Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა "პოლიტიკური ფარსი რუსეთში", -ასეთი კომენტარით გამოეხმაურა გაზეთი "ინტერნეიშნალ ჰერალდ ტრიბიუნი" რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის,

ივან რიბკინის ამასწინანდელ გაუჩინარებას, რამაც ათასნაირი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც რიბკინმა განაცხადა ლონდონში პარასკეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იგი კიევში შეიტყუეს დაპირებით, რომ ჩეჩნეთის ლიდერს ასლან მასხადოვს შეახვედრებდნენ, და 4 დღე ჰყავდათ იქ დაკავებული ნარკოტიკების ზემოქმედებით უგრძნობ მდგომარეობაში. გაზეთი წერს:

"ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რიბკინს არა აქვს არანაირი შანსი 14 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისა, ვინაიდან პუტინი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ბატონმა პუტინმა თავისი, ესოდენ დიდი პოპულარობა დემოკრატიის შესაზღუდად გამოიყენა, გაფართოების ნაცვლად. ქვეყნის ელექტრონული მას მედია მან კვლავინდებურად კრემლის კონტროლქვეშ მოაქცია, ულმობელი კამპანია გააჩაღა პოლიტიკური ამბიციების მქონე ნავთობმრეწველობის მაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ, და შეურიგებელია ყოველგვარი კრიტიკისადმი, რაც ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის მისამართით გამოითქმის."

გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" დასავლეთს მოუწოდებს გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში დამკვირებულმა ტენდენციამ ავტორიტარიზმისკენ, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულება მიიღო, და გაზეთი მოელის, რომ ალბათ უკრაინა მიბაძავს საქართველოს მაგალითს ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"რეგიონის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, უკრაინას ამ მხრივ, ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია: ჭეშმარიტად პოპულარული ოპოზიციის ლიდერი და მთლიანობაში პრო-დასავლური, პრო-რეფორმისტული ელექტორატი. უნდა მოველოდეთ, რომ ნებისმიერ პირდაპირ, თავისუფალ არჩევნებში, ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იუშჩენკო გამოვა გამარჯვებული. სულაც არაა აუცილებელი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ედუარდ შევარდნაძის ან სლობოდან მილოშევიჩის ხვედრი გაიზიაროს. ნაცვლად ამისა, უკრაინულმა ოპოზიციამ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა დაარწმუნონ ბატონი კუჩმა იმაში, რომ ქვეყანაში აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და კონსტიტუციის განუხრელი დაცვა. ქვეყანაში რეფორმისტული პროცესის დასაჩქარებლად ვაშინგტონმა ორი მილიარდი დოლარი მისცა ადრე უკრაინის მთავრობას. თუმცა, შესაძლოა უფრო მართებული იქნებოდა ამ სახსრების მიწოდება დემოკრატი ოპონენტებისათვის, რომლებსაც უკეთ აქვთ გაცნობიერებული რას წარმოადგენს "თავისუფალი" სახელმწიფო. ავტოკრატი ლიდერები ბელორუსიაში, კავკასიასა და შუა აზიაში ყურადღებით გაადევნებენ თვალს, რას მოიმოქმედებს დასავლეთი".

სტატიაში, რომელიც გაზეთმა "მოსკოუ ტაიმსმა" გამოაქვეყნა, "იეჟენედელნი ჟურნალის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ალექსანდრ გოლცი შეახსენებს მკითხველს, რომ ჩეჩნეთის სისხლიანმა ომმა განაპირობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური კარიერა. ალექსანდრ გოლცი წერს:

"1999 წელს, მაშინდელი პრეზიდენტი ბორის იელცინი გადაგომას აპირებდა, მაგრამ არ ჰყავდა შერჩეული მემკვიდრე. ამ დროს ჩეჩენმა სეპარატისტებმა რეიდი განახორციელეს მეზობელ დაღესტანში, და პუტინმა საპასუხო რეიდით ისინი განდევნა. ხოლო როცა მოგვიანებით, იმავე წელს, ორი საცხოვრებელი სახლი აფეთქდა მოსკოვში, პუტინმა ახალი ომი გააჩაღა ჩეჩნეთში, და ყველასათვის მოულოდნელად, ნომერ 1 პოლიტიკოსი გახდა რუსეთში. დღეს, როცა თითქმის ხუთმა წელმა განვლო, ომს, ჩრდილოეთ კავკასიაში, ბოლო არ უჩანს. ხადია უკვე, რომ რუსი ამომრჩევლები მზად არიან კვლავ ისმინონ თავიანთ ლიდერთა გაუთავებელი ტყუილები იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთში მიმდინარე ოპერაცია უკანასკნელ "ფაზაშია" შესული, და რომ მსხვერპლი, ფედერალური ჯარის მხრიდან, უმნიშვნელოა. ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ რუსეთში გამოჩნდეს დღეს პოლიტიკოსი, ვისაც ეყოფა გამბედაობა და შეახსენებს ბატონ პუტინს, რომ 2000 წელს მან ხალხს, ჩეჩნეთში წესრიგის აღდგენა, მეამბოხეთა ერთხელ და სამუდამოდ განადგურება და ქვეყანაში უშიშროების გარანტია აღუთქვა".
XS
SM
MD
LG