Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ვითარება აჭარაში - რა დახვდა და რა ჩაიტანა იქ მოსკოვიდან ასლან აბაშიძემ


მიხეილ სააკაშვილს მოსკოვში ჩასვლა ასლან აბაშიძემ დაასწრო - შესაბამისად, სამშობლოშიც სააკაშვილზე ადრე დაბრუნდა. აჭარის მეთაურს ბათუმში ცივი, თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით,

ცხელი ამინდი დახვდა. სიცივისა და თოვის გამო 11 თებერვალს ბათუმში ვერ შედგა ასლან აბაშიძის მომხრეების შეკრება, ამ დღეს არც აჭარის ხელისუფლების ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები ყოფილა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აჭარაში საპროტესტო მუხტი შესუსტებელია. რა ჩაიტანა ასლან აბაშიძემ მოსკოვიდან ბათუმში, რა ვითარება დახვდა მას იქ და ამჯერად რასთან დაკავშირებით სთხოვენ ახსნა-განმარტებას გაერთიანება "ჩვენი აჭარის" ლიდერები ადგილობრივ ხელმძღვანელებს?


ასლან აბაშიძის მოსკოვში ვიზიტს ყოველთვის ახლავს გარკვეული ეჭვები და, ამათან ერთად, უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვები. აჭარის მეთაურის ბოლო ვიზიტს მოსკოვში ახლდა მითქმა-მოთქმა, აპირებდა თუ არა აბაშიძე მოსკოვში მოლაპარკებების გამართვას ბათუმის ნავსადგურის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. თუ რამდენად უსაფუძვლო იყო ეს მითქმა-მოთქმა, ამის შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა. რუსეთის დედაქალაქიდან ბათუმში დაბრუნებული აჭარის მეთაური მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მოსკოვში მის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები შორს იყო პოლიტიკისგან და ერთადერთ საკითხს - აჭარაში ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრას - უკავშირდებოდა. შედეგი მიღწეულია, აბაშიძის განცხადებით, ახლო მომავალში რუსული კომპანია" რაოიესი "აჭარისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას დაიწყებს, რაც დღე-ღამეში 100 მეგავატის მოცულობით განხორციელდება. საწყის ეტაპზე მოსახლეობას რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა არ მოუწევს, რადგან საწყის ეტაპზე საფასურს მოსკოვის მერია დაფარავს. ასეთი გულმოწყალება იური ლუჟკოვისა და ასლან აბაშიძის პირადი მეგობრობით აიხსნება, ხოლო რამდენად უანგაროა ეს მეგობრობა, აჭარაში, ყველას თუ არა, აბაშიძის ოპოზიციას მაინც აინტერესებს. ის დღითი დღე ძლიერდება, დღითი დღე ერთიან, მსხვილ ოპოზიციურ გაერთიანებად ყალიბდება და მიზნად 28 მარტს აჭარაში აბაშიძის "აღორძინების" დამარცხებას ისახავს. ოპოზიციურ გაერთიანებას " ჩვენი აჭარა", როგორც ჩანს, აჭარაში უკვე უწევენ ანგარიშს. ამას აჭარის ტელევიზიის ტელე-დებატებში "ჩვენი აჭარის" ლიდერების მიპატიჟებაც მოწმობს. მსგავს ფაქტებს აქამდე ადგილი არ ჰქონია, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერებისთვის აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერის დათმობა არ ნიშნავს, რომ აბაშიძის რეჟიმი განსხვავებულ აზრს შეურიგდა. აი, რა ახალ პრეტენზიას უყენებს "ჩვენი აჭარის" ლიდერი თამაზ დიასამიძე აჭარის პოლიციის ხელმძღვანელობას:

[თამაზ დიასამიძის ხმა] "მათ ჩვენ საკუთარი წევრების სია მოგვპარეს, ჩაკეტეს სეიფში, ამის შემდეგ მომხრეების მისამართებზე დადიან და ატერორებენ. ჩვენ ჩვენი ქონება მოვითხოვეთ, მაგრამ არ გვაძლევენ. დაგვპირდნენ, ვიპოვით და დაგიბრუნებთო, ახლა კი გვეუბნებიან, ამის მსგავსი ჩვენთან არაფერი არისო, არადა... "

არადა, თამაზ დიასამიძე ირწმუნება, რომ გაერთიანება " ჩვენი აჭარის" 4000 წევრის სია პილიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, ნოდარ იაკობაძეს, აქვს შენახული. დიასამიძის და მისი თანამებრძოლების ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით აჭარის მეთაურის პრეს-მდივნის კომენტარი ასეთია:

[ასლან აბაშიძის პრეს-მდივნის ხმა] "ეს არის ცილისწამება. ჩვენი ვარაუდით, არც კი შეგროვებულა ხელმომწერთა სია. ეს იყო კიდევ ერთი ფანდი, რომ აი, ამდენი გვქონდა და წაგვართვესო. სხვათა შორის, ძალიან ბევრი რეკავს პრესსამსახურში და ჩივის, რომ მოტყუებით მოაწერინეს ხელი."

აჭარაში პოლიციის მიერ დაკავებულ იქნა გაერთიანება " ჩვენი აჭარის" კიდევ რამდენიმე წევრი, თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს. 11 თებერვალს ბათუმში უნდა გამართულიყო ასლან აბაშიძის მომხრეების შეკრება, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ამას უამინდობამ შეუშალა ხელი.
XS
SM
MD
LG