Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები ხელისუფლების გამაფრთხილებელ საინფორმაციო აქციებს იწყებენ


საქართველოში ახალი ხელისუფლების მიერ წამოწყებული საყოველთაო ანტიკრიმინალური და ანტიკორუფციული კამპანია უხეში კანონდარღვევებით წარმოებს. შექმნილი ვითარება ადვოკატებს

გამაფრთხილებელი საინფორმაციო აქციებისკენ უბიძგებს. უახლოესი რამდენიმე დღე სწორედ ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაციის სამზადისს დაეთმობა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომლის ძირითადი ფუნქცია კონკრეტულ საქმეებსა და დარღვევებზე რეაგირება იქნება. საპროტესტო აქციების ფორმატში შედის ასევე საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე სპეციალური მიმართვების გაგზავნა და ადვოკატებისა და ძალოვანი უწყებებისათვის ტრენინგის ჩატარება. ტრენინგის თემა ქვეყანაში შექმნილი კანონმორჩილების პრობლემა იქნება, მიმართვის თემა კი - საქართველოს ხელისუფლების მხილება ადამიანის უფლებების შელახვასა და საპროცესო კანონდარღვევებში.

საქართველოს ადვოკატთა კორპუსიდან და არასამთავრობო სექტორიდან პირველ ღია წერილს საქართველოს ხელისუფლება 14 თებერვალს მიიღებს. ღია წერილის ავტორია ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", რომლის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს მათ სამართლიან შენიშვნებს. შენიშვნები კი უფლებამოსილი პირების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს რამდენიმე მიმართულებით განიხილავს - ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციიდან გასული მცირე დროის მანძილზე ამ რიგის დიდძალი ფაქტობრივი მასალა დაგროვდა. საქმე ეხება როგორც უკანონო დაკავებებს, ასევე მაღალჩინოსანი უფლებამოსილი პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პატიმართა ადგილზე ლიკვიდაციის შესახებ, ეჭვმიტანილების ოფიციალური უწყების გარეშე, იძულებითი წესით აყვანას და ასე შემდეგ - ანუ ყველაფერ იმას, რაც მიუღებელია არა მარტო კვალიფიციური უფლებადამცავებისათვის, არამედ, საერთოდ, საზოგადოებისათვის. მოუსმინეთ ადვოკატ მანანა კობახიძეს:

[მანანა კობახიძის ხმა] " ფაქტია, რომ რაღაც სინდრომი გაჩნდა შიშის, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ხელისუფლების მხრიდან ღიად უკანონო ქმედებებისა და განცხადებებისა. ეს ძველი ხელისუფლებისგან არ გვიკვირდა და 34 სარჩელი გვაქვს სტრასბურგში გაგზავნილი, მაგრამ ეს რომ ხდება ეხლა, ამ დემოკრატიული რევოლუციის ფონზე.... ეს, უბრალოდ, იყო ძალიან მიუღებელი, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ცალსახად აცხადებს, რომ ვინც ამათ დაიცავს, ჩვენ კბილებს ჩავუმტვრევთ."(სტილი დაცულია)

სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადვოკატთა იგნორირება ასევე ახალი ფაქტობრივი რეალობაა, რომელზეც მოგვიანებით კვლავ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. რაც შეეხება ადამიანთა უფლებების დარღვევის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები რამდენიმეს გამოყოფენ. კერძოდ, დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირთა მიმართ ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილი ცემის, წამების, არაადამიანური მოპყრობის, უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა დარღვევისა და ცილისწამების შემთხვევებს. ანუ ევროკონვენციის მე-3, მე-5, მე-6 მუხლების დარღვევის ფაქტები უფლებადამცველებისთვის უკვე წარმოადგენს ევროსასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველს. ადვოკატები ჯერჯერობით არ ჩქარობენ და მათ შენიშვნებსა თუ აქციებზე ხელისუფლების სათანადო რეაგირებას ელოდებიან. ადვოკატი ეკა ბესელია ძირითად აქცენტს დაცვის ინსტიტუტის შეზღუდვაზე აკეთებს:

[ეკა ბესელიას ხმა] "დაცვის ინსტიტუტი არის აბსოლუტურად უგულებელყოფილი. პირდაპირ ხდება იგნორირება კანონის, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ხელმძღვანელი პირების დამოკიდებულება, როდესაც წახალისებულია მათი თანამშრომლების უკანონო მოქმედება, ქმნის ზოგადად ამ ანომალიურ ვითარებას." (სტილი დაცულია)

ადვოკატთა და უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭო 16 თებერვლიდან შეუდგება მუშაობას. ხელისუფლების გამაფრთხილებელი საპროტესტო ღონისძიებები პრაქტიკულად ამ დროიდან ამოქმედდება და მასში ქვეყნის რეგიონებიც ჩაერთვებიან.
XS
SM
MD
LG