Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ინფორმაცია ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბოლტონმა ხუთშაბათს განაცხადა,

რომ თეირანი კვლავინდებურად ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. ხოლო მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ირანში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ თეირანს ბირთვული ტექნოლოგიის შექმნა ჰქონდა განზრახული.


დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ირანში ნახეს პროექტი, რომელიც "ჯი-2"-ის სახელით ცნობილი ცენტრიფუგის შესაქმნელად იყო გამიზნული, რაც ირანის მიერ გასულ ოქტომბერს წარმოდგენილ დეკლარაციაში თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ, არაა მოხსენიებული. ხოლო ხსენებულ ცენტრიფუგას, ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო კომპონენტების წარმოება შეუძლია.

"ის, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ შეიტყო სავსებით ეთანადება ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, რაც არაა გასაკვირი. ესაა მორიგი აქტი სიცრუისა ირანის მხრიდან, რომელმაც ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა ივალდებულა", - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

ირანი ყოველთვის უარყოფდა გავრცელებულ ცნობას, რომ მას ბირთვული იარაღის შექმნა აქვს განზრახული. აი რა განაცხადა ხუთშაბათს რომში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ [ქამალ ხარაზის ხმა]: "სულაც არ გვგონია ბირთვულმა იარაღმა ჩვენი უშიშროება განამტკიცოს. ჩვენს დოქტრინაში ეს არ შედის. იმიტომაც მოვაწერეთ ხელი დამატებით ოქმს, რომ არაფერი გვაქვს დასამალი, და მზად ვართ უფრო მკაცრად შეგვამოწმონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა".

მაგრამ, უკანასკნელმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თეირანს "ჯი-2"-ის სახელით ცნობილი ცენტრიფუგის შექმნა ჰქონდა განზრახული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თეირანის დაპირებას გასულ ოქტომბერს, რომ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიდა გაეროს თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ და შეწყვეტდა ურანის გამდიდრებას.

ცნობილია, რომ ხსენებული ცენტრიფუგა, რომელსაც ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო კომპონენტების წარმოება შეუძლია, აქვს პაკისტანსაც. გასულ კვირაში, პაკისტანის ბირთვული პროგრამის დამფუძნებელმა აბდულ ქადირ ხანმა აღიარა, რომ ირანს, ლიბიასა და ჩრდილოეთ კორეას მიჰყიდა შავ ბაზარზე ბირთვული ტექნოლოგიის საიდუმლოებები.

მიმომხილველები მოელიან, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საანგარიშო მოხსენებას წარუდგენს გაეროს უშიშროების საბჭოს, რასაც შესაძლოა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღება მოჰყვეს შედეგად.

რუსეთის ატომური ენერგიის მინისტრმა ალექსანდრ რუმიანცევმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აქვს განზრახული და განაცხადა, რომ მარტში მოსკოვი ხელს მოაწერს კონტრაქტს ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურისათვის ბირთვული საწვავის მიწოდების თაობაზე. ვაშინგტონმა არაერთგზის მიმართა რუსეთის მთავრობას თხოვნით - თავი შეიკავოს ამგვარი გარიგებისაგან.

ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით თავს იკავებს კომენტარისაგან ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, და დაელოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საანგარიშო მოხსენებას, რომელიც მარტში გამოქვეყნდება [ტონი ბლერის ხმა]: "მისასალმებელი შექმნილ ვითარებაში, რაც ჩვენი თანადგომით მოხდა, ისაა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში საქმიანობს ამჟამად, და ვფიქრობ მარტში წარმოადგენს დასკვნას, რომელშიც ყველა საკითხი იქნება განხილული. ვფიქრობ უპრიანი იქნება ჩემის მხრიდან თავი შევიკავო ამ ეტაპზე კომენტარისაგან და ხსენებულ დასკვნას დაველოდო".

ოთხშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოვიდა მოწოდებით, რომ გამკაცრდეს საერთაშორისო კონტროლი, რათა ბოლო მოეღოს ბირთვული შეიარაღებისათვის საჭირო ტექნოლოგიის გავრცელებას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ მხარი აუბა ჯორჯ ბუშის ინიციატივას, და თან მსოფლიოს წამყვან ბირთვულ სახელმწიფოებს - შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთსა და რუსეთს მოუწოდა - ნაბიჯი გადადგან განიარაღების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG