Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის აფხაზური პოლიტიკის კონტურები


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა არა მისი პრეზიდენტობის, არამედ მისი ცხოვრების მიზანია.

მოხდა ისე, რომ აფხაზეთის თემაზე ყველაზე ვრცელი გამოსვლა პრეზიდენტ სააკაშვილს მოსკოვში ვიზიტის დროს ჰქონდა, რადიოსადგურ "ეხო მოსკვი"-ში ინტერვიუირებისას. ეს იყო კონფლიქტის შესახებ სააკაშვილის წარმოთქმული, ალბათ, ყველაზე სისტემური სიტყვა.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართება აფხაზეთის პრობლემისადმი და მისი გადაწყვეტის საშუალებათა მონიშვნა ბუნებრივად აჩენს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის აფხაზურ პოლიტიკასთან შედარების სურვილს. პირველი, რაც შევარდნაძის პოლიტიკის აღწერისას შეიძლება გაგახსენდეს, მისი ოპონენტების კრიტიკაა: წინა პრეზიდენტი ისე ჩამოსცილდა საქმიანობას, ჩამოყალიბებული, მოქალაქეთათვის გასაგები პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ არა ჰქონია. შევარდნაძე ხშირად აპელირებდა საერთაშორისო შეთანხმებებზე, ბოლო დროს აკრიტიკებდა გაეროს თავისი რეზოლუციების შეუსრულებლობისათვის, მაგრამ თვითონ ძალიან იშვიათად ელაპარაკებოდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერებს. სააკაშვილი ბევრ მიდგომაში ტრადიციულია: შევარდნაძის კვალად, ის აღიარებს, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია. სამაგიეროდ, შევარდნაძისაგან განსხვავებით, პრეზიდენტის რანგში რუსეთში პირველივე ვიზიტის დროს აცხადებს, რომ კონფლიქტში მონაწილეობდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები და ამან შექმნა ეთნიკური კონფლიქტი. ჩვენდა სამარცხვინოდ, ეს იყო საერთო, ქართულ-რუსული ომი - ამბობს პრეზიდენტი. სააკაშვილი ტრადიციულია, როცა ლაპარაკობს აფხაზეთისთვის უფართოესი ავტონომიის მინიჭების შესახებ, მაგრამ ნოვატორია ქართველებსა და აფხაზებს შორის კავშირთა მოწესრიგების ხაზგასმისას. პრობლემის წმინდა სამხედრო გადაწყვეტას ვერ ვხედავ, დასძენს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს 100 ათასიანი კარგად შეიარაღებული ჯარი რომც ჰყავდეს, სამხედრო საშუალებებით გადაწყვეტა ყველაზე უარესი ალტერნატივაა. სააკაშვილის აზრით, ევროკავშირის და გაეროს მონაწილეობის მიუხედავად, კონფლიქტის მოგვარებაში მთავარი მაინც აფხაზებისა და ქართველების აქტიური მონაწილეობაა, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკა უნდა ახლდეს. აქ საქართველოს პრეზიდენტი მიანიშნებს რუსეთის აქამდელ ნეგატიურ როლსაც, როცა ამბობს, რომ ყოველივე ამას, რუსეთის, მინიმუმ, ნეიტრალური დამოკიდებულება სჭირდება. მიხეილ სააკაშვილი აკრიტიკებს სამშვიდობო ძალებსაც და აცხადებს, რომ, კონფლიქტის ზონაში ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის უფრო აქტიურად დაცვის ნაცვლად, სამშვიდობო ძალები, მათი ხელმძღვანელობის სახით, ჩართულნი არიან კონტრაბანდაში, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში, სხვადასხვა არალეგალურ ოპერაციაში. პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკა არ უნდა კეთდებოდეს სამშვიდობო ძალების გენერლებისა და პოლკოვნიკების დონეზე და აქ ხდება, ალბათ, ყველაზე ტრადიციული: საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ იმედს ამყარებს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაზე, ამ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელსაც უაღრესად პრაგმატულ და ფხიზელ პოლიტიკოსს უწოდებს და გამოთქვამს რწმენას, რომ სწორედ პუტინი იპოვის აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის მართებულ გზას.
XS
SM
MD
LG