Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში თანასწორი პარტნიორობის ერა დაიწყო - მიიჩნევენ თბილისელები


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოსთან სადავო ყველა საკითხი კომპრომისის გზით მოაგვაროს.

მეზობელ ქვეყანასთან თავისი ვალდებულებები აქვს საქართველოსაც. სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების სიმწვავისა და სიმრავლის გამო, სააკაშვილი ვიზიტისგან რადიკალურ შედეგებს არ ელოდა. თუმცა პუტინთან დანიშნული შეხვედრის წინ მიხეილ სააკაშვილმა არაორდინარული ნაბიჯი გადადგა და მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ილოცა - მოგვიანებით მას არც დაუმალავს, რომ ღმერთს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება შესთხოვა. ქართული საზოგადოება დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი იმედებს არ გაუცრუებს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში თანასწორი პარტნიორობის ხანა დაიწყება.

მიხეილ სააკაშვილის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მოსკოვში თანაბარი ინტერესით ელოდნენ როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ვიზიტის წინ სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა გამოაქვეყნა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით, ქართულ-რუსული ურთიერთობა შეფასებულია როგორც ცივი და დაძაბული. მართალია, ანალოგიური გამოკითხვა საქართველოში არ ჩატარებულა, მაგრამ შეფასებები პრაქტიკულად იგივეა. თუმცა ქვეყნის მმართველობაში ახალი ხელისუფლების მოსვლამ მოსახლეობას, აშკარად, მისცა იმის იმედი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, მართლაც, მეგობრული თანამშრომლობის ეპოქა დაიწყება. მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტს თბილისელები ამ ურთიერთობისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად აფასებენ.

[მოქალაქე] " ეხლა ქართული ანდაზაა, გლახა მეზობელი კარგ ნათესავს სჯობიაო. და მეზობელია და თანამშრომლობა აუცილებელია- ეკონომიკური და ყოველმხრივი. ურუსეთოდ, უმეზობლოდ, გინდ თურქეთი იყოს, შორს ვერ წავალთ. არ შეიძლება. ინტეგრაცია უნდა მოხდეს, მეგობრობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს და უნდა განვითარდეს ყველაფერი.

[მოქალაქე] " კი, არ შეიძლება ამხელა ქვეყანა მტრად გადაიკიდო. მეზობელი ქვეყანაა და."


მეზობელ ქვეყანასთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. თუმცა, სწორი პოლიტიკური კურსის წარმოების შემთხვევაში, ეს სავსებით შესაძლებელია. ჩვენ მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა ამ მოსაზრებას აქსიომასავით ეთანხმება:

[მოქალაქე] "ალბათ, დაახლოებით 2-3 წელი მაინც უნდა ველოდოთ, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. და უფრო მეტწილად ეს დამოკიდებული იქნება რუსეთის მხარის პოზიციაზე, ანუ როგორ მოახდენს ის ხელშეკრულების, ანუ ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებისადმი თავისი პოზიციის გამოხატვას. აქამდე აშკარად ჩანდა, რომ მოსკოვში, მოსკოვს არ უნდოდა, რომ საქართველოსთან დაედო ეს ჩარჩო ხელშეკრულება." (სტილი დაცულია)

ჩარჩო ხელშეკრულება, სამხედრო ბაზების გაყვანა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ მოგვარება - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრიორიტეტთა ის სამეული, რომელსაც მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობაში სამოქმედო პროგრამად განუსაზღვრავს.

[მოქალაქე] "პირველ რიგში, აი, ის, აფხაზეთის საკითხი, უნდა მოგვარდეს, რასაკვირველია, და, მეორე რიგში, ალბათ, დანარჩენი ყველაფერი -ეკონომიკური ურთიერთობები. აფხაზეთი რომ მოგვარდება, რკინიგზა მოგვარდება და დაიწყება, ალბათ, ნორმალური ცხოვრება. მთავარია რუსეთთან ურთიერთობებში დათბეს და არ იყოს მტრის სინდრომი ორივე მხრიდან." (სტილი დაცულია)

ყინული დაიძრა და საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოსათვის დამამცირებელ კომპრომისებს აღარ დაუშვებს - ასე ჟღერს მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში მიმდინარე ვიზიტის ყველაზე გავრცელებული შეფასება, რომელსაც თბილისის ქუჩებში მოისმენთ.
XS
SM
MD
LG