Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ქართული სპორტის საუკუნე - დაუვიწყარი სახელები''


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი წლეულს, დეკემბერში, 90 წელი უსრულდება გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს,

პირველი თაობის თბილისის დინამოელს, გაიოზ ჯეჯელავას. სწორედ მას ეძღვნება დღევანდელი სპორტული პროგრამა.

გაიოზ ჯეჯელავა დაიბადა 1914 წლის 29 დეკემბერს თბილისში. ფეხბურთის თამაში დაიწყო თბილისის ცეკავშირის გუნდში, 1935-36 წლებში გამოდიოდა თბილისის "ლოკომოტივში", 1937-48 წლებში იყო თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 135 მატჩი და გაიტანა 59 გოლი, საერთაშორისო მატჩებში - 8 გოლი. საკავშირო ჩემპიონატებში მოიპოვა ოთხი მედალი: ორი ვერცხლისა, ორიც - ბრინჯაოსი. 1950-51 წლებში წვრთნიდა სამხედრო-საჰაერო ძალების ნაკრებს, 1955-57 წლებში მუშაობდა თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

პირველი თაობის თბილისის დინამოელთაგან ცოცხალი თითქმის აღარავინ დარჩა. გაიოზ ჯეჯელავა უკანასკნელი მოჰიკანია იმ დიდი გუნდისა, რომლის ისტორიის თავფურცელს წერდნენ ბორის პაიჭაძე, შოთა შავგულიძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გრიგოლ გაგუა და სხვა ცნობილი ოსტატები. ცოტანი დარჩნენ იმდროინდელი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებიც, ვისაც ახსოვს გაიოზ ჯეჯელავასა და მისი თანაგუნდელების თამაში. სამწუხაროდ, წლების სიმძიმემ თავად ბატონი გაიოზის ჯანმრთელობაც შეარყია და ამის გამო მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. მაგრამ მე ხელთ მაქვს სოლიდური საარქივო მასალა: პუბლიკაციები მეორე მსოფლიო ომამდელი და ომისშემდგომი წლების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომლებიც მოგვითხრობენ ჯეჯელავას მიერ განვლილ სპორტულ გზაზე, მისი საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე. აქვეა ცნობილ ფეხბურთელთა, მწვრთნელთა და ჟურნალისტთა შეფასებები. "ჯეჯელავა დიდი ფეხბურთელი იყო, ფინტების სპეციალისტი, ჩინებული დარტყმებით", - წერს აღიარებული მწვრთნელი მიხეილ ბუტუსოვი და გაიოზს გრიგორი ფედოტოვის, ბორის პაიჭაძის, სერგეი სოლოვიოვისა და სხვათა გვერდით მოიხსენიებს.

თავად პაიჭაძე ასე ახასიათებდა თანაგუნდელს: "გაიოზი მოედანზე თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. მე აღტაცებული ვიყავი მისი საცირკო ტრიუკების მსგავსი ფინტებით, არტისტიზმამდე დახვეწილი ტექნიკით, ძლიერი დარტყმებით ორივე ფეხით და ნებისმიერი მდგომარეობიდან. ის იყო ნამდვილი მებრძოლი და მუდამ საიერიშოდ შემართული.? პაიჭაძის აზრით, საბჭოთა ფეხბურთში, მარჯვენა გარემარბთა შორის, ჯეჯელავას მხოლოდ მოსკოველი ფეხბურთელები -სემიჩასტნი და გრინინი თუ გაუტოლდებოდნენ. ეს ამბავი ფაქტებითაც დასტურდება: ჯეჯელავამ სულ რვა არასრული სეზონი ითამაშა და ექვსჯერ მოხვდა საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში, სამჯერ კი თავის ამპლუაში პირველ ნომრად დაასახელეს. 1940 წელს ჯეჯელავა საბჭოთა კავშირის ათ უძლიერეს სპორტსმენთა რიგებშიც აღმოჩნდა, არადა დიდ ფეხბურთში სულ ორი წლის მოსული იყო. 1937 წლის სეზონში მან ერთადერთი მატჩის თამაში მოასწრო, ისიც - რამდენიმე წუთით. სამაგიეროდ, ხმაურიანი დებიუტი მომდევნო სეზონის სტარტზევე შედგა, როცა დინამოელები მოსკოვში ადგილობრივ "ტორპედოს" შეხვდნენ. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში გაიოზ ჯეჯელავა იხსენებს: ''მატჩის წინ მწვრთნელები და კაპიტანი შოთა შავგულიძე ჩემზე კარგა ხანს ბჭობდნენ - გუნდში დავაყენოთ თუ არაო. ზოგი ამტკიცებდა, გამოუცდელია, დაიბნევა და ვერ ითამაშებსო. ეს საუბარი მესმოდა და სული კბილით მეჭირა - აბა, რას გადაწყვეტენ, დამაყენებენ თუ არა-მეთქი. ბოლოს გადაწყვიტეს და მოედანზე გამიშვეს.? იმ მატჩში გაიოზმა ორი გოლი თავად გაიტანა, თითო ბურთი კი მისი გადაცემით შეაგდეს ბერძენიშვილმა და პაიჭაძემ. აქედან იწყება ქართული ფეხბურთის ორი დიდოსტატის - ბორის პაიჭაძისა და გაიოზ ჯეჯელავას პარტნიორობა. სადაც პაიჭაძეს ახსენებდნენ, იქვე ჯეჯელავას მოაყოლებდნენ. პაიჭაძე -ცენტრში, ჯეჯელავა - მარჯვენა ფრთაზე. ამ ტანდემის შეჩერება ერთობ ძნელი საქმე იყო და ეს თავის თავზე არაერთხელ გამოსცადეს საბჭოთა თუ უცხოურმა გუნდებმა. 1944-45 წლებში, როცა თბილისის ''დინამომ'' ირანსა და რუმინეთში ამხანაგური მატჩების ტურნე წარმატებით დაასრულა, ყველაზე მეტი საქებარი სიტყვა სწორედ ამ ორი თავდამსხმელის მისამართით ითქვა. რუმინელებთან ერთ-ერთ მატჩში ჯეჯელავამ ხუთი გოლი გაიტანა, ირანში კი შაჰის განსაკუთრებული საჩუქარი დაიმსახურა. მეორე მსოფლიო ომის წლები რომ არა, გაიოზი გაცილებით მეტს მიაღწევდა, ამბობს ჩვენი სტუდიის სტუმარი, ვეტერანი დინამოელი მიხეილ ჯოჯუა.

[მიხეილ ჯოჯუას ხმა]: ?გაიოზი პირადად იყო ძალიან დიდი ?ტეხნარი?, თითქმის ბურთს არც უყურებდა, მობმული ჰქონდა ფეხზე, ჰოდა, ?ზაშიტნიკებს? აბამდა. იქით დაარტყამდა თუ აქეთ დაარტყამდა, ბოლოს სულ სხვა გადაწყვეტილებას ღებულობდა. როცა სტადიონზე ბორია იყო, გაიოზიც იქ იყო. როცა ბორია არ იყო, გაიოზი იყო გუნდის კაპიტანი. რაც მთავარია, გაიოზმა ჩამოაყალიბა 35-ე სკოლა. ამ სკოლაში* გაიზარდა: ჭკუასელი, მესხი, იამანიძე, კალოევი, სერგო კოტრიკაძე, ჩვენი შესანიშნავი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი.?


1948 წლის საფეხბურთო სეზონი უკანასკნელი გამოდგა ჯეჯელავასთვის. არავის დაუძალებია, მაგრამ მან გუნდიდან წასვლა ამჯობინა და მოსკოვის ტორპედოელთა კარში გატანილი სამი გოლით დაემშვიდობა გულშემატკივრებს. იმ ბოლო ჩემპიონატში გაიოზმა 21 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 32 წლისა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


XS
SM
MD
LG