Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ბუში მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგია


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა

- ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთოს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება. ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლისას ბუშმა თქვა, რომ ის, რაც დღეს კეთდება ამ მიმართულებით არაა საკმარისი, ვინაიდან კვლავაც გრძელდება ხსენებული იარაღითა და მათი წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიით არალეგალური ვაჭრობა.


[ჯორჯ ბუშის ხმა]: "ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური თუ ბირთვული იარაღით საიდუმლო და მოულოდნელი თავდასხმის შესაძლებლობაა ის უდიდესი საფრთხე, რასაც კაცობრიობა დაუპირისპირდა დღეს", -განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

მისივე თქმით, უკანასკნელმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ გაუვრცელებლობის მოქმედი განაწესი, რასაც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება განსაზღვრავს, უკვე აღარაა საკმარისი [ჯორჯ ბუშის ხმა]: "სულ უფრო ადვილდება ამ საზარელი იარაღის შეძენა, შექმნა, დამალვა და ტრანსპორტირება. ერთი ამპულა ბიოლოგიური საწამლავის, ან ერთი ბირთვული იარაღის მქონე ფანატიკოსთა მცირერიცხოვან ჯგუფებსა თუ არასაიმედო რეჟიმებს შეუძლიათ დიდ სახელმწიფოებს, მსოფლიოში მშვიდობას შეუქმნან საფრთხე".

თავის გამოსვლაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოიხსენია პაკისტანის ბირთვული პროგრამის მამამრთავრის, აბდულ ქადირ ხანის მიერ ამასწინანდელ აღიარებას, რომ პაკისტანელმა მეცნიერებმა აკრძალული ტექნოლოგია ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და ლიბიას მიჰყიდეს. ქადირ ხანის აღიარებამ, როგორც ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, ცხადჰყო, რომ ხდება ბირთვული კომპონენტებით საერთაშორისო ვაჭრობა, რასაც წერტილი უნდა დაესვას, რათა ტერორისტების ხელში არ აღმოჩნდეს ეს სახიფათო იარაღი.

ჯორჯ ბუშმა წამოაყენა 7 ძირითადი ინიციატივა, რაც ამჟამად მოქმედი ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების განმტკიცებას ითვალისწინებს; ხელშეკრულებისა, რომელიც 1970 წელს დაიდო და მას შემდეგ არეგულირებს ბირთვული ტექნოლოგიით ვაჭრობასა და საერთაშორისო გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პრეზიდენტი ბუში გამოვიდა მოწოდებით, რომ მნიშვნელოვნად გაფართოვდეს საერთაშორისო დონეზე სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა სამხედრო და სამართალდამცავ ორგანიზაციებს შორის, რათა დაიხუროს არალეგალური ლაბორატორიები, გაყინულ იქნეს ამგვარ ლაბორატორიებში მომუშავე მეცნიერთა ანაბრები და გაადვილდეს ამ ადამიანთა შეპყრობა.

ჯორჯ ბუშმა წამოაყენა წინადადება, რომ სამოქალაქო დანიშნულების ბირთვული პროგრამებისათვის საჭირო აღჭურვილობის იმპორტირების უფლება მიეცეს მხოლოდ იმ ქვეყნებს, ვინც ხელს მოაწერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამატებით ოქმს, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებს აძლევს უფლებას - წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმონ ამ ქვეყნებში, როცა კი მოესურვებათ, ნებისმიერი ბირთვული ობიექტი.

ჯორჯ ბუშმა თხოვნით მიმართა ამასთანავე ეგრედ წოდებულ "ბირთვული აღჭურვილობის მომმარაგებელ ჯგუფს", რომელშიც 40 სახელმწფოა გაერთიანებული, არ მიჰყიდონ ურანის გამდიდრებისა და პლუტონიუმის გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა იმ ქვეყნებს, რომლებიც ჯერ არ ფლობენ ამგვარ ტექნოლოგიას.
XS
SM
MD
LG