Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტი ანტიკორუფციულ პაკეტს განიხილავს


საქართველოს პარლამენტში ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობს საქართველოს 9 კანონში დამატებებისა და ცვლილებების, ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული პაკეტის, განხილვა. დეპუტატთა

ნაწილი ემოციურად აპროტესტებს კანონპროექტთა იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში "გარიგებით მართლმსაჯულებას" ამკვიდრებს. მიუხედავად ამისა, 12 თებერვალს საკანონმდებლო ორგანომ მაინც შეძლო ანტიკორუფციული პაკეტის პირველი მოსმენით მიღება. რა ცვლილებებს ამკვიდრებს კანონთა ანტიკორუფციული პაკეტი?

ანტიკორუფციულ კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენა, ანუ პუნქტობრივი განხილვა, საქართველოს პარლამენტში 13 თებერვლის დილის სხდომაზე უნდა დაეწყოთ. თუმცა, კვორუმის უქონლობის გამო, განხილვის დაწყება საღამომდე ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ცვლილებების მოწინააღმდეგე თუ მომხრე დეპუტატებმა მაინც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ანტიკორუფციული კანონპროექტის თაობაზე. ტრადიციონალისტთა კავშირის წარმომადგენლის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მისი ფრაქცია მთელ პაკეტს ხმას არ მისცემს, "გარიგებითი მართლმსაჯულების" ნორმის დაწესების გამო:

[გუბაზ სანიკიძის ხმა] "ეს არის ეგრეთ წოდებული ჩაშვების ინსტიტუტი. რამდენად ჩვენი წესის არის ეს, ქართული წესის არის, ახლა. ჩვენი წესები, გარკვეულად, ჩამორჩენას ნიშნავს დღეს, მაგრამ მე მირჩევნია ვიყო ჩამორჩენილი, ვიდრე ავანგარდში ვიყო იმ საკითხებში, რასაც ჩემი ქვეყნის და ჩემი ერის ცნების დანგრევა-დაშლა ჰქვია."(სტილი დაცულია)

ოპოზიციის ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ასეთი პასუხი გასცა:

[აკაკი ბობოხიძის ხმა] "რატომ არ ვთანამშრომლობდით უშიშროებასთან საბჭოთა კავშირის დროს და რატომ უნდა ვითანამშრომლოთ დღევანდელ უშიშროებასთან, ეს ჩემთვის სრულიად გასაგები და სრულიად ბუნებრივია. ხოლო ის ტენდენცია, რომ ზოგადად სტრუქტურებთან არ უნდა ვითანამშრომლოთ, მაპატიეთ, მაგრამ ეს არის ეგრეთ წოდებული ქურდული ტენდენცია, რომელიც ამ პარლამენტშიც გამჯდარია."

"ქურდული" წესებისა და ანტიკორუფციული პაკეტის ურთიერთმიმართებას შეეცადა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, თბილისის პროკურორის ძმა ნოდარ გრიგალაშვილი.

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] "თუ თითოეული თქვენგანი დაინახავთ, რომ თქვენს ოჯახში ყაჩაღია შეჭრილი და უბედურებას სჩადის, თქვენ არ ჩაგეთვლებათ ჩაშვებად ის, რომ ზომები მიიღოთ ამ უბედურების აღსაკვეთად. მაგრამ თუ დაინახავთ, რომ მეზობელს უკეთებენ ან სხვას უკეთებენ იგივეს, დღევანდელი შავი და ქურდული მენტალიტეტით, დიახ, ჩაშვებად ითვლება ეს ამბავი."(სტილი დაცულია)

იმას, რასაც ქართველი დეპუტატები "ჩაშვებას" ეძახიან, "გარიგებითი მართლმსაჯულება" ჰქვია და სულაც არ ეხება უბრალო მოქალქეებს თუ მეზობელთან შევარდნილ ყაჩაღებს. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, აღნიშნული ნორმა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებზე ვრცელდება და, თუ დაკავებული ჩინოვნიკი გამოძიებას უფრო დიდი დანაშაულის გახსნაში დაეხმარება, მისი სასჯელი შეიძლება შემსუბუქდეს ან, საერთოდ, გაუქმდეს.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "ეს ვრცელდება მხოლოდ თანამდებობის პირებზე, თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა ამის გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე - არაფერი ტრაგედია ამაში არ იქნებოდა."

გარდა ამისა, მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, სხვადასხვა კანონებში შეტანილი ცვლილებები შეეხება საქართველოში სახელმწიფო მოხელეების მიერ დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონების კონფისკაციას, ვიწროვდება იმ პირთა წრე, რომლებიც იმუნიტეტით სარგებლობენ და, ასევე, სახელმწიფოს უფლება ენიჭება ნებისმიერ დროს გადახედოს პრივატიზებული ქონების კანონიერებას და სხვ.
XS
SM
MD
LG