Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემის მომზადებისას


წამყვანი: დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემის მომზადებისას

ერთ საქველმოქმედო აქციას ვეწვიეთ. ამ ორიოდე წლის წინ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა გამოიჩინა ინიციატივა და გამართა აქცია უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლების დასახმარებლად. ეს ინიციატივა გადამდები აღმოჩნდა და დღეს მიუსაფარ და უნარშეზღუდულ ბავშვებს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საზოგადოებისა და ახალგაზრდების სრულიად სხვადასხვა ჯგუფები ეხმარებიან. 14 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამოქალაქო განათლების ახალგაზრდულმა ცენტრმა და საზოგადოებრივი განათლების ინსტიტუტმა თბილისში, ?მზიურში?, მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია: ?ერთად ყოველი დღე სასწაულია?. ბავშვთა სახლის გარდა, აქციის შემოსავალი ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასაც უნდა მოხმარდეს, თუ, რასაკვირველია, ამდენი ფული შეგროვდა.

?მზიურის? აქციას დასაწყისშივე ეტყობოდა, რომ გაამართლა. ამფითეატრი სავსე იყო, კონცერტის დროს გაღებული ფულით ივსებოდა მოზრდილი გამჭვირვალე ყუთი, ირგვლივ ვაჭრობდნენ უამრავი წვრილმანით ? ნახატებითა და წიგნებით დაწყებული, მძივებითა და ნამცხვრებით დამთავრებული. შეკრებილი საზოგადოება კეთილგანწყობილი და სოლიდარული იყო, არავითარი აგრესია არ იგრძნობოდა.

მე გავესაუბრე თინათინ შელიას, სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების შედარებით ახალ ტალღას განეკუთვნება:

[შელიას ხმა] ?ფული შეგროვდება შემოწირულებით. ეწყობა გამოფენა-გაყიდვა. ორმა გამომცემლობამ ? დიოგენემ და საარმა ? უფასოდ მოგვიტანა თავისი გამოცემები, რომლებიც გავყიდეთ. ცნობილმა თუ უცნობმა ადამიანებმა გასაყიდად შემოგვწირეს ნივთები. ყველა, ვინც დღეს მოვა და იმღერებს, ამას საზღაურის გარეშე აკეთებს და დიდად ვემადლიერებით: არ არის ადვილი, ცოცხლად იმღერო და, ამასთან, უფასოდ. რაც შეეხება შემოსული თანხის გამოყენებას, გეტყვით, რომ ფულს არც უნარშეზღუდულ ბავშვებს ვაძლევთ და არც მათ დირექტორს. ჩვენ თვითონ ვიყავით თემქის ბავშვთა სახლში და ვნახეთ, რა სჭირდებათ ბავშვებს. მათ აქვთ საწოლი და სასადილო ოთახები, მაგრამ არა აქვთ ოთახი, სადაც შეიკრიბებიან, გაერთობიან და ითამაშებენ. ეზოც მოუწყობელია. იქ არის ერთი მოზრდილი და აუთვისებელი ოთახი, რომელიც რემონტს საჭიროებს. ჩვენ გავარემონტებთ მას ჩვენი ძალებით, დავალაგებთ, გავაკეთებთ, შევუძენთ ბავშვებს საჭირო ნივთებსა და სათამაშოებს.?

თინა შელია ამბობს, რომ სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ცენტრისთვის ეს პირველი საქველმოქმედო აქციაა.

[შელიას ხმა] ?ძალიან გვინდა, შემდგომში ეს ტრადიციად დავნერგოთ, ანუ მაინცდამაინც რაღაც პროექტის ფარგლებში კი არა, არამედ სურვილის მიხედვით გააკეთო ეს. მართალია, სანერვიულო ბევრია, მაგრამ ბევრ ადამიანსაც ანიჭებ დიდ სიხარულს, პირველ რიგში, ბავშვებს.?

თინა შელიამ ახსენა შემსრულებლები, რომლებიც აქციაში მონაწილეობას დასთანხმდნენ. მათ შორის იყვნე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა, რობერტ ბარძიმაშვილის ანსამბლი, რომელიც 13-14 წლის მოზარდებისგან შედგება, ნინო ქათამაძე და ჯგუფი ?ინსაითი?, ჯგუფი 21 საათი და ზუმბა ? იგივე ზაზა კორინთელი. შემოგთავაზებთ მოკლე ინტერვიუს სწორედ ზაზა კორინთელთან.



XS
SM
MD
LG