Accessibility links

logo-print

ფარაჯანოვის იუბილე - ყველგან, გარდა თბილისისა


თბილისელი კინორეჟისორის, ახლა უკვე კინოს კლასიკოსის, სერგო ფარაჯანოვის დაბადების 80 წლისთავს მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ: ევროპისა და ამერიკის

კინოთეატრებში ფარაჯანოვის ფილმების რეტროსპექტივები ეწყობა; მოსკოველმა კინემატოგრაფისტებმა 2004 წელი - "ფარაჯანოვის წელიწადად" გამოაცხადეს. მაგრამ საქართველოში ხელოვანი, რომელიც განუწყვეტლივ იმეორებდა, ეროვნებით მთაწმინდელი ვარო, ჯერჯერობით ერთხელ, ფარაჯანოვის დაბადების დღეს, 9 იანვარს, გაიხსენეს... ისიც, მხოლოდ მისმა ახლო მეგობრებმა. რამ განაპირობა ფარაჯანოვის იუბილესადმი ქართული საზოგადოების გულგრილობა?

რადიო "თავისუფლებამ" გენიალური ხელოვანის 80 წლის იუბილეს ყოველკვირეული პროგრამის, "ოქროს საუკუნის", ორი გადაცემა მიუძღვნა. 9 იანვარს იგი გაიხსენეს სერგო ფარაჯანოვის საზოგადოების წევრებმაც. ეს ორგანიზაცია რამდენიმე წლის წინ შეიქმნა თბილისში. მისი ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე მანანა ჭყონია იმედოვნებდა, მსოფლიოში ფარაჯანოვის ავტორიტეტი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ხელისუფლება და, საერთოდ, საზოგადოება დაინტერესებულიყო თბილისელი კინორეჟისორის მემკვიდრეობით, აღედგინა საქართველოში გადაღებული ფარაჯანოვის ფილმები... საზოგადოების წევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სახელმწიფო დაიბრუნებდა მთაწმინდაზე რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ ჩალის ფასად გაყიდულ ფარაჯანოვის ბინას, რომელიც თავის დროზე ხელოვნების მოყვარულების, დისიდენტების, უცხოელი კინემატოგრაფისტების, მხატვრების, მწერლების შეხვედრის ადგილი იყო... მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. პირიქით, საქართველოდან, ფაქტობრივად, ყველაფერი გაიტანეს, რაც ფარაჯანოვის მემკვიდრეობას შეადგენდა. ერევანში, სადაც დიდმა რეჟისორმა მხოლოდ ერთი ფილმი, "საიათნოვა", გადაიღო, ისიც - ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად, გაიხსნა ფარაჯანოვის მუზეუმი, სადაც სისტემატურად ტარდება დიდი ხელოვანისდამი მიძღვნილი საერთაშორისო სემინარები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტუროლოგები მსჯელობენ ფარაჯანოვის ფილმებზე, მათ შორის, საქართველოში გადაღებულ ფილმებზეც... საქართველო კი კვლავ განზე დგას.

ჩვენმა კინემატოგრაფისტებმა, 9 იანვარს თეატრალურ ინსტიტუტში მოწყობილ "ხსოვნის საღამოს" თუ არ ჩავთვლით, "გამოტოვეს" ფარაჯანოვის იუბილე. ჩვენთან საუბარში კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარემ არჩილ შუბაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ზეიმის ჩასატარებლად კავშირს ფული არა აქვს. თუმცა ხელისუფლების ნება რომ ყოფილიყო, ფარაჯანოვის იუბილე, ალბათ, აუცილებლად აღინიშნებოდა... ხელისუფლებას კი არა აქვს ნება გამოეხმაუროს იუბილეს ადამიანისა, რომელსაც საქართველოში უამრავი ოპონენტი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, "მტერი" ჰყავდა და ჰყავს კიდეც. მსოფლიო ამაყობს "ეროვნებით მთაწმინდელი" რეჟისორით, საქართველო კი ისევ ემიჯნება "სურამის ციხისა" და "აშუღ ყარიბის" ავტორს.
XS
SM
MD
LG