Accessibility links

logo-print

საქართველო პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მოლოდინში


საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად პირველად პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს.

ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, თითქმის გარკვეულია - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ექს-სპიკერი ზურაბ ჟვანია. მაგრამ თითქმის ბოლო მომენტამდე ვარაუდების საგნად რჩება მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე ახალი წევრის ვინაობა, რადგან კვირის დასაწყისში დასახელებულმა კანდიდატებმა უარი თქვეს შეთავაზებულ თანამდებობაზე. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათი საქციელი "პატრიოტიზმის დეფიციტით" ახსნა.


სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხუთშაბათიდან გადავიდა, 13 თებერვალს დიდი მიმოსვლა იყო გაჩაღებული. პრეზიდენტთან რიგრიგობით შედიოდნენ სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია და უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი. კულუარული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამ ორი პიროვნების ხელშია მომავალი მინისტრებისა და მათი მოადგილეების შერჩევის საკითხი.
თუმცა რევოლუციურ მთავრობაში მინისტრის პორტფელის დაკავება აღარ მიაჩნიათ, როგორც ერთ ცნობილ რეკლამაშია ნათქვამი, რეცეპტად მშვიდი ცხოვრებისათვის. ამიტომ შეთავაზებულ პორტფელებზე უარი თქვეს ანა ახალკაცმა, მიხეილ მაჭავარიანმა და ნიკოლოზ რურუამ.
მათი საქციელი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატრიოტიზმის დეფიციტით ახსნა. თუმცა ვაკანსიები პარასკევსვე შეივსო. ინფრასტრუქტურების მინისტრის პოსტი ამერიკული გამოცდილების მქონე თამარ სულუხიას შესთავაზეს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის თანამდებობაზე კი საერთაშორისო ორგანიზაციების კურატორის, პროფესორ რევაზ ასათიანის კანდიდატურა განიხილება. ამგვარად, უკვე ცნობილია პრემიერ-მინისტრისა და 15 მინისტრის კანდიდატურა.
მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების გარშემო მიმდინარე კონსულტაციებისთვის დღის ბოლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საგანგებო პრესკონფერენცია უნდა მიეძღვნა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, სააკაშვილმა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე გაამახვილა ყურადღება და ჟურნალისტებს ახალი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის, კანდიდატურა წარუდგინა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე აცნობა პრესის წარმომადგენლებს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე დიპლომატიურ ასპარეზზე, ნატოს ელჩის რანგში, გააგრძელებს მოღვაწეობას. პრეზიდენტი თევზაძის მისამართით ქების სიტყვებს არ იშურებდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, გამომდინარე მისი პიროვნებიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი დავითი არის ერთ-ერთი გმირი აფხაზეთის ომის. იგი უდგას სათავეში ქართული შეიარაღებული ძალების შექმნას და ქართული მხედრული სულის დამკვიდრებას."

საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირაში დაამტკიცა, მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და ხელს აწერს მთავრობის სხდომაზე მიღებულ აქტებს. თუმცა ექსპერტთა ნაწილში ჯერ კიდევ გაურკვევლობას იწვევს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხი. იურისტი დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ეს საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ გადამუშავებულ ვერსიაში უნდა განისაზღვროს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] "ზოგადად პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთმიმართების საკითხი ამ ცვლილებათა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია. ამასობაში პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის აქტები გააუქმოს, თუ ისინი არ შეესაბამება პრეზიდენტის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს. ეს ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი, როდესაც მთავრობის სხდომას უძღვება და რაიმე გადაწყვეტილებისკენ მიდის, შეზღუდულია პრემიერ-მინისტრის გამოცემული აქტებითაც."

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დამტკიცებას საქართველოს პარლამენტი უახლოეს სხდომაზე შეუდგება და, როგორც კანცელარიაში ვარაუდობენ, კანონმდებლები არც ამჯერად გააწბილებენ ქვეყნის პრეზიდენტს. გადაწყვეტილია მომავალი მინისტრების შრომითი მოტივაციის უმთავრესი საკითხიც - მთავრობის წევრები ხელფასს, რომელიც, სავარაუდოდ, 1000-დან 1500 დოლარი იქნება, რეფორმების განვითარებისა და სოროსის ფონდიდან მიიღებენ.
XS
SM
MD
LG