Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს თანამშრომლობას ნავთობპროექტებშიც სთავაზობს


მოსკოვში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიკური ურთიერთობებით დაინტერესება წარმოადგენდა.

სააკაშვილს თან ახლდა ქართველ ბიზნესმენთა საკმაოდ დიდი ჯგუფი. მათი პოტენციალით რუსეთის დაინტერესებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა მოსკოვს ისეთი ეკონომიკური თანამშრომლობაც შესთავაზა, რომელიც ქართული ბიზნესის მასშტაბებს სცილდება და დიდი პოლიტიკის საგანს წარმოადგენს. ლაპარაკია ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტზე.

რუსეთის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკიდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქეთის ქალაქ ჯეიჰანამდე ნავთობის ტრანსპორტირების იდეით ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის წინამორბედი ედუარდ შევარდნაძე გამოდიოდა. თუმცა მაშინ რუსეთის ხელისუფლებას დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენის იდეის მიმართ, ძირითადად, იმ ცნობილი და რთული პრობლემის გამო, რაც აფხაზეთის კონფლიქტთანაა დაკავშირებული. ესეც რომ არ იყოს, პროექტის რეალიზების შემდეგ რუსული ნავთობის ონკანი საქართველოს ხელში გადადის.

მიუხედავად ამ გარემოებებისა, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის დასადასტურებლად, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მოწოდებასთან ერთად, მოსკოვს ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი კვლავ შესთავაზა. ამის შესახებ სააკაშვილმა 10 თბერვალს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრისას გამოაცხადა. ეს განცხადება უყურადღებოდ არ დაუტოვებია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და მას ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისთანავე.

ამ დიპლომატიური ჟესტის უკან ის რეალობა დგას, რაც რუსეთს საქართველოს მიმართ აგრესიული სამხედრო პოლიტიკის შეცვლას უკარნახებს. ნავთობპროექტების ექსპერტმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ ჩემთან ინტერვიუში ჯერ კიდევ 2002 წელს განაცხადა, რომ ნოვოროსიისკი-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენის აშენებას რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს:

[ალექსანდრე თვალჭრელიძის ხმა] "ახლა ბოსფორის და დარდანელების სიმძლავრე 50 მილიონი ტონაა წელიწადში და 2007 წლისთვის ბისეკის ქვეყნებმა უკვე გადაწყვიტეს და 35 მილიონამდე დასწევენ. და რუსეთს უგროვდება 80-90 მილიონი ტონა ნოვოროსიისკში, რომელსაც ვერ გაიტანენ, რომელიც უნდა გადატვირთონ ტანკერებზე, შეიტანონ ვარნაში და კონსტანცაში და ამიტომ, თუ 21 დოლარზე დაბლა დავარდა ნავთობის ფასი, მათი ნავთობი არაკონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე. ამიტომ ამ ნავთობსადენის გაყვანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის."

თუმცა რუსეთს ჯერაც უჭირს ამ რეალობასთან შეგუება და საქართველოზე ზეწოლის ათასგვარ გზებს მიმართავს, რათა ნავთობსადენის ონკანის მაკონტროლებელ ქვეყანაზე ზეგავლენის ეკონომიკური ბერკეტები მოიპოვოს. პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, რუსეთი შეეცდება აფხაზეთის კონფლიქტი ისე მოაგვაროს, რომ მასზე კონტროლი არ დაკარგოს:

[ვახტანგ მაისაიას ხმა] "ამ შემთხვევაში ქართული მხარისთვის იქნება მორალური კომპენსაცია ის, რომ ის გარკვეულწილად მაინც გააკონტროლებს სიტუაციას აფხაზეთში ნავთობსადენთან დაკავშირებით. მეორე მომენტი ის არის, რომ აფხაზეთი შეიძლება შემოვიდეს თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსით. აქედან გამომდინარე, რუსეთი გამოიყენებს ეკონომიკურ და გეოეკონომიკურ საშულებებსაც."

ჯერჯერობით ამ პროგნოზის რეალიზების მხოლოდ კონტურები იკვეთება და რუსეთშიც კი უჭირთ იმის მტკიცება, ეკონომიკური პოლიტიკა იქნება რუსეთისთვის პრიორიტეტული საქართველოსთან მიმართებაში, თუ კვლავ სამხედრო-პოლიტიკური.
XS
SM
MD
LG