გაწევრიანებას.
XS
SM
MD
LG