Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ეტაპი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში - ''კრივი, რომელიც ჭადრაკით შეიცვალა''


მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი ალექსეი

მალაშენკო მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს მოსკოვში "ეპოქალურსაც" კი უწოდებს, თუმცა ილუზიებისგან შორს არის და იმასაც აღნიშნავს, რომ მხოლოდ ვლადიმირ პუტინის მოხიბლვა არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, რადგან მალაშენკოს არ მიაჩნია, რომ ვლადიმირ პუტინი მთლიანად მართავს პოლიტიკურ ვითარებას რუსეთში.

ჩემი საუბარი მალაშენკოსთან სააკაშვილის ვიზიტის "ეპოქალურობის" განმარტებით დაიწყო. საქართველოს ახალი პრეზიდენტი ხომ ხშირად აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობას თავიდან იწყებს და, რომ ამ მხრივ წარსულის გამოცდილება მას არ ამძიმებს. რამდენად შესაძლებელია ეს პრაქტიკაში: ერთმა პრეზიდენტმა მეორეს უთხრას - გვეყოფა "დურაკას" თამაში და ახლა პრეფერანსზე გადავიდეთო. ალექსეი მალაშენკოს არ მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს ბანქოს თამაშის ცვლასთან:

[მალაშენკოს ხმა]
"არა, ეს არ იყო "დურაკას" თამაში. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კრივი, რომელიც ჭადრაკით შეიცვალა. აი, ასე. ისე, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ გამოთქმის - "ახალი ფურცლიდან დაწყება". ეს პირველად მგონი ბურჯანაძემ თქვა. ახალი ფურცლიდან დაწყება ძალიან იოლია, მაგრამ დაწყება იმ ძალიან ცუდი ვითარებიდან, რომელიც იყო (და ამის შესახებ ყოველთვის ყველას ეხსომება - როგორც თბილისში, ისე მოსკოვში), ძალიან ძნელია. და აქ ჯეროვნად უნდა დავაფასოთ სააკაშვილი იმისათვის, რომ მან პირველმა გაუწოდა ხელი რუსეთის პრეზიდენტს".

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრის მსვლელობისას ვლადიმირ პუტინი ადრინდელისგან განსხვავებულად მიუდგა ზოგიერთ საკითხს. რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მართლაც შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ჩემი მოსკოველი მოსაუბრე განმარტავს, რომ პუტინის სურვილი და მონდომება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი ამისათვის:

[მალაშენკოს ხმა]
"უპირველეს ყოვლისა, მე არ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სწორედ პუტინი მართავს ასი პროცენტით რუსეთს და ასი პროცენტით აკონტროლებს მის საგარეო პოლიტიკას. უდაოა, რომ ის განიცდის ზეწოლას როგორც სამხედრო, ასევე ნაციონალისტური ლობისგან და თავადაც არც ისეთი ლიბერალია, როგორადაც დროდადრო სურს თავის წარმოჩენა. ისიც საკმაოდ მკაცრი პიროვნებაა და მაინც მას ჰქონდა დაპირისპირება საქართველოსთან ურთიერთობის საკითხში. რადგან თუკი მოვუსმენთ უფრო მკაცრი პოლიტიკოსების, თუ შეიძლება ითქვას - "ქორების" გამოსვლებს, იქიდან გამოსჭვიოდა ზიზღი საქართველოს მიმართ. აქ არ შეიძლება არ ითქვას, რომ პუტინი გაცილებით თავშეკავებული იყო და ყოველთვის იტოვებდა მანევრირების შანსს".

ალექსეი მალაშენკოს სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლო პუტინის მოხიბლვა და მათ შორის მართლაც წარმოიშვა წმინდა ადამიანური ურთიერთნდობა, რაც მნიშვენლოვან როლს თამაშობს პოსტ-საბჭოთა სივრცეში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში. რუსი პოლიტოლოგი არ მალავს საკუთარ განწყობას საქართველოს ახალი პრეზიდენტის მიმართ და ასეთ რამესაც ამბობს:

[მალაშენკოს ხმა]
"მახსოვს არჩევნების წინ, როცა ასევე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ სააკაშვილზე (მას უწოდებდნენ როგორც "ქართველ ჟირინოვსკის", ასევე "მიშა-არმაგედონს" და ა.შ. მაშინ ძალიან საინტერესო მეტსახელები გაისმოდა მისი მისამართით), ძალიან საინტერესო იყო იმის წარმოდგენა, როგორ მოიქცეოდა ადამიანი, რომელიც ოპოზიციაში ყოფნისას მართლაც ბევრის უფლებას აძლევდა თავს (სიტყვიერი თვალსაზრისით), როდესაც ის გახდებოდა ოფიციალური პოლიტიკოსი, ხელისუფლების სათავეში მყოფი ადამიანი. და მართლაც, მოხდა მეტამორფოზა, ანუ ადამიანმა მართლაც გაიაზრა, თუ რა ადგილი დაიკავა და ის, თუ რა როლის შესრულება შეუძლია თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ ეს ტრანსფორმაცია პატივისცემას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ახალგაზრდა - სულ რაღაც 36 წლისაა, ეს სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია და მიმაჩნია, რომ ასეთივე შთაბეჭდილება დარჩა მასთან ურთიერთობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტსაც".

მალაშენკოს აზრით, სააკაშვილის ვიზიტისას ბევრი ეპიზოდი იყო, რომელიც ყურადღებას იმსახურებს - თუნდაც იმის ხაზგასმა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა. რუსი პოლიტოლოგი თვლის, რომ ამას აღარ ჰქონდა "უმცროსი" და "უფროსი" ძმის დატვირთვა როგორც ადრე, არამედ ერთგვარი ინტიმურობა შესძინა ორი ქვეყნის ლიდერთა ურთიერთობას. და კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ასევე აღნიშვნის ღირსად ჩათვალა ალექსეი მალაშენკომ - მიხეილ სააკაშვილმა 11 თებერვალს "იტარ-ტასში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას მას არ ჰქონდა პასუხი იქ წამოჭრილ ყველა საკითხზე. ამაზე ჩემი მოსაუბრე რუსი ექსპერტი ამბობს:

[მალაშენკოს ხმა]
"ისიც, რომ ის აღიარებს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი არ გააჩნია და აღიარებს, რომ მზად არის წავიდეს დათმობებზე და მიდის კიდეც... არა მგონია არაგულწრფელი იყოს. მე არც ფიზიონომისტი ვარ და არც ფსიქოლოგი, მაგრამ ის, რაც ხდება საქართველოში და სააკაშვილის ასეთი საქციელიც ნდობას იმსახურებს".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG