Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამართლიანი არჩევნები" 28 მარტის არჩევნებს დააკვირდება


"სამართლიანი არჩევნები" - ორგანიზაცია, რომელსაც 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო და 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის დიდი გამოცდილება დაუგროვდა,

28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

იმას, რომ "სამართლიანი არჩევნები" ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და კომპეტენტური სადამკვირვებლო ფონდია, თავად ამ ორგანიზაციის ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ. შთამბეჭდავია "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზაციული სტრუქტურაც, რომელიც ცენტრალური, თბილისის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, აჭარის რეგიონალური და რაიონული ოფისებისაგან შედგება. არავინ დავობს "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთა პრინციპულობასა და სამართლიანობაზეც. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების" ინსტიტუტის თანამშრომელს სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ ნოემბრის მოვლენების განვითარებაში გადამწყვეტი როლი, სწორედ რომ, "სამართლიანმა არჩევნებმა" ითამაშა:

[სოზარ სუბარის ხმა] "რომ არ ყოფილიყო "სამართლიანი არჩევნები", ღრმად ვარ დარწმუნებული, რევოლუცია არ მოხდებოდა. "სამართლიანმა არჩევნებმა" იმუშავა პატიოსნად, გააკეთა თავისი საქმე - დააფიქსირა, რამდენი კაცი მივიდა და ვინ ვის მისცა ხმა; შექმნა საზოგადოებრივი აზრი, რაც ისედაც ყველამ იცოდა, მაგრამ ამას მისცა დასაბუთება, რომ: ხალხნო, ჩვენ არჩევანს მართლა თავზე გვახევენ!" (სტილი დაცულია)

"სამართლიანი არჩევნები" არანაკლები სირიოზულობით ემზადება მოახლოებული, 28 მარტის, საპარლამენტო არჩევნებისათვის. ორგანიზაციამ სასტუმრო "მარიოტში" საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია მოაწყო. ზაზა დარასელია, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებს, რომ იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, გარდამავალ პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

[ზაზა დარასელიას ხმა] "ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ჩატარდება 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები, ანუ რამდენად გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული იქნება თვითონ საარჩევნო პროცესი."

იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი დემოკრატიული და გამჭვირვალე იყოს, "სამართლიანი არჩევნების" მიერ მომზადებული სამი ათასი მოხალისე საარჩევნო პროცესს თითქმის ყველა უბანზე დააკვირდება. ორგანიზაციის მესვეურები, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც არჩევნებზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელება ყოველთვის ჭირდა. "სამართლიანი არჩევნების" აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

[მირანდა ჩარკვიანის ხმა] "ფონდი "სამართლიანი არჩევნები" გეგმავს 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე აჭარის რეგიონში მაღალკვალიფიცირებული დამკვირვებლების მივლინებას და სრული საარჩევნო მონიტორინგის განხორციელებას." (სტილი დაცულია)

ზაზა დარასელია ამბობს, რომ "სამართლიანი არჩევნები" 28 მარტს წინა არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებას გაითვალისწინებს და

[ზაზა დარასელიას ხმა] "ტრადიციულად დააკვირდება საარჩევნო მონიტორინგს, საარჩევნო დღის მონიტორინგს ჩაატარებს, კენჭისყრის პროცედურის მონიტორინგს, ხმების დათვლის პროცესის მონიტორინგს; მიღებული შედეგების შეჯამების პროცედურის მონიტორინგი ჩატარდება, დაფიქსირებული დარღვევები გასაჩივრდება, არჩევნების შემდეგ საარჩევნო დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირება ასევე განხორციელდება."(სტილი დაცულია)

"სამართლიანი არჩევნები" არც, ეგრეთ წოდებულ, "პარალელურ დათვლაზე" აპირებს უარის თქმას. ზაზა დარასელიას თქმით, ორგანიზაცია პარალელური დათვლის შედეგებს არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს,29 მარტს, გამოაქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG