Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო უწყებებში კორუმპირებულთა დაკავებები იწყება


ოფიციალური ვიზიტით რუსეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მოულოდნელად მოსკოვში გამოიძახა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე გენერალი ვალერი ჩხეიძე,

თუმცა დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა ვალერი ჩხეიძის დაკითხვას აპირებდა. საქმე ის გახლავთ, რომ სამხედრო პროკურატურის გამომძიებლებმა სამშაბათ საღამოს პატიმრობაში აიყვანეს დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი პოლკოვნიკი დავით ჩხეიძე, რომელსაც გამოძიება სიყალბეში, თაღლითობასა და ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. არსებობს მოწმეთა ჩვენება, რომლის მიხედვითაც, დავით ჩხეიძის მეშვეობით, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები ქრთამს უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს აძლევდნენ. აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო უწყებაში კორუფციული საქმეებით სამხედრო პროკურატურა საგაზეთო პუბლიკაციების შემდეგ დაინტერესდა.

ყოველკვირეულ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ორშაბათს გამოქვეყნებულმა საგაზეთო პუბლიკაციამ სამხედრო გამომძიებლები უმტკივნეულოდ დააყენა მსხვილი კორუფციული დანაშაულის კვალზე. სასაზღვრო საგუშაგოების ყოფილი უფროსები - დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და თანაშემწე - გაზეთის კორესპონდენტს დაუფარავად უამბობდნენ უწყებაში გამეფებული კორუფციული ურთიერთობების შესახებ, იმაზე, თუ როგორ იკრიფებოდა თანხები კონტრაბანდისტებისაგან და მიედინებოდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მაღალი კაბინეტებისკენ. "კვირის პალიტრის" თანამშრომელი ზვიად ჩაკვეტაძე, ვინც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, ამბობს, რომ დეპარტამენტის უფროსმა გენერალმა ვალერი ჩხეიძემ კომენდატურის ყოფილი უფროსი მაიორი ვალერი ქოჩიაშვილი რამდენჯერმე აიძულა მისთვის ქრთამი მიეცა, ქოჩიაშვილმა კი ყველაფერი ჟურნალისტს გაუმხილა:

[ზვიად ჩაკვეტაძის ხმა] "უბრალოდ, სარდალმა უთხრა მას, [ქოჩიაშვილს]:შენ კიდევ, ჩემს გარდა, ვის აძლევ ფულს, ქრთამს? მან[ქოჩიაშვილმა] დაასახელა შტაბის უფროსი და დაზვერვის უფროსი. სარდლისგან პასუხი იყო: არავის არ მისცე. "კომანდირ, ნე კომუ ნე დავაი", სიტყვასიტყვით ასე მიმართა რუსულად. ყველას უთხარი, რომ მე გავეცი ასეთი ბრძანება და მომავალი თვიდან არავის არაფერი მისცე. მერე კი ხელი მომხვია მეგობრულად - მე ქოჩიაშვილის სიტყვების ციტირებას ვახდენ - და მითხრა: "ბიჭო, ვალერი, მე მანქანა არა მყავს, დეპარტამენტს მანქანა არა ჰყავს და იქნებ ერთი გაზ- 31 მიყიდო.?"
მესაზღვრე ოფიცერთა მიერ მიცემულ ინტერვიუებში ყველაზე ხშირად ფიგურირებდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოგვარის, კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის, დავით ჩხეიძის გვარი, ვისაც უშუალოდ მიჰქონდა კონტრაბანდისტებისგან აკრეფილი ფული გენერალ ჩხეიძესთან. სწორედ დავით ჩხეიძე აღმოჩნდა სამხედრო პროკურატურის პირველი სამიზნე. 10 თებერვალს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი მთავარ სამხედრო პროკურატურაში დაიბარეს და რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ პირდაპირ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურორმა პაატა ჯახუტაშვილმა განაცხადა, სხვადასხვა დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ პროკურატურამ დავით ჩხეიძე სამი მუხლით ცნო ეჭვმიტანილად - სიყალბე, თაღლითობა და ქრთამის აღება.
დაიკითხება თუ არა გამოძიების მსვლელობისას საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე,ამის შესახებ სამართალდამცველები ჯერ არ საუბრობენ. მით უფრო, რომ ოთხშაბათს გენერალი ვალერი ჩხეიძე, პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, მოულოდნელად მოსკოვში გაფრინდა.
11 თებერვალს მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით თევზაძესაც მოუხდა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მსგავსად, ყოფილი ხელქვეითები დავით თევზაძეს და მის გარემოცვას გრანტებისა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. დავით თევზაძე ამ დარღვევების შესახებ ოთხშაბათს ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა შერაზადაშვილს, რომელიც ითხოვს, რომ ამ დარღვევათა ადრესატები პასუხისგებაში მიეცნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თევზაძემ დაადასტურა მის უწყებაში არსებული სამეურნეო და საფინანსო დარღვევები, თუმცა თავისი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ საუბარს ყოფილი მინისტრი დუმილს ამჯობინებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG