Accessibility links

logo-print

დასრულდა რუსეთში ლიბერალიზაცია კულტურის სფეროში?


დასრულდა თუ არა რუსეთში ლიბერალიზაციის პერიოდი,

რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა? ამის ნიშნებს ამ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტს ნახავთ. ამას გრძნობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, მაგრამ სწავლულთა და ხელოვანთა ერთი ნაწილი მზად არის გაბატონებულ ძალას ემსახუროს. მეორე ნაწილს კი შინაგანი ემიგრაციის ახალი სტადია დაუდგება. დღეს "უხილავ ფარდაში" ამ პრობლემაზე ვილაპარაკებთ. გასარკვევია ის, რას მოიგებს რუსეთის კულტურა, თუკი მას სახელმწიფო განაგებს. საინტერესოა ისიც, თუკი აღორძინდა კულტურული ურთიერთობა, რასაც მოელიან საქართველოში, ვისთან მოუწევს საქართველოს ხელოვანთ ურთიერთობა - კულტურულ დისიდენტებთან, პუტინთან შეხმატკბილებულ მეცნიერებთან და მწერლებთან, თუ ახალი ურთიერთობა ძველის საფუძველზე განმტკიცდება. ჩვენს პროგრამაში მონაწილეობს რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის მოსკოველი თანმშრომელი, კულტურის პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი, ელენა ფანაილოვა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით მოსკოვში.
რუსეთში ანტილიბერალისტური განწყობილების დამადასტურებელია მოსკოვში, სახაროვის ცენტრში, მოწყობილი გამოფენის - "ფრთხილად, რელიგია" გახმაურებული დარბევა, რომელიც რადიკალმა ორთოდოქსებმა განახორციელეს. თავდამსხმელებმა გაანადგურეს ექსპონატების ნაწილი და დაარბიეს გამოფენა. ამის შემდეგ შეიქმნა ხელოვანთა, სახელმწიფო მოხელეთა და ეკლესიის მესვეურთა ფრონტი, რომლის მოთხოვნებმა განმანათლებლობის მიმართ მტრობის ზღვარსაც გადააჭარბა. ანტილიბერალურად განწყობილი ინტელექტუალები - მათ შორის, საქართველოში კარგად ცნობილი ნიკიტა მიხალკოვი - კოკა კოლას სარეკლამო პლაკატზე იესოს გამოსახულებას - ასევე სხვა ექსპონატებს - რუსი ერისა და მათი მამების რწმენის შეურაცხყოფად მიიჩნევენ. ელენე ფანაილოვას მოუსმინეთ: [ფანაილოვას ხმა] " ჩვენს თვალწინ, ჩანს, ჩატარდება პროცესი თანამედროვე ხელოვნების გამოფენის - "ფრთხილად, რელიგია" ორგანიზატორთა წინააღმდეგ. ის შარშან დაარბია იმ ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ მართლმადიდებლები არიან. ახალგაზრდები დააკავეს, მაგრამ შემდეგ გაუშვეს. გამოფენის ორგანიზატორების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ვითომ რელიგიური შუღლის გაჩაღებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო. რომელ რელიგიურ გრძნობებზეა ლაპარაკი, როცა გამოფენა სრულიად საერო სივრცეში ჩატარდა."
ფანაილოვას მიაჩნია, რომ თუკი, მართლაც, ვინმე შეურაცხყოფილი იქნა, დარბევა მაინც დაუშვებელია. მისივე თქმით, გაირკვა, რომ ეს რუსეთის ეკლესიის წაქეზებით ეწყობა. ჩვენი დღევანელი სტუმარი ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოება ნეოკონსერვატიზმის გზას ადგას:
[ფანაილოვას ხმა] "შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნეოკონსერვატიულ ტენდენციაზე სახელმწიფოსა და კულტურის, საზოგადოებისა და კულტურის წარმომადგენელთა ურთიერთობაში. ის სასამართლო პროცესები, რომლებიც შარშან მწერლების წინააღმდეგ დაიწყო, აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოება ფუნდამენტალისტური ხდება, თანამედროვე რუსეთის საზოგადოება ფუნდამენტალისტური ხდება." ჩვენი თანამოსაუბრე ასახელებს მწერლებს, რომლებსაც სასამართლო მოუწყვეს რუსეთში იმის გამო, რომ მათი ხელოვნება მიუღებელია გარკვეული წრეებისთვის. ფანაილოვას თქმით, ბრალდებები იმდენად უსაფუძვლოა, რომ სასაცილოც კია მათზე ლაპარაკი. ჩვენმა მოსკოველმა კოლეგამ იცის, ვისი ინიციატივით მოეწყო ერთ-ერთი მწერლის, ვლადიმირ საროკინის, პროცესი:
[ფანაილოვას ხმა] "საროკინის მიმართ საქმე აღიძრა ახალგაზრდული მოძრაობის, "ერთად მავალნის", ინიციატივით. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად ხელოვნური მოძრაობაა, პროპუტინისტური, რასაც ეს ახალგაზრდები არც მალავენ. ისინი პროპაგანდას უწევენ თავიანთ სურვილს თუ ფაქტს, რომ კრემლს ეკუთვნიან." ფანაილოვას თქმით, როცა საზოგადოება სასამართლოს უწყობს თავის ხელოვანთ, ის აღარ ენდობა მათ:
[ფანაილოვას ხმა] "ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას სურს კონტროლი და ამ კონტროლიორის როლს ითამაშებს რელიგიური ინსტიტუტი ან სახელისუფლებო ინსტიტუტი. საზოგადოებას ეშინია თავისი მხატვრებისა."
რუსი მეცნიერი, ისტორიკოსი არსენი როგინსკი ამბობს, რომ სულ უფრო მცირდება თავისუფალი არე. პროცესი, რუსეთის სოროსის ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის დიდი ხნის წევრის თანახად, დაიწყო უკვე 90-იანი წლების შუა ხანებში და ახლაც გრძელდება. როგინსკის თანახმად, არქივებში სტალინის პერიოდის მასალებს, მაგალითად, კვლავაც გაუჩნდა გრიფი "საიდუმლო". გასული წლის მიწურულს პრეზიდენტი პუტინი ლენინის ბიბლიოთეკას ესტუმრა და განაცხადა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებმა უნდა აღზარდოს სიამაყე წარსულისა და სამშობლოს მიმართ. სკოლებში "პატრიოტული აღზრდის" ცალკე საგნად შემოღების მომხრეა თურმე რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვიც. ჩვენ სულ ახლახან გესაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ცდილობენ რუსეთში სასკოლო სახელმძღვანელოების ახლებურად დაწერას ზუსტად ამ მიზნით. რუსეთში, როგორც როგინსკი ამბობს, ისტორია კვლავაც გახდა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი ისე, როგორც სოციალუსტურ სისტემაში იყო. რას შვრება ამ დროს სოროსის ფონდი? თვით მეცენატს უთქვამს, არ შემიძლია მუდმივად იმის აღდგენაში ვიყო, რაც გაუთავებლად იშლებაო. ამიტომაც სოროსმა არაერთი პროექტის დაფინანსება უარყო, თუმცა იმედი აქვთ, რომ ის რუსეთიდან არ წავა. რადიო "თავისუფლების" მოსკოვის ბიუროს თანამშრომელი ელენა ფანაილოვა: [ფანაილოვას ხმა] "მისი - ისევე როგორც სხვა დასავლელ ქველმოქმედთა - ინტერესები რუსეთის პროვინციაზე გადავიდა. ისინი აფინანსებენ სოფლის ბიბლიოთეკებს, გამოყოფენ ფულს სკოლების კომპიუტერიზაციისთვის, მხარში უდგანან ადამიანის უფლებების დამცველთა არქივებს (ამათ უკვე აღარავინ ეხმარება). ამ ქველმოქმედთა ლოგიკა მარტივია. რამდენიმე პრესკონფერენციაზე ვიყავი - არა მარტო სოროსის, სხვებისაზეც - და ვიცი: ისინი ამბობენ, იმ ხნის მანძილზე, რაც რუსეთს ვეხმარებით, უნდა ჩამოყალიბებულიყო აქაური სამოქალაქო საზოგადოება, უნდა გაჩენილიყვნენ აქაური მეცენატები, რომლებიც თვითონვე დააფინანსებდნენ იმ პროექტებს, რომლებსაც ჩვენ ვაძლევდით ფულსო."
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება რუსეთში ფერხდება. ამაზე მეტყველებს შემდეგი ამბავიც, რომელიც ასევე მოსკოვიდან გვიამბეს: [ფანაილოვას ხმა] "ზუსტად ორი კვირის წინ სერგეი მიხალკოვმა შენობიდან გამოყარა ორი დემოკრატიული მწერალთა გაერთიანება - მოსკოვის მწერალთა კავშირი და რუსეთის მწერალთა კავშირი - და, მათთან ერთად, ჟურნალი "დრუჟბა ნაროდოვ", რომელიც, სხვათა შორის, დღემდე აქვეყნებს თარგმნილ ახალგაზრდა ქართველ პოეტებს და ცნობილ მწერლებსაც. მაშ ასე, მიხალკოვმა, რომელიც თვითონ საერთაშორისო მწერალთა კავშირის თავმჯდომარეა, ეს სამი ორგანიზაცია ქუჩაში გაყარა. თუმცა მიხალკოვს არავინ ემხრობა, თუმცა მას წერილები მისწერეს კულტურის მინისტრმა და მოსკოვის მთავრობის მოხელეებმა, რომელთაც ესმით, რომ ეს უმსგავსობაა, მაგრამ, ჩანს, მიხალკოვი გრძნობს საერთო ტენდენციას, გრძნობს, რომ ძლიერს ამის უფლება აქვს და საბჭოთა ჰიმნის ავტორს, მწერალთა კავშირის ყოფილ თავმჯდომარეს სჯერა, რომ სწორად იქცევა." ამასობაში რუსეთში დაბრუნდა ძველი საბჭოთა სიტყვა "გოსზაკაზი", სახელმწიფო შეკვეთა. რუსეთში საბავშვო წიგნების ავტორებიც კი ამ "გოსზაკაზის" მოპოვებას ესწრაფვიან.
XS
SM
MD
LG