Accessibility links

logo-print

როგორ იმოქმედებს თევზაძის ბრიუსელში გაგზავნა ნატოში გაწევრიანებაზე?


ნატოს სტამბულის სამიტამდე ხუთ თვეზე ცოტა ნაკლები დრო რჩება. მანამდე კი საქართველოს ჯერაც არ აქვს ბოლომდე მიყვანილი ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა,

რომლის შესრულებასთან დაკავშირებით ალიანსის წევრებს ბევრი შენიშვნა დაუგროვდათ. ამ შენიშვნებზე პასუხების გაცემა საქართველოს მხრიდან სულ მალე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ნატოში საქართველოს მომავალ ელჩს დავით თევზაძეს მოუწევს. თუმცა დავით თევზაძის მიმართ პარლამენტის წევრებს, სამხედრო უწყებაში აღმოჩენილი კორუფციის ფაქტების გამო, ბევრი მწვავე შეკითხვა დაუგროვდათ. ორშაბათს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა შერაზადიშვილმა განაცხადა, რომ იგი არ დაუჭერს მხარს ნატოში საქართველოს ელჩად წარმოდგენილ კანდიდატურას.

იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცედურა დაიწყოს, საჭიროა ქვეყანამ ნატოს სტამბულის სამიტის დაწყებამდე ორი თვით ადრე მაინც წარუდგინოს ალიანსის საგარეო კომიტეტს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შეჯერებული პროექტი. საქართველოს ხელისუფლების მიერ გასული წლის ბოლოს ნატოში წარდგენილმა პროექტის პირველმა რედაქციამ ნატოს ექსპერტებს ბევრი კრიტიკული შეკითხვა გაუჩინა. შეკითხვები, ძირითადად, შეეხებოდა სამხედრო უწყებაში არსებულ მდგომარეობას. პროექტში საკმაოდ ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი საჰაერო ძალებისა და სამხედრო ძალების მშენებლობის პერსპექტივა: ფინანსური პრობლემების გამო, რეალურად არსებული სამხედრო ესკადრილია მიჯაჭვულია მიწას, ხოლო სხვადასხვა ქვეყნების ნაჩუქარი საზღვაო კატარღები ორ პარალელურ სამხედრო სტრუქტურაში - სანაპირო დაცვისა და საზღვაო თავდაცვით ძალებშია დაქსაქსული და ასევე მოკლებულია ეფექტურ ექსპლუატაციას. ნატოს სამხედრო ექსპერტებმა ვერც იმაზე მიიღეს დამაჯერებელი პასუხი, თუ რატომ შეადგენენ შეიარაღებული ძალების 20%-ს გენერლები და ოფიცრები, როცა სერჟანტები, ვისაც პირადი შემადგენლობის ყოველდღიური თვალყურის დევნება ევალება, მხოლოდ 2 პროცენტია. და რა პრიორიტეტების მიხედვით იხარჯება სამხედრო ბიუჯეტი. ნატოში საქართველოს წარმომადგენლის დავით სიხარულიძის თქმით, ნატოში ისეთი შთაბეჭდილებაც კი შეიქმნა, რომ ალიანსში გაწევრიანების სურვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს ატარებდა:
[დავით სიხარულიძის ხმა] "ორჯერ დაგვიბრუნეს ამ გეგმის პროექტი. ამის ძირითადი მიზეზი იყო თავდაცვის სამინისტრო. დოკუმენტში არ იყო წარდგენილი რეფორმირების გეგმები, არც სტრუქტურა და არც განვითარების გეგმები. ამის გამო, ზოგიერთი ნატოს ქვეეყანა ალაპარაკდა, არის თუ არა, საერთოდ, საქართველოს განზრახვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე რეალური, თუ ეს მხოლოდ დეკლარაციაა."(სტილი დაცულია)

ნატოსკენ სწრაფვა რომ მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს არ ატარებს, ქვეყანამ ნატოს სტამბულის სამიტამდე ენერგიული სტრუქტურული რეფორმებითა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით უნდა დაამტკიცოს. თუმცა ამ მხრივ რომ საქართველოს სამხედრო უწყებებში სერიოზული პრობლემებია დაგროვილი, კვირის სკანდალური ისტორიებითაც დასტურდება. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები დაუფარავად ამხელენ დეპარტამენტის უფროსს კორუფციული პირამიდის ჩამოყალიბებაში, სერიოზული ფინანსური დარღვევები იკვეთება შინაგანი ჯარების სარდლობაში, ხოლო თავდაცვის სამინისტროში კონტროლის პალატის მიერ მოკვლეული საფინანსო და სამეურნეო დარღვევების ვრცელი ჩამონათვალი პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტმა სამხედრო პროკურატურას გადაუგზავნა. კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა შერაზადიშვილის თქმით, დარღვევები ყოფილი თავდაცვის მინისტრის 6 წლიანი მოღვაწეობის პერიოდს ეხება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პარლამენტარები გაურბიან პასუხს ერთ მარტივ კითხვაზე: როდის აქეთ გახდა ნატოში ელჩად დანიშვნა თანამდებობრივ დაქვეითებად კორუფციაში ეჭვმიტანილი მინისტრებისათვის?
XS
SM
MD
LG