Accessibility links

logo-print

როგორი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის გადახედვა. პარლამენტში წარმოდგენილი

კანონპროექტი "მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილებების შესახებ" აღმასრულებელი ხელისუფლების სერიოზულ რეფორმას გულისხმობს. 3 სამინისტროს გაუქმების გარდა, პროექტში ჩადებულია დღეს არსებული ყველა დეპარტამენტის ლიკვიდაცია. როგორი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა?

დღენახევარი დასჭირდათ პარლამენტარებს იმ კანონპროექტის კომიტეტებში განსახილველად, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ახალ სტრუქტურას განსაზღვრავს. 11 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, პარლამენტმა "მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ძირითადი სიახლე რამდენიმე სამინისტროს უფლებამოსილებათა გაერთიანებასა და დეპარტამენტების ფუნქციათა სხვადასხვა სამინისტროსთვის გადაცემაში გამოიხატება. მაგალითად, ახლად ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის სამინისტროში გაერთიანდება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები პლიუს გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და საავტომობილო გზების, ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტები. იზრდება ფუნქციები კულტურის სამინისტროსი, რომელსაც უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტი, აგრეთვე - ენის სახელმწიფო პალატა. ამ სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეწოდება. ცვლილებებია ძალოვანი სამინისტროების სტრუქტურებშიც: დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი უშიშროების სამინისტროს დაექვემდებარება, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და მატერიალური რეზერვების დეპარტამენტს შეიერთებს.
ცვლილებების მომხრეთა განმარტებით, აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმა მინისტრთა კაბინეტს უფრო მობილურს გახდის, რაც გადაწყვეტილებების მიღებასა და კონტროლის მექანიზმებს გააადვილებს. ცვლილებათა ოპონენტების აზრით კი, მექანიკური გაერთიანებების შედეგად, შეიქმნება მონსტრი სამინისტროები, რომელთა მართვაც შეუძლებელი იქნება.
წინასწარი ვარაუდებით, პარლამენტი წარმოდგენილ პროექტს დაამტკიცებს და, ამ მხრივ, არაფერი მოულოდნელი არ მოხდება. სამაგიეროდ, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა მინისტრობის კანდიდატთა ერთი ნაწილის უარი შეთავაზებულ თანამდებობაზე. უკვე 10 თებერვალს გავრცელდა ცნობა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრობაზე უარს ამბობს მიხეილ მაჭავარიანი. 11 თებერვალს ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის მინისტრობაზე უარი განაცხადა ანი ახალკაცმა. ასევე 11 თებერვალს კონფლიქტების მოგვარების სფეროში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უარი თქვა გაზეთ "24 საათის" თანამშრომელმა ნიკოლოზ რურუამ. ცნობისთვის: როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა უარის თქმა ბოლო წუთში გადაწყვიტა, რადგან ჯერ კიდევ წინა დღეს, 10 თებერვალს, ნიკოლოზ რურუა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში.
XS
SM
MD
LG