Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადონას წიგნები ქართულად


ქართულ წიგნის ბაზარზე რევოლუცია მოეწყო - თბილისში ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, სკანდალური მადონას, ქართულად ნათარგმნი წიგნები იყიდება. ჩვენი გამომცემლები ჯერ ვერ ბედავენ მადონას

პირველი წიგნის "სექსის" თარგმნას, მაგრამ მალხაზ ხარბედიამ გამოსცა მადონას ორი წიგნი - "ინგლისური ვარდები" და "მისტერ ჰიბოდის ვაშლები". ქართულად თარგმნილ მადონას ზღაპრებს ჩვენში უფრო მოზრდილები კითხულობენ, ვიდრე ბავშვები.

ჯერჯერობით უფრო მოზრდილები კითხულობენ... უფრო სწორად, ჯერ მოზრდილები კითხულობენ, რათა, ღმერთმა დაიფაროს, ბავშვებისთვის განკუთვნილ ამ მშვენიერ ზღაპრებში მადონასთვის ჩვეული "ოინები", რაიმე ქვეტექსტი არ აღმოაჩინონ... მერე კი ზოგი ამ ზღაპრებს უკითხავს პატარებს, ზოგი კი მაინც ფრთხილობს... უფრო მეტად ის ფრთხილობს, ვინც მადონას ბიოგრაფია იცის კარგად, ეშინია ეგრეთ წოდებული "კაბალას დოქტრინის", მისტიკური მოძღვრების, რომლითაც ბოლო დროს დაინტერესდა პოპ-ვარსკვლავი და რომლის გავლენას განსაკუთრებით "მისტერ ჰიბოდის ვაშლებში" ხედავენ... იმისთვის კი, ვინც ეს არ იცის ან ვისაც არ ეშინია, ბიძინა მაყაშვილისა და აკა მორჩილაძის მიერ ბრწყინვალედ თარგმნილი ზღაპრები სიკეთისა და სიყვარულის დაუვიწყარი სახე ხდება... რა არის საშიში იმაში, რომ ბავშვმა იცოდეს - ნეტარნი არიან დევნილები და შეურაცხყოფილნი... მსგავსად "მისტერ ჰიბოდის ვაშლების" გმირისა, რომელმაც, ბოროტი ხალხის დევნის მიუხედავად, ღირსება შეინარჩუნა.

მადონა, რომელიც დღეს ოჯახის დედის როლს თამაშობს, ასაკთან ერთად, ცდილობს "ახალ ასტრიდ ლინდგრენად" მოგვევლინოს. თუმცა ამისათვის ჯერ ნიჭი არ ყოფნის და კვლავაც ვერ ელევა მასკულტურის კლიშეებს. მაგრამ ქართველი მკითხველისთვის დღეს ეს არ უნდა იყოს მთავარი... საბავშვო წიგნებში ჩვენ არჩევანი, ფაქტობრივად, არა გვაქვს. მით უმეტეს, იშვიათია კარგად გაფორმებული წიგნი, ამ შემთხვევაში - ლორენ ლონგის მიერ დასურათებული ზღაპრები... ცოტა ძვირი (მადონას ორივე წიგნი ერთად მკითხველს 30 ლარი დაუჯდება), მაგრამ ნამდვილი "სურათებიანი ალბომი" - სწორედ ის ფუფუნება, რომელსაც ქართველი ბავშვები მოკლებულნი არიან.

ვერ გეტყვით, გაბედავდნენ თუ არა მადონას ზღაპრების გამომცემელი მალხაზ ხარბედია და რედაქტორი მათე კრავეიშვილი ამ წიგნების დაბეჭდვას რევოლუციამდელ საქართველოში, როცა განსაკუთრებით აქტიურობდნენ ეროვნული იდეოლოგიის ეგრეთ წოდებული დამცველები... დღეს წიგნის იმ მაღაზიებს, რომელშიც სექს-სიმბოლოს საბავშვო წიგნებს ყიდიან, არავინ არბევს... ან ვეღარ ბედავს, ან არ არის გამორიცხული, რომ თავადაც მოხიბლულია მადონას წიგნებით... ამ ხალხსაც ხომ ჰქონდა ოდესღაც თავისი ბავშვობა, ამ ხალხსაც ხომ სჯეროდა სიკეთის და სიყვარულის.
მადონასავით სჯეროდა.
სხვათა შორის, აპრილში მადონა თავისი მესამე საბავშვო წიგნის პრეზენტაციას აპირებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG