Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია ვერც 28 მარტის არჩევნების წინ ახერხებს გაერთიანებას. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, გამართლდეს ქართველ ექსპერტთა ვარაუდი და,

28 მარტის არჩევნების შედეგად, ერთპარტიული პარლამენტი მივიღოთ. რატომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია?

ტრადიციულად, საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს საერთო ენის გამონახვა უჭირთ. ასე იყო 2 ნოემბრის არჩევნების წინაც, როცა ნაციონალური მოძრაობისა და ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" გაერთიანების "საზოგადოებრივი მოთხოვნის" მიუხედავად, ამ პარტიებმა არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღეს მონაწილეობა. თუმცა 28 მარტის არჩევნების წინ მაინც განსხვავებული მდგომარეობაა - ნოემბრის მოვლენებმა ისეთი დარტყმა მიაყენეს პოლიტიკურ ძალებს, რომ, საეჭვოა, ოპოზიციურ პარტიებს შორის აღმოჩნდნენ 7 პროცენტიანი ბარიერის გადამლახველები.
სამწუხაროდ, როგორც ირკვევა, არ მოხერხდა ე.წ. მემარჯვენე ორიენტაციის პარტიების გაერთიანება. ბლოკ "ედპ-ტრადიციონალისტების" ლიდერის აკაკი ასათიანის თქმით, საეჭვოა, ამ გაერთიანებას დარჩენილ დროში ვინმე შეუერთდეს:
[ აკაკი ასათიანის ხმა] " ჩვენ, პრინციპში, ედპ-სთან ბლოკი გავაკეთეთ. შევიტანეთ რეგისტრაციაში. და თუ ვინმეს ენდომება - მერე მოვიდეს, კი ბატონო. სიმართლე გითხრათ, ბევრ საკითხში ჩვენი აზრი არ ემთხვევა. ისინი ვერ გამოდიან მოჯადოებული სამყაროდან."
გაურკვეველი მდგომარეობაა მემარცხენე ფლანგზეც: ლეიბორისტები კვლავინდებურად კატეგორიულად გამორიცხავენ ვინმესთან ბლოკის შექმნას, თუმცა უარს არ ამბობენ სოციალისტური პარტიის რამდენიმე წევრის ხილვაზე საკუთარ საარჩევნო სიაში. სოციალისტების პოზიცია ჯერ უცნობია. შესაბამისად, პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვის მიუხედავად, ოპოზიცია ვერ ერთიანდება:

[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " ვთხოვ ოპოზიციას, გაერთიანდეს. გადადოს გვერდზე კუდაბზიკობა, იმიტომ რომ მე არ მინდა, ოპოზიციის გარეშე დარჩეს პარლამენტი. გაერთიანდით, ხალხო, გაერთიანდით. და - დროშები ჩქარა!"

პრეზიდენტის კიდევ ერთი თხოვნა, ამჯერად სახელმწიფო მინისტრის მიმართ, მკვირცხლად დაეკომპლექტებინა მთავრობა, ზურაბ ჟვანიამ 14 თებერვალს შეასრულა. ბოლოს და ბოლოს, გაირკვა, ვინ იქნება სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების სფეროში: ზურაბ ჟვანიამ ეს თანამდებობა კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას შესთავაზა - სხვათა შორის, მას ეს თანამდებობა აფხაზეთში ომის დროს ეკავა. ჯანდაცვის მინისტრი გიგი წერეთელი იქნება, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის დაკვირვებით, იგი არც ქალია და არც ახალი სახე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავით შერვაშიძე ჩაიბარებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი თამარ ლებანიძე იქნება. მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG