Accessibility links

logo-print

დაძაბულობა აჭარაში


დავით პაიჭაძე, თბილისი ბოლო დროს საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღება თითქოს მოაკლდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეარბილა მკაცრი ტონი აჭარის

ხელისუფლებასთან ლაპარაკის დროს; ოპოზიციური საზოგადოებრივი მოძრაობის, "ჩვენი აჭარისთვისაც" ცხადი გახდა, რომ ასლან აბაშიძის ჩამოცილება ხელისუფლების სათავიდან ვერ მოხდება ისე სწრაფად და ინტენსიური აქტივობის შედეგად, როგორც ეს შევარდნაძის შემთხვევაში მოხდა. აჭარაში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც 28 მარტის არჩევნების მოლოდინშია. ხელისუფლებას ბრალს სდებენ, რომ აჭარაში ის მოქალაქეებს აიარაღებს.

[თამაზ დიასამიძის ხმა] "აჭარაში მასობრივად რიგდება მოსახლეობაში იარაღი, პირადი ერთგულებისა და გვაროვნულ-ნათესაური ნიშნით. ამ ფაქტის უტყუარობა მტკიცდება შეიარაღებულ უკანონო ფორმირებათა დისლოკაციის ადგილებით, სადაც შეიარაღებული რაზმები არიან განლაგებული და იარაღის საწყობებიც აქვთ. დაგისახელებთ: ერთია სოფელი შარაბიძეები ხელვაჩაურის რაიონში და მეორეა სოფელი ირემაძეები ხულოს რაიონში."

ამას ამტკიცებს თამაზ დიასამიძე, მოძრაობა "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, და დასძენს, რომ იმ ადამიანთა სახელები იცის, ვინც იარაღი დაარიგა და ვისაც იარაღი დაურიგეს. "ჩვენს აჭარაში" იციან იარაღის დარიგების დრო და იარაღის მქონეთა მისამართები.

იარაღის დარიგების ფაქტს უარყოფს ფრაქცია "აღორძინების" წევრი საქართველოს პარლამენტში და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენელი თბილისში ჰამლეტ ჭიპაშვილი:

[ჭიპაშვილის ხმა] "მე უარვყოფ ამ ინფორმაციას. არავინ იქ იარაღს არ არიგებს. იარაღი იქ იყო 1992-93, "ქარბუქიან", წლებში... ხელისუფლება ამბობს, რომ მაშინ დაარიგა იარაღი. დღეს კი არ მსმენია, რომ იქ ვიღაც იარაღს არიგებდეს."

ლოგიკურია კითხვა: თუ მძიმე წლებში აჭარის ხელისუფლება მოქალაქეებს იარაღს ურიგებდა, რატომ არ ამოიღო მათგან იგივე იარაღი, როცა ავტონომიურ რესპუბლიკაში სტაბილურობისა და გაფურჩქვნის ნაქები წლები დადგა?

[ჭიპაშვილის ხმა] "იარაღის გაცემა ერთია, ამოღება - მეორე. ეს არცთუ იოლი საქმეა. მე როგორც ვიცი, ნაწილი ამოიღეს, ნაწილი კი დარჩა. დღევანდელი ხელისუფლება გარკვეული დროის წინ აქტიურად მუშაობდა ამ მიმართულებით. ბევრი იარაღი ამოიღეს არცთუ ისე დიდი ხნის წინ."

თამაზ დიასამიძე ამბობს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას, იმავე "ჩვენს აჭარას", სისტემაში მოჰყავს ინფორმაცია იარაღის დარიგებისა და შეიარაღებული ფორმირებების შესახებ და მალე მიაწოდებს გენერალურ პროკურორს. ინფორმაციას დაურთავენ დოკუმენტებსა და იარაღის დარიგების, როგორც ფაქტის, ამსახველ მასალებს და მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

[დიასამიძის ხმა] "განა ამით ხალხი იარაღს დაყრის ან განიარაღება მოხდება? ჩვენ მიგვაჩნია: ეს იქნება დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური და მორალური აქტი, რომელიც შემაკავებელ ფაქტორად იქცევა ყველასთვის, ვინც იარაღს არიგებს და იარაღის მიღება უნდა. ლაპარაკია არა უბრალო, არამედ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე, რომლის ფლობის უფლება კანონით აქვთ მხოლოდ შინაგან ჯარს, პოლიციას და თავდაცვის სამინისტროს ძალებს."

თამაზ დიასამიძე ვარაუდობს, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ბევრს, ვისაც იარაღი მისცეს, უბიძგებს მისი ჩაბარებისაკენ, ხოლო ვისაც ჯერ არ აუღია - თავს შეაკავებინებს. დიასამიძე ირწმუნება, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მოქალაქეებს უანგაროდ არ გადაეცემათ.

[დიასამიძის ხმა] "ავარჯიშებენ, არჩევენ იმ ადამიანებს, ვინც არმიაში ყოფილა და იარაღის ხმარება ეხერხება. თან ფულს უხდიან იარაღის აღების, შენახვისა და ტარებისათვის - 80 ლარს."

ჰამლეტ ჭიპაშვილში დიასამიძის მტკიცება ასეთ რეაქციას იწვევს:

[ჭიპაშვილის ხმა] "ჰა-ჰა-ჰა. მაპატიეთ, მაგრამ ცოტა სასაცილოდ ჟღერს, რომ წვრთნას გადიან და რაღაცა. ცოტა არ იყოს, ეს ალ ყაიდას ტიპის რაღაცას მაგონებს. არც წვრთნა ხდება, არც ბანაკებად არიან დაყოფილი და არც არაფერი. სხვათა შორის, მეც დავინტერესდი ამ განცხადებით - ის არაერთხელ გააკეთეს ოპოზიციურმა ძალებმა - და, უნდა გითხრათ, რომ, მე როგორც ვიცი, ასეთ რამეს ადგილი არა აქვს."
XS
SM
MD
LG