Accessibility links

ანტიამერიკული განწყობის ზრდა ერაყში და შიიტების სურვილი ადრე ჩატარდეს არჩევნები


ერაყელმა შიიტებმა, რომლებიც თავის დროზე სიხარულით შეეგებნენ ამერიკელ ჯარისკაცებს, ახლა მათთვის თითქოს ზურგის შექცევა იწყეს. შიშობენ, რომ ერაყის მოსახლეობის ამ სამოცმა პროცენტმა,

თუკი არჩევნები მათთვის სასურველ ვადებში არ ჩატარდა და უშიშროების მხრივ მდგომარეობა არ შეიცვალა, შეიძლება საერთოდ უარი უთხრას აშშ-ის ოკუპაციას მხარდაჭერაზე.
ხუთშაბათს გაეროს დელეგაციამ ერაყში გამოაცხადა, რომ ის მთლიანად ემხრობა არჩევნების ჩატარებას, მაგრამ არ დაუსახელებია ვადა. ამავე დროს, ერაყის შიიტი მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება იმის გამო, რომ საოკუპაციო ძალები ვერ ახერხებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ერაყში გაეროს წარმომადგენელმა ლახდარ ბრაჰიმიმ შიიტების მამამთავარ აიათოლა ალ სისტანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ჩვენი ინტერესები, არჩევნების მოწყობის მხრივ, მთლიანად ემთხვევა ერთმანეთსო. შიიტებს, როგორც ითქვა, 30 ივნისამდე სურთ ხელისუფლება ადგილობრივ პოლიტიკოსებს გადაეცეთ. მაგრამ გაეროს წარმომადგენელი აჰმად ფავზი ეჭვობს, რომ 30 ივნისამდე ეს მოესწროს და ამის მიზეზად არასაკმარის უსაფრთხოებას ასახელებს. უკმაყოფილება ამერიკელთა და ბრიტანელთა მიმართ იანვარში გამძაფრდა. შიიტთა ქალაქ ამარაში ორი დღე გრძელდებოდა მოსახლეობის შეტაკებები ბრიტანეთის ჯარსა და ერაყის პოლიციასთან. კიდევ უფრო გაიზარდა ანტიამერიკული განწყობილება ბოლო ხანებში, ისკანდირიაში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ. იქ ბომბის აფეთქებას 53 ერაყელი შეეწირა. ზოგიერთი თვითმხილველი ისკანდირიელი ირწმუნებოდა, რომ ცაში ამერიკული თვითმფრივანი დაინახა, და არა თვითმკვლელის, არამედ მისგან ნასროლმა ბომბმა დახოცა ხალხიო. ამავე ქალაქში ხალხი ამერიკელებს აბრალებს, ქვეყანაში დარჩენის მიზნით, განზრახ აქვთ მიშვებული უსაფრთხოებაო. შიიტი პოლიტიკოსები და რელიგიური ლიდერები ფიქრობენ, რომ საერთო განწყობილება ხალხისა ანტიამერიკული არ არის. მაჰმადიანთა წმინდა ქალაქ ნაჯაფში უდევს ბინა შიიტთა გაერთიანება "ჰავზა ალ ილმიას", რომელსაც აიათოლა ალ სისტანი მეთაურობს. შეიხი აბდ ალ ჯაბარი მისი წარმომადგენელია ბაღდადში. ჯაბარის თქმით, შიიტები აშშ-ს ემხრობიან, რადგან ამერიკელებს სურთ ის, რაც შიიტებს - ერაყელთათვის ხელისუფლების გადაცემა. ჯაბარი გამორიცხავს, რომ შიიტები ამერიკელების წინააღმდეგ წავიდნენ, თუკი მათ რელიგიურმა წინამძღოლებმა არ მოუწოდეს ამისაკენ. მისი თქმით, ისკანდირიაში გამოსვლები არ ასახავს საერთოდ შიიტთა და მათი ლიდერების განწყობას: [ჯაბარის ხმა] "ეს არის რეაქცია ისკანდირიაში თავდასხმაზე და არ გამოხატავს შიიტთა საერთო განწყობას; ისინი ამერიკელებს ადანაშაულებენ უსაფრთხოებისთვის ნაკლებად ზრუნვაში. ეს არის ცალკეული შემხთვევა და არ ნიშნავს, რომ შიიტები ამერიკის წინააღმდეგნი არიან. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ ამერიკელებმა წასვლა არ გადადონ, მაგრამ, არა მგონია, მათ მზარდი მტრული განწყობილება ჰქონდეთ." შიიტთა პარტია "ისლამური თანხმობის მოძრაობის" პოლიტიკური უწყების თანამშრომელმა აბდულ ნ ალ ჰასნავიმ, რომელიც ჯაბარის აზრს იზიარებს, გვითხრა, რომ ის ვერ ხედავს ერაყის სამხრეთში ანტიამერიკული განწყობის ზრდას. მისი აზრით, ანტიამერიკული დემონსტრაციები სადამის მომხრეთა ორგანიზებულია. ერაყის მმართველი საბჭოს ქურთი წევრი ოთმანი კი ფიქრობს, რომ შიიტთა დამოკიდებულება ამერიკელთა მიმართ იცვლება. არ უნდა გაგვიკვირდეს, ამბობს ოთმანი, რომ ხალხი ამერიკელებს აკისრებს უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობას. საბჭოს ქურთი წევრი ვარაუდობს, რომ თუკი ტერაქტები გაგრძელდა, ეს განწყობილება მთელ ქვეყანაში გავრცელდება. ოთმანს ქურთისტანის მაგალითი მოჰყავს: [ოთმანის ხმა] "ქურთისტანში ვითარება სხვაა, რადგან მას ამერიკა არ მართავს. იქაურობას ორი ქურთული ადმინისტრაცია მართავს, ამერიკა არ ერევა მართვაში და ეს კარგია. ყველამ იცის, რომ ის, რაც ერბილში მოხდა, ან ანსარ ისლამმა, ან სხვამ ჩაიდინა; იციან, რომ ამერიკელებს ამასთან ხელი არა აქვთ და ისინი არ არიან ამ რეგიონის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელნი. პასუხისმგებლები ქურთები არიან. თუკი ისინი ვინმეს დაადანაშაულებენ, დაადანაშაულებენ ქურთულ ხელისუფლებას" . ოთმანი დაასკვნის, რომ ანტიამერიკული გრძნობების განელება, ქურთების მიბაძვით, უსაფრთხოების სფეროს ერაყელებისთვის გადაცემის გზით უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG