Accessibility links

logo-print

რუსეთის ბაზების "წყალობით", სავალუტო რეზერვი 5 მლნ. დოლარით შეივსო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული წლის ბოლოს, როგორც იქნა, მოგვარდა საქართველოში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზების მოსამსახურეთათვის ხელფასების ქართულ ლარში გაცემის პრობლემა.

წლობით გაჭიანურებული მოლაპარაკება გასულ წელს წარმატებით დასრულდა, რამაც გზა გაუხსნა ეროვნულ ვალუტას იმ რეგიონებში, სადაც ლარის პოზიციები საკმაოდ შერყეული იყო. ამის შედეგად, ქვეყნის სავალუტო რეზერვს 5 მილიონი აშშ დოლარი შეემატა. როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება და რა ეფექტი მოჰყვება ამ ოპერაციას ქართული ეკონომიკისათვის?

საქართველოში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზები, პოლიტიკურ პრობლემასთან ერთად, წლების განმავლობაში სერიოზულ ეკონომიკურ სიძნელეებსაც უქმნიდა ქვეყანას. რუსი სამხედრო მოსამსახურეები და ბაზებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები ხელფასს რუსულ რუბლში ე.წ. საველე ბანკების მეშვეობით იღებდნენ. ამის გამო იმ რეგიონებში, სადაც ეს ბაზები იყო დისლოცირებული, ქართული ეროვნული ვალუტის პოზიციები მეტისმეტად მყიფე იყო. ამ მხრივ, განსაკუთრებულ პრობლემას ახალქალაქის რაიონი წარმოადგენდა, სადაც გადახდის ძირითად საშუალებად რუსული რუბლი ითვლებოდა. ამასთან, რუსი სამხედროები ქართულ მხარეს არ აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ რა ოდენობის ფულის მასა მიეწოდებოდათ საველე ბანკების მეშვეობით.

რუსულ მხარესთან გაჭიანურებული მრავალწლიანი მოლაპარაკება ხელფასების ლარში გადახდის თაობაზე გასულ წელს წარმატებით დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, თუმცა გასულ წლამდე ეს მცდელობები უშედეგო იყო. მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასა და ამ პროცესს შემდეგნაირად ხსნის და აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე:

[ირაკლი მანაგაძის ხმა] "შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს ხელს შეუწყობს ლარის დამკვიდრებას საზღვრისპირა რეგიონში. არ შემიძლია არ აღვნიშნო რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის იგნატიევის ძალიან კონსტრუქციული მიდგომა. შარშან, იგნატიევთან ჩემი შეხვედრის დროს, ვთხოვე მას, რომ გარკვეული როლი ეთამაშა ამ საკითხის დარეგულირებაში. ამას უკვე მოჰყვა მოლაპარაკებები ეროვნულ ბანკსა და რუსეთის ცენტრალურ ბანკს შორის, რის შედეგადაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და საკითხი სამართლებრივად დარეგულირდა. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი გავიდა. რუსეთის სამხედრო უწყებასა და მთავრობასთან ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო და აქაც, რუსეთის ცენტრალურ ბანკთან მრავალგზის კონტაქტის შემდეგ, მათ დააყენეს ხელშეკრულების რეალიზაციის აუცილებლობის საკითხი რუსეთის მთავრობასა და თავდაცვის სამინისტროსთან. საკმაოდ სიმბოლურია, რომ ნოემბერში ეს პროცესი დაიწყო და, იქიდან მოყოლებული, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები ხელფასს ლარში ღებულობენ. ეს მნიშვნელოვანია ლარის არეალის გაფართოების მხრივაც და იმითაც, რომ გადმორიცხული თანხებით ხდება საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსება."

გასული წლის ნოემბრის შემდეგ შეთანხმებული მექანიზმი პრაქტიკულად ამოქმედდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთათვის უკვე გაცემული ხელფასების მოცულობა ლარებში, დაახლოებით, 5 მლნ დოლარის ეკვივალენტურია. შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვის ზრდაც ამ ოდენობით მოხდა. რეზერვების ზრდასთან ერთად, ამ ოპერაციით ლარმა საგრძნობლად გაიმყარა პოზიციები საზღვრისპირა რეგიონებში, რაც, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი მოვლენაა.
XS
SM
MD
LG