Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ


რუსეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საინფორმაციო საშუალებების დიდ ინტერესს იწვევს. ეს დასტურდება თუნდაც იმით, რომ სააკაშვილის სტუმრობაზე სტატიებს მივაკვლიეთ რუსეთის 13 გაზეთში.

ლაპარაკია მხოლოდ 11 თებერვალს დაბეჭდილ სტატიებზე.

ყველას, ცხადია, ვერ მიმოვიხილავთ, მაგრამ ღირს, თვალი გადავავლოთ უმრავლესობის სათაურებს მაინც. "სააკაშვილი მოსკოვში ეკონომიური კლასით ჩამოვიდა" , წერს "კომსომოლსკაია პრავდა" და გაზეთი "ვრემია ნოვოსტეიც" სათაურშივე ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში ჩვეულებრივი რეისით ჩაფრინდა "ნომერი 929, ჩვეულებრივი"- წერს ის. (929 კომპანია "აირზენას" მოსკოვში რეისის ნომერი იყო). ეს დეტალი მოსკოვში რომ დიდ ინტერესს იწვევს "პარლამენტსკაია გაზეტაშიც" ჩანს: "პრეზიდენტი რიგითი მგზავრივით ჩამოფრინდა" ვკითხულობთ სტატიის სათაურშივე.

გაზეთ "ნოვიე იზვესტიას" ინტერესს კი სააკაშვილის მგზავრობის, ან ვიზიტის დეტალები არ იწვევს. ის ორ სტატიას უძღვნის აფხაზეთის საკითხს და ერთ მათგანს ასე ასათაურებს "აფხაზეთი რუსეთში შესვლას ითხოვს". რუსი ჟურნალისტები წერენ აჭარის შესახებაც - "ვრემია ნოვოსტეი" აქვეყნებს ჯემალ გოგიტიძესთან ინტერვიუს მრავალისმეტყველი სათაურით "ე.წ. ოპოზიცია აჭარაში სავარძლებს ვერასოდეს დაეპატრონება".

გაზეთი "რუსკი კურიერი" კი გაცილებით უფრო მასშტაბური კონსტექსტისადმი ინტერესს ამჟღავნებს. მასში ვკითხულობთ: "საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პირველ ქვეყანაა, რომელიც რეალური პოსტკომუნისტური რეფორმების გზას დაადგა და ამ საფუძველზე ევროპასთან და დასავლეთთან დაახლოებას შეუდგა. როგორც ადრე ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში დაიწყო გათავისუფლება საბჭოთა საკადრო ბალასტისაგან, რომელიც ძირითადად წარმოდგენილი იყო ყოფილ საბჭოთა ლიდერ შევარდნაძის "მაფიით"(...) მოსკოვში ჩამოსული სააკაშვილი იმ ძალებს ეკუთვნის, რომელიც რუსეთის შემთხვევაში პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან არიან გაძევებული. ამიტომ თბილისსა და მოსკოვს შორის, კაცმა რომ თქვას, გარდაუვალია უთანხმოება და კონფლიქტები. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, რუსეთს ჰმართებს დაემორჩილოს რეფორმების აუცილებლობას და, შესაბამისად, გამოიჩინოს ინიციატივა დემოკრატიულ საქართველოსთან ურთიერთობის მოსაგვარებლად".

ეს იყო ციტატა წერილიდან, რომლის ავტორია მარინა კალაშნიკოვა. საქართველო ერთგვარ ნიმუშად, მისაბაძ მაგალითად არის წარმოსახული ჟურნალისტ ირინა სოროკინას სტატიაშიც და რახან ეს წერილი "ნეზავისიმაია გაზეტაში" დაიბეჭდა ( სხვათა შორის დაიბეჭდა მოსკოვში სააკაშვილის ვიზიტამდე, 9 თებერვალს), შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს საქართველოსადმი უჩვეულოდ პოზიტიურ დამოკიდებულებასთან.

"პოლიტიკური მოვლენები საქართველოში მოსკოვისათვის სერიოზულ შედეგებს მოასწავებსო", წერს სოროკინა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის პოლიტიკას შეცდომებით სავსედ მიიჩნევს. თუმცა, როგორც სტატიის ბოლოს წერს: "ყველა შეცდომის მიუხედავად, კრემლისთვის ჯერ კიდევ შესაძლებელია საქართველოს ახალ ლიდერებთან სათანადო ურთიერთობის დამყარება. საამისოდ ურიგო არ იქნებოდა სერიოზულად ჩაფიქრება თბილისის წინადადებაზე ურთიერთობების ძირფესვიანად განახლების თაობაზე (...) წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი შესაძლოა განდევნონ მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონიდან".

დაბოლოს, შემოგთავაზებთ ციტატას გაზეთ "კომერსანტში" დაბეჭდილი სტატიიდან. მასში მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტის პირველი დღის მთავარ მოვლენად დასახელებულია გამოსვლა საერთაშორისო ურთიერთობათა საერთაშორისო ინსტიტუტში. "საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო მცდელობას, ბოლო მოეღოს ნეგატიურ იმიჯს, რომელსაც, მისი აზრით, ქმნიან მის შესახებ სიუჟეტებში რუსეთის საინფორმაციო საშუალებები (...) სააკაშვილი განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთში მას "ქართველ ჟირინოვსკიდ" მოიხსენიებენ და ადანაშაულებენ, თითქოს ექვსნახევარი თვე გადიოდა მზადებას ამერიკულ ბანაკში ბელგრადის მახლობლად, სადაც სახელმწიფო გადატრიალების მეთოდებს ეუფლებოდა. "ბელგრადში ერთხელ ვიყავი, სულ ორი დღით და აქედან ნახევარი დღე დისკოტეკიდან არ გამოვსულვარო" - ასე პასუხობს ბრალდებას საქართველოს პრეზიდენტი".
XS
SM
MD
LG