Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოლოდინია ახალი მინისტრთა კაბინეტის მიმართ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გაზეთ "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ხელისუფლება მოსახლეობის მაღალ ნდობას ინარჩუნებს. 600 გამოკითხული რესპონდენტიდან 94 პროცენტი

სრულად ენდობა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის პარტიას. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობა ენდობა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასაც, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სიმპათიურ და ახალგაზრდულ მთავრობას უწოდებს. მე შევეცადე დამედგინა, რას ელის საზოგადეობა ახალი მინისტრთა კაბინეტისგან.



ჩვეულებრივ, ახალი მთავრობის მუშაობის შედეგების დასადგენად 100 დღიანი ვადაა დაწესებული. სწორედ 100 დღის გასვლის შემდეგ იკვეთება, რას მიაღწია ან რას ვერ მიაღწია ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ. თუმცა, ისევ და ისევ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას თუ გავიხსენებთ, ახალ ხელისუფლებას ხანგრძლივი დროის ფუფუნება არა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უახლოეს ხანში უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ქმედობაუნარიანია.
"თავისუფლების ინსტიტუტის" თანამშრომლის დავით ზურაბიშვილის აზრით, დღეს საზოგადოებაში ახალი ხელისუფლებისადმი ორგვარი მოლოდინია - იმედიანი და შიშნარევი. კერძოდ:
[ დავით ზურაბიშვილის ხმა]" არის ორი ვარიანტი: ერთი არის იმედიანი მოლოდინი, მეორე - შიშნარევი. იმედიანი ის არის, რომ პერსონალური შემადგენლობა მაინც ნორმალურია და იმას აჯობებს, რაც იყო. რაღაც პროცესი მაინც დაიწყება. შიშნარევი მოლოდინი - რომ ჩაფლავდება ყველაფერი და ეს გამოიწვევს გაცილებით ცუდ შედეგებს, ვიდრე უცებ შეიძლება მოგვეჩვენოს. იმიტომ, რომ გაძლიერდება ნოსტალგია იმისა, რაც იყო."
ფილოსოფოსი ემზარ ჯგერენაია ახალი ხელისუფლებისგან რეფორმებს ელის, თუმცა იცის, რომ ეს რეფორმები მაინცდამაინც პოპულარობას ხელისუფლებას არ მოუტანს:
[ემზარ ჯგერენაიას ხმა] " მთავრობისგან ველი, პრინციპში, არაპოპლარულ ნაბიჯებს. იმიტომ რომ რეფორმები ყოველთვის დაკავშირებულია შემცირებებთან, ისეთ ნაბიჯებთან, რომლებიც საზოგადოებრივად ფორმირებულ და ჩამოყალიბებულ მენტალიტეტს უპირისპირდება. სწორედ ასეთი ნაბიჯების გადადგმას ველი პირადად მე ახალი ხელისუფლებისგან, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გაატარებენ ამას." (სტილი დაცულია)


ემზარ ჯგერენაიას თქმით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის რადიკალურ რეფორმებზე და მხოლოდ საკუთარი ძლაუფლების შენარჩუნებაზე დაიწყებს ზრუნვას, ეს არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არავითარ სიკეთეს არ მოუტანს.
სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ისაკაძე ელის, რომ ახალი ხელისუფლება ერთხელ და საბოლოოდ მოაგვარებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. გარდა ამისა, გიორგი ისაკაძე იმედოვნებს, რომ შეიქმნება მართვის ეფექტური სისტემა:
[გიორგი ისაკაძის ხმა] " ველი იმას, რომ შეცვალონ ის, რაც შესაცვლელი იყო წინა მთავრობაში. უპირველესად, ასე მგონია, ეს არის კოორდინაციის გაუმჯობესება სტრუქტურებს შორის. ველი, რომ ეს იქნება ერთიანი გუნდი. ველი, რომ იქნება უკეთესი მენეჯმენტი იმიტომ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეიძლება იყოს განხილული როგორც წინა მთავრობის ყველაზე სუსტი წერტილი, იყო მენეჯმენტი - მართვა." (სტილი დაცულია)
მთლიანობაში, საზოგადოების მოლოდინი ახალი მთავრობის მიმართ პოზიტიურია. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრის მიხეილ ჯიბუტის განმარტებით, თავდაპირველად ახალი მთავრობის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის პოზიტიურია ხოლმე:
[ მიხეილ ჯიბუტის ხმა] " თავიდან უნდა ველოდოთ მხოლოდ კარგს და ხელი უნდა შევუწყოთ. თავიდანვე პესიმისტურად არ უნდა განეწყო. 100 დღე მაინც უნდა ვაცალოთ."
თუ ეს თეორია სწორია, ახალი მთავრობის "მარიფათი" უკვე ივნისის დასაწყისში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG