Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პრინციპით შეირჩნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები


ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესი და შეშფოთებაც კი გამოიწვია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ზურაბ ჟვანიას მიერ მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატთა დასახელებამ.

ეს იმიტომ, რომ დასახელებულ კანდიდატთა მნიშვნელოვან ნაწილს არც პოლიტიკურ ასპარეზზე და არც პროფესიონალთა წრეში არავინ იცნობს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ერთი ნაწილი მინისტრთა კაბინეტს "სოროსის მინისტრთა კაბინეტსაც" კი უწოდებს, რადგან კაბინეტის რამდენიმე წევრი "სოროსის ფონდის" თანამშრომელია. რა პრინციპით მოხდა მინისტრობის კანდიდატთა შერჩევა?

მათ შორის, ვისაც სახელმწიფო მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ჟვანიამ საკუთარ გუნდში მუშაობა შესთავაზა, მართლაც, არიან პირები, რომლებიც ან ამჟამად თანამშრომლობენ "ღია საზოგადოება - საქართველოს" - სოროსის ფონდში, ან კიდევ ამ ფონდში ადრე მუშაობდნენ. მათ შორის, მაგალითად, განათლების მინისტრობის კანდიდატად დასახელებული კახა ლომაია სოროსის ფონდის დირექტორია. სოროსის ფონდში მოღვაწეობდა გოკა გაბაშვილიც, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობა შესთავაზეს. ასევეა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გიორგი პაპუაშვილი და ასე შემდეგ. კითხვით - მართლაც, ეს ფაქტორი იყო თუ არა განმსაზღვრელი მინისტრობის კანდიდატთა შერჩევისას, მე ჟვანია-ბურჯანაძის თანაგუნდელს, პარლამენტარ ვასილ მაღლაფერიძეს მივმართე.

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] "ეს არის პრემიერ-მინისტრის გუნდი და ის ამას აკომპლექტებს იმის მიხედვით, ვისაც ენდობა როგორც პროფესიონალს, როგორც ადამიანს და ვისთან ერთადაც უნდა შეასრულოს ის დასახული ამოცანები, რაც დგას მის წინაშე და ქვეყნის წინაშე. ეს არის, მე მგონი, ერთადერთი პრიორიტეტი."

მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე საუბრობს ოპოზიციონერი პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძეც:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ალბათ, უფრო მაინც, პირველ რიგში, მე ვფიქრობ, პოლიტიკური კუთხით, ანუ პოლიტიკური ერთგულების თუ თანადგომის... იქ არიან პიროვნებები, რომელთა პროფესიონალიზმზე მე, უბრალოდ, ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ, საერთოდ, არ ვიცნობ. მე მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დავუჭერ, ამ შემადგენლობის დამტკიცებას."

საკონსტიტუციო ცვლილებებამდე საქართველოს პარლამენტი მინისტრობის კანდიდატებს სათითაოდ უყრიდა კენჭს და თითოეული მათგანი ვალდებული იყო პარლამენტისთვის საპროგრამო სიტყვითაც კი მიემართა. შესაბამისად, კანონმდებლებს საშუალება ჰქონდათ ამა თუ იმ კანდიდატის პროფესიონალიზმზე და ადამიანურ თვისებებზეც კი ემსჯელათ. მინისტრთა კაბინეტის ინსტიტუტის დაწესების შემდეგ კი მინისტრთა მთელ გუნდს პრემიერ-მინისტრი წარუდგენს პარლამენტს და საკანონმდებლო ორგანო ერთად განიხილავს წარმოდგენილი კაბინეტის შემადგენლობას.

12 თებერვალს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ჟვანია მთელი დღის მანძილზე კონსულტაციებს მართავდა მინისტრობის შესაძლო კანდიდატებთან. დანაპირების მიხედვით, პარლამენტში კაბინეტს ის 13-14 თებერვლისთვის წარადგენს და მომავალი კვირის დასაწყისიდან მინისტრთა კაბინეტი მუშაობას შეუდგება. ამ გეგმის განხორციელებას წინ არაფერი დაუდგება, თუ, რა თქმა უნდა, ზურაბ ჟვანიამ ყველა კანდიდატის დაყოლიება შეძლო. როგორც ცნობილია, 11 თებერვალს რამდენიმე კანდიდატმა მინისტრის პოსტზე უარი განაცხადა.
XS
SM
MD
LG