Accessibility links

რომელი საპარლამენტო ფრაქციები დაუჭერენ მხარს მინისტრთა კაბინეტს


საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრე საპარლამენტო ფრაქციებს ხელს ვეღარაფერი შეუშლის მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოსაცხადებლად.

ეს იმის გამო, რომ მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად მხოლოდ 118 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. ამ რაოდენობის მომხრეთა შეკრება ყველაზე რადიკალურ ოპოზიციონერშიც კი ეჭვს არ იწვევს, იმის მიუხედავად, რომ დეპუტატების უმრავლესობამ კარგად არც კი იცის, თუ ვის და როგორ უნდა უყაროს კენჭი.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და მიღება ისეთ სწრაფ ტემპში წარიმართა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებსაც კი გაუჭირდათ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას კენჭისყრის პროცედურაში გარკვევა. საპარლამენტო ფრაქცია "აფხაზეთის" ლიდერის გივი ლომინაძის განცხადებით, მისი ფრაქცია მინისტრებისათვის ხმის მიცემის საკითხს მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მინისტრების ნაწილს მაინც პიროვნულად გაიცნობს:

[გივი ლომინაძის ხმა] "მართალი გითხრათ, ერთი, ორი, სამი კაცის გარდა, ამ მთავრობაში არავის არ ვიცნობ, სახეც არ მინახავს. ის ობიექტივკა მაინც უნდა წავიკითხო, რომელსაც თან ურთავენ პერსონებს ასეთ შემთხვევაში. და მერე, შეიძლება, შეხვედრაც მოვითხოვოთ, ცალ-ცალკე ყველა მინისტრთან თუ არა, 4-5 მინისტრთან მაინც."(სტილი დაცულია)

იმისდა მიუხედავად, შეხვდება თუ არა რომელიმე ფრაქცია ცალკე რომელიმე მინისტრს, ხმის მიცემა მაინც ერთიანი გუნდისთვის მოუწევს. პროცედურა ასეთია:
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს წარუდგენს პრემიერ- მინისტრობის კანდიდატს, რომელიც, თავის მხრივ, პარლამენტს კაბინეტის სამოქმედო პროგრამასა და შემადგენლობას გააცნობს. საკანონმდებლო ორგანომ კი უნდა გადაწყვიტოს, გამოუცხადოს თუ არა ნდობა შემოთავაზებულ პროგრამასა და კაბინეტს, ერთდროულად. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, 3 დღის ვადაში, მინისტრები, პრემიერ- მინისტრის ჩათვლით, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

მიუხედავად იმისა, რომ კარგად არავინ იცის არც მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო პროგრამა და არც კაბინეტის შემადგენლობის კომპეტენტურობა, მათთვის ნდობის გამოცხადებას მაინც აპირებენ ძველი ხელისუფლების ადრინდელი მომხრეები და ახალი ხელისუფლების ძველი პოლიტიკური ოპონენტები.

აღორძინების კავშირის საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, ჰამლეტ ჭიპაშვილის, განცხადებით, მისი ფრაქცია ხმას მისცემს მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას:

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] "ამიტომ ძალიან ზედაპირული იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ რა გაეწყობა. ჩვენ გვეჩქარება, ანუ ხელისუფლებას ეჩქარება. ახლა ძალიან შეზღუდულ პერიოდში ვმუშაობთ და აქ ყველაფერი უნდა მივანდოთ, ელემენტარულად, ღმერთს და ჩვენს ალღოს. რა იქნება ხვალ, ყველაფერი ეს გამოჩნდება პრაქტიკული მუშაობის შედეგად."

ანალოგიურად, კონსტრუქციულადაა განწყობილი წარსულში შევარდნაძის მხარდამჭერი ფრაქცია "თანადგომა" და სხვა, მაჟორიტარი თუ პარტიული, დეპუტატებიც.

მინისტრთა კაბინეტის მოწინააღმდეგეთა რიგებში მყარი პოზიციები უკავიათ ტრადიციონალისტებს. ფრაქციის ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ აზრი აღარ აქვს არც-ერთ კაბინეტს.

[გუბაზ სანიკიძის ხმა] "

ტრადიციონალისტთა მსგავსად არიან განწყობილნი სოციალისტები და ახლები, თუმცა ამ უკანასკნელთა პოზიციის კორექტირებაც არაა გამორიცხული მინისტრთა კაბინეტის პროგრამის წარმოდგენის შემდეგ.
XS
SM
MD
LG