Accessibility links

პარლამენტის ახალი რეგლამენტი კანონმდებელთა უდისციპლინობის შესაზღუდავად


საქართველოს 1999 წლის მოწვევის პარლამენტი, რომელიც საყოველთაო შეფასებით, დეპუტატთა დისციპლინის მხრივ, დიდად არ გამოირჩეოდა, მომავალი პარლამენტისთვის მუშაობის

გასაიოლებლად ახალი რეგლამენტის დამტკიცებას აპირებს. ფრაქცია "ბურჯანაძე-დემოკრატების" მიერ შემუშავებული პროექტი, რომელიც ხუთშაბათს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა განიხილა, საპარლამენტო კომიტეტების, პარლამენტის სპიკერის მოადგილეების რაოდენობის შემცირებასა და შრომითი დისციპლინის დამრღვევი დეპუტატებისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ამასთან, დეპუტატები, ახალი რეგლამენტით, საბიუჯეტო თანხების გამოთავისუფლებასაც ფიქრობენ.

როცა საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათს, პირველი მოსმენით, ახალი რეგლამენტის კანონპროექტს იხილავდა, დარბაზში სულ რაღაც 100-მდე დეპუტატი იმყოფებოდა და კვორუმისათვის საჭირო რაოდენობის, 150 კანონმდებლის, მოგროვება მხოლოდ დღის ბოლოსთვის მოხერხდა. არცთუ იშვიათად, როცა ამა თუ იმ კანონპროექტის მისაღებად მომხრე დეპუტატთა რაოდენობა საკმარისი არ არის, პარლამენტის ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავს სხვათა პულტებით მანიპულირებაზე. მაგრამ საქართველოს ახალ ხელისუფლებას აღარ სურს, რომ 28 მარტს არჩეულ პარლამენტში ასეთი ტრადიცია გაგრძელდეს. შესაბამისად, ახალი რეგლამენტის კანონი, რომლის მიღებაც ძველი მოწვევის პარლამენტს ევალება, პარლამენტარ ვალერი გელბახიანის თქმით, უდისციპლინო დეპუტატების მიმართ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, მაგრამ არა ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტირების შემთხვევაში, რაც საპარლამენტო ბრძოლის მიღებული ფორმაა:

[ვალერი გელბახიანის ხმა] "ეს პრაქტიკა უნდა მოისპოს პარლამენტის ცხოვრებაში. ჯარიმებია ერთი თვის, ორი თვის, სამი თვის[ხელფასის დაკავება]... მაგრამ ეს ეხება კომიტეტის სხდომების გაცდენას. რაც შეეხება პლენარულ სხდომებს, ეს არის უმრავლესობის პრობლემა. ოპოზიციას კი უნდა მიეცეს უფლება სხდომების ბოიკოტირებისა და პროტესტის შესაძლებლობაც."

რეგლამენტის შესახებ ახალ კანონპროექტში, რომელიც, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო პარლამენტმა, მცირდება სპიკერატისა და საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობა. კერძოდ, ერთიანდება იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები, ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტები, აგრეთვე აგრარული და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომიტეტები, თუმცა პარლამენტში ერთი ახალი - ევროპული ინტეგრაციის -კომიტეტი შეიქმნება. პარლამენტარი ნიკო ლეკიშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილება აუცილებელია: ამდენი თანამდებობა მსოფლიოს არც ერთ პარლამენტში არ არსებობს:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] " მე მგონი, მე ვარ და ერთი-ორი კაცი, ვისაც პარლამენტში თანამდებობა არა აქვს. დანარჩენი კი ყველანი არიან ან ვიცე-სპიკერები, ან კომიტეტის, ქვეკომიტეტის თუ ფრაქციების თავმჯდომარეები. ეს უნდა დამთავრდეს საქართველოში. უნდა იყოს მობილური, შემცირებული რაოდენობა ქვეკომიტეტებისა. ის უნდა ეთანადებოდეს იმ სიტუაციას, რაც ახლა მთავრობაში ხორციელდება."

დეპუტატები ხუთშაბათს კიდევ ერთი ახალი ნოვაციის შესახებ მსჯელობდნენ: პარლამენტისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით, დაწესდება გარკვეული კვოტა ფრაქციებისათვის, რათა ფრაქციების წევრები არ იყვნენ დამოკიდებულნი აპარატის უფროსზე, თუ როდის შეიძინონ საკანცელარიო ნივთები და როდის გაუშვან დეპუტატი მივლინებაში. მაგრამ ახალი რეგლამენტის დებულებებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს არ გახსენებიათ მთავარი კითხვა, რომელსაც 2 ნოემბრის რეფერენდუმზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი და რაც, არჩევენების შედეგების გაუქმებასთან ერთად, მივიწყებას მიეცა: სჭრიდება თუ არა საქართველოს 235 კაციანი პარლამენტი?
XS
SM
MD
LG