Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტის ერთ-ერთ თვალში საცემ შედეგად ქართველი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თუ მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტის ერთ-ერთ თვალში საცემ შედეგად ქართველი ექსპერტები რუსული მედიის ტონის შეცვლას ასახელებენ, შეიძლება ითქვას,

რომ რუსეთისადმი დამოკიდებულების შეცვლა ქართულ მედიასაც დაეტყო. ყოველ შემთხვევაში, გასული კვირის პრესის განწყობილება რუსეთში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტის აღწერისას ნამდვილად პოზიტიური გახლდათ.
12 თებერვლის გაზეთ "24 საათის" ცნობით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები დახურულ კარს მიღმა, "გულახდილი საუბრის" ფორმატით, ორსაათნახევრის განმავლობაში იხილავდნენ სამხედრო უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის, საქართველო-რუსეთის საზღვრის ერთობლივი პატრულირების, საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხებს. თუმცა მთავარი, რის გამოც გაზეთი ვიზიტს უპრეცედენტოს უწოდებს, ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაძაბულობის მოხსნაა. " 24 საათის" დასკვნით, სააკაშვილი კრემლში მოლაპარაკების უნარის მქონე პოლიტიკოსად აღიარეს.



" მე ამ ხანგრძლივი შეხვედრით სულაც არ დავღლილვარ, ჩვენი საუბარი პრეზიდენტ პუტინთან ძალიან თბილი და მეგობრული იყო. ვლადიმირ ვლადიმირის ძე საკმაოდ გულახდილი, გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა. მე მასთან ურთიერთობის პრობლემები არ მექნება", - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც გუშინ კრემლში საკმაოდ არაორდინარულად გამოიყურებოდა და კრემლის დარბაზებისთვის უჩვეულო განცხადებებს აკეთებდა. სააკაშვილის "გულწრფელი" ტონი პუტინსაც გადაედო. როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა აღნიშნა, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ ყველა ლიმიტს გადააჭარბა. "ყინული გალღვა" - ამ ტონით გამოეხმაურა გუშინდელ შეხვდრას საქართველოსადმი არცთუ კეთილგანწყობილი რუსული მასმედია. "საქართველოს პრეზიდენტმა შეასრულა პირობა და რუსეთის პრეზიდენტს უფრო ადრე ჩამოართვა ხელი, ვიდრე ბუშს" - აღნიშნავენ რუსი ჟურნალისტები."



როგორც 12 თებერვლის "დილის გაზეთი" წერს, რუსულმა მედიამ საქართველოსა და საკუთარ პრეზიდენტებს შორის საერთოც ნახა - ორივემ თავბრუდამხვევი სისწრაფით გაიკეთა კარიერა, ისინი კარგად ფლობენ უცხო ენებს და ახალგაზრდები არიან.
უფრო ფრთხილ შეფასებებს იძლევა 12 თებერვლის გაზეთი "ხვალინდელი დღე", რომლის შენიშვნითაც, რუსეთს რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ილუზია არ აქვს, ეს იმითაც დასტურდება, რომ სააკაშვილს რუსეთში პროდასავლურ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. შესაბამისად, უპერსპექტივოდ მიაჩნიათ რუსულ-ქართული ურთიერთობის გამოსწორება. გაზეთი წერს:



რუსული მედია სკეპტიკურად ეკიდება ახალი ხელისუფლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ის რუსეთთან ურთიერთობაში შევარდნაძის გზით სიარულს არ აპირებს. ან რუსეთი, ან დასავლეთი - რუსეთი საქართველოს ძველებურად ორპოლუსიან არჩევანს უმზადებს და ამით ურთიერთობები ჩიხში შეჰყავს.
რუსეთიც და ამერიკაც - გაცილებით გულუხვი წინადადებით ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში. "მოგვეცით თქვენი თვითმფრინავები და შეიარაღება, მოდით, ერთად ვაწარმოოთ პატრულირება, გავამარტივოთ ექსტრადიციასთან დაკავშირებული ვითარება" - აცხადებს მოსკოვში ჩასული საქართველოს პრეზიდენტი მათ გასაგონად, ვისაც საქართველო-აშშ-ის სამხედრო ურთიერთობა აღიზიანებს.
რაც შეეხება ბაზებს, რუსი ექსპერტების აზრით, რუსული დიპლომატიისთვის დიდი მიღწევა იქნება, თუკი მხარეები ბაზების გაყვანის 5 წლიან ვადაზე შეთანხმდებიან. ერთი მხრივ, ევროპაში შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ ხელმოწერილმა დოკუმენტმა და, მეორე მხრივ, ევროკავშირის ზეწოლამ, შესაძლოა, რუსეთი აიძულოს, უფრო შეზღუდულ ვადებში გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.
რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტი რუსეთში არსებულ ქართულ ეკლესიას ეწვია და მრევლს რუსეთში საქართველოს ახალი ელჩი კოტე კემულარია წარუდგინა. მისი განცხადებით, საელჩოს კარი ყველა რუსეთში მცხოვრები ქართველისთვის დღეიდან ღია იქნება. სააკაშვილმა გუშინდელი დღე ქართულ ეკლესიაში ვიზიტის წარმატებისთვის ლოცვით დაიწყო, რის შესახებაც პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა. ეს განცხადება რუსულმა მედიამ მას მიამიტობად ჩაუთვალა.



"სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტი სამარცხვინო იყო" - ასეთი სათაურით აქვეყნებს 14 თებერვლის გაზეთი "ახალი თაობა" რეპორტაჟს პარლამენტარ ირაკლი ბათიაშვილის პრესკონფერენციიდან. გაზეთის თქმით, ირაკლი ბათიაშვილის აღშფოთება, პირველ რიგში, იმან გამოწვია, რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტის შედეგად, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნას პრობლემები აღარ შეექმნება. ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით:




"ახლა ცდილობენ საზოგადოების გაბრუებას, თითქოს ეს ვიზიტი ეპოქალური მნიშვნელობის იყო, რომ მოხდა რაღაც დიდი გარღვევა. ბევრს, მართლაც, ასეთი შთაბეჭდილება ექმნება. მაგრამ ეს იყო სამარცხვინო ვიზიტი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - ვიზიტი, სადაც რუსებმა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მეთაურს დაუდგეს დიდი, ხმაურიანი სპექტაკლი, ხვევნა-კოცნით, ტაშით, გულთბილი შეხვედრებით, უკან კი არაფრით გამოისტუმრეს. უფრო სწორად, ისე გამოისტუმრეს, რომ მან ვერც ერთ არსებით, ფუნდამენტურ პრობლემაზე რეალურად საკითხის დაყენებაც ვერ გაბედა. ჩვენ, მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, ველოდით, რომ პრეზიდენტი მისთვის ჩვეული რიხით დააყენებდა სააქრთველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს, მან კი ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ უახლოესი ხუთი წლის მანძილზე რუსულ ბაზებს საქართველოში ყოფნა გარანტირებული აქვთ."




ახალი მინისტრთა კაბინეტის პერსონალური შემადგენლობა - ეს ის საკითხია, რომელიც გასული კვირის პრესის განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა. 13 თებერვლის "მთავარი გაზეთის" თქმით, გარკვეულია, რომ სახელმწიფო კანცელარია პირვანდელი სახით არსებობას წყვეტს. მთლიანად შეიცვლება მთავრობის სტრუქტურა; შეიქმნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელადაც უკვე დაინიშნა ირაკლი ჩუბინიშვილი და იარსებებს მთავრობის კანცელარია, რომელსაც კომპოზიტორ გია ყანჩელის ქალიშვილი ნატა ყანჩელი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს:



ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი ატლანტიკის ოკეანედალეული და სოროსის ფონდის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრია. განათლების მინისტრი კახა ლომაია, კულტურის მინისტრი გიორგი გაბაშვილი და იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილიც "სოროსელები" არიან და, ამდენად, მოსალოდნელია, რომ ერთ გუნდში მუშაობას მოახერხებენ. გიორგი ბარამიძე და ზურაბ ნოღაიდელი "ბურჯანაძე-დემოკრატების" საპატიო წევრებად, ხოლო ზურან ადეიშვილი ნაციონალების წევრად ითვლებიან. გელა ბეჟუაშვილი, თავდაცვის მინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატი, უპარტიოა.
საქართველოში კადრების ნაკლებობაა - უბრალოდ, ახალი ხელისუფლებისთვის არცთუ მეორეხარისხოვანია პარტიული ერთგულების ფაქტორი, ამ ნიშნით კი ადამიანების შერჩევა ჭირს.
ანალიტიკოსთა აზრით, ზურაბ ჟვანიამ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის საჯაროდ გამოცხადებით საზოგადოებაში ტესტი ჩაატარა. ვინც საზოგადოებამ არ მიიღო, - მაგალითად, ნიკოლოზ რურუა, რომელსაც მაშინვე მხედრიონული წარსული გაუხსენეს, - მათი კანდიდატურები დაუყოვნებლივ დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ეს კარგი პრეცედენტია, რადგან აჩვენებს, რომ მომავალი პრემიერი საზოგადოებრივ აზრს საკადრო საკითხებში ითვალისწინებს - მიიჩნევენ პოლიტოლოგები.



ხდება თუ არა ქართულ მედიაზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა? - 14 თებერვლის გაზეთ "ალიას" ცნობით, ამის გარკვევას პარლამენტის სპეციალური კომისია შეეცდება. როგორც ამ კომისიის თავმჯდომარემ არჩილ გოგელიამ გაზეთ "ალიას" განუცხადა, კომისიის შექმნისთანავე ის ცალ-ცალკე შეხვდება საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელებს და უშუალოდ ჟურნალისტებს. მას მხედველობაში აქვს არა მხოლოდ ტელეკომპანიები "რუსთავი-2" და "მზე", არამედ ყველა არსებული ტელეკომპანია და ბეჭდური მედია. არჩილ გოგელიას თქმით:



" თუ იტყვიან ჟურნალისტები, რომ ზეწოლა არსებობს, ხომ კარგი. თუ არადა, მე არაფერი შემიძლია", - ამბობს არჩილ გოგელია.
ვთქვათ და, დაადასტურა მასმედიამ ზეწოლის არსებობა. ამ შემთხვევაშიც გოგელიას ხელთ არსებული ბერკეტი მხოლოდ პარლამენტისთვის მოხსენების გაკეთება და პრესაში ინფორმაციის გავრცელებაა. ამის შემდეგ უკვე პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედოს. ანუ გადაწყვეტილება ისევ იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს, ვინც შეიძლება ზეწოლის პოტენციური განმახორციელებელი აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG