Accessibility links

logo-print

ჰომოფობიის 70 წელი (დასასრული)


ერთი კვირის წინ პროგრამაში "ოქროს საუკუნე" გიამბეთ მოსკოვში

70 წლის წინ შექმნილ დოკუმენტზე, რომლითაც სტალინის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაამკვიდრა ჰომოფობია საბჭოთა კავშირში. მაგრამ სექსუალურ უმცირესობათა დევნა არამარტო კომუნისტური სისტემისთვისაა დამახასიათებელი. ჰომოფობია - შეუწყნარებლობის ის ფორმაა, რომელსაც ნებისმიერი ტოტალიტარული იდეოლოგია ამკვიდრებს. ჰომოფობია - შეუწყნარებლობის ის ფორმაა, რომელმაც პარადოქსულად გააერთიანა ერთსა და იმავე ეპოქაში მოღვაწე ორი დიქტატორი - ჰიტლერი და სტალინი.

1923 წელს ბენედიქტ ფრიდლანდერმა გერმანიაში დააარსა ორგანიზაცია, რომელსაც "სპეციალური საზოგადოება" უწოდეს. ფრიდლანდერის ჯგუფი ათლეტიზმს, ნუდიზმს, სექსუალური განთავისუფლების იდეებს ქადაგებდა და თანამემამულეებს "ბუნების წიაღში დაბრუნებისკენ" მოუწოდებდა. თავდაპირველად გერმანელმა ნაცისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს "სპეციალურ საზოგადოებას" და ნაციონალ-სოციალისტების პარტიაში ფრიდლანდერის იდეების პროპაგანდა დაიწყეს. მაგრამ 1933 წლის 6 მაისს, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე 2 თვით ადრე, სტუდენტმა ნაცისტებმა ბერლინის ბიბლიოთეკებში რეიდი მოაწყვეს და ე. წ. "ანტიგერმანულ ლიტერატურასთან" ერთად ფრიდლანდერის გამოცემებიც დაწვეს. როგორც აღმოჩნდა, "სპეციალური საზოგადოება" ფლობდა კომპრომანტებს, რომელიც ნაცისტების ზოგიერთი ლიდერის არატრადიციულ სექსუალურ ცხოვრებას ასახავდა.

ცოტა ხანში გიმლერმა, რომელიც ფანატიკოს ჰომოფობად ითვლებოდა, გერმანულ ჯარში ჰომოსექსუალობა თავიდან აცილების მიზნით, გამოსცა ბრძანება, რომელიც ჯარისკაცებს მეძავებთან ურთიერთობის უფლებას აძლევდა. თითქმის იმავე დროს ნაცისტების ექიმებმა საკონცენტრაციო ბანაკებში სექსუალურ უმცირესობებზე ანტიჰომოსექსუალისტური ვაქცინის გამოცდა დაიწყეს. ექსპერიმენტმა არ გაამართლა.

საბჭოტა კავშირში კი კვლავაც გავრცელებული იყო აზრი, რომ "ჰომოსექსუალობა გერმანული დაავადებაა", ჰიტლერი კი - "მსოფლიო ჰომოსექსუალობის აგენტი". არგუმენტის სახით, მოსახლეობას ახსენებდნენ, რომ ჰიტლერის მოსვლა პოლიტიკაში განაპირობა "SA"- ს ლიდერმა, კაპიტანმა რემმა, რომელიც მოგვიანებით სწორედ ჰიტლერმა ამხილა მამათმავლობაში, მერე კი, 1935 წელს, ე.ი. საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალთა მასობრივი დაპატიმრებებიდან 2 წლის შემდეგ, თავადაც გამოუცხადა ბრძოლა სექსუალურ უმცირესობებს...

ამ პერიოდიდან საბჭოთა პრესა ჰომოსექსუალებს ნაცისტებთან აღარ აიგივებს. მით უმეტეს, რომ იწყება მზადება გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ხელშეკრულებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა სტალინისა და ჰიტლერის ურთიერთობა. ახლა გთავაზობთ იმ ისტორიკოსების შეფასებებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ორი დიქტატორის ამ ურთიერთობას იკვლევდნენ.


დეიჩერი, "სტალინი: პოლიტიკური ბიოგრაფია":

"ჰიტლერი აშკარად ეარშიყებოდა სტალინს."

ულამი, "ადამიანი და მისი ერა":

"სტალინს ლაკლოს "სახიფათო კავშირები" არ წაუკითხავს, არ წაუკითხავს ეს ფრანგული რომანი, რომელშიც რევოლუციამდელი არისტოკრატია სასიყვარულო ინტრიგებითა და მუხანათობით იხალისებს ცხოვრებას. მიუხედავად ამის,ა 1939 წლის საბჭოთა-გერმანული თამაშები - კლასიკური ტიპის სასიყვარულო ინტრიგას ჰგავდა."

კრივიცკი, "სტალინის საიდუმლო სამსახურში":

"რაც უფრო აგრესიული ხდებოდა ჰიტლერის პოლიტიკა, მით უფრო თავაზიანი ჩანდა მის მიმართ სტალინი."

საბჭოთა-გერმანულ "სასიყვარულო თამაშებზე", ანუ ნაციზმისა და კომუნიზმის ნათესაობაზე, უფრო სერიოზული ნაშრომებიც შექმნილა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილეთ ორი დიქტატორის თავისებურ ურთიერთლტოლვაზე და ჰომოსექსუალობის მიმართ აბსოლუტურად ერთნაირ დამოკიდებულებაზე. საინტერესოა, რომ ორივე, ჰიტლერიც და სტალინიც, ახალგაზრდობაში ჰომოსექსუალებთან, ერთი - რემთან, მეორე - ჩიჩერინთან, მეგობრობდა. და, რაც მთავარია, ელემენტარული ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების თანახმად, რომელიმე იდეის მიმართ მტრული დამოკიდებულება იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის გულგრილი იმის მიმართ, რასაც ასეთი დუჟმორეული ებრძვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აგრესიული ჰომოფობია იმის მანიშნებელია, რომ საქმე გვაქვს ტიპიურ ლატენტურ ჰომოსექსუალებთან - ე.ი. ადამიანი ამ დროს, პირველ რიგში, საკუთარ თავს ებრძვის. თუმცა ბოლო დროს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ისტორიკოსები იმასაც ამტკიცებენ, რომ ჰიტლერი და სტალინი სულაც არ ყოფილან "ლატენტური ჰომოსექსუალები"... თავის წიგნში "სტალინის დანაშაულების საიდუმლო ისტორია" ალექსანდრე ორლოვი ამტკიცებს, რომ ბელადს ოფიციალური საყვარელიც ჰყავდა - თავისი დაცვის უფროსი, პაუკერი, ეროვნებით უნგრელი. ორლოვი იგონებს:

"1937 წელს "ნკვდ"-ს უფროსობა თითქმის მთლიანად დაპატიმრებული იყო. სწორედ მაშინ პარიზის ერთ კაფეში შემთხვევით შევხვდი ვინმე "გ"-ს, წარმოშობით უნგრელს, რომელიც "ნკვდ"-ს საზღვარგარეთული განყოფილების საიდუმლო აგენტი იყო და პაუკერთან მეგობრობდა. ვიცოდი, რომ იგი ახლახან ჩამოვიდა მოსკოვიდან. "როგორაა პაუკერი, ჯერ არ დაუპატიმრებიათ?" - ვკითხე ხუმრობით. "როგორ ამბობ ამას, - მიყვირა მან, - პაუკერი ხომ სტალინისთვის მეტია, ვიდრე მეგობარი...მეტია, ვიდრე ძმა...იგი ხომ მისი... თქვა მან და ფრაზა არ დაამთავრა."

პაუკერი 1937 წელს დახვრიტეს. რემის ისტორია განმეორდა. ამჯერად - საბჭოთა კავშირში. სიტყვით, ორივე ბელადი ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა სექსუალურ უმცირესობებს, მაგრამ ორივეს გული უჩუყდებოდა ფილმებზე, რომლის გმირები - მათ შორის, მამაკაცები - აცხადებდნენ, რომ სტალინი (ან ჰიტლერი) მამაზე, ძმაზე, დედაზე, ცოლზე მეტად უყვარდათ. გული უჩუყდებოდათ სიმღერებზე, რომელშიც პერვერსიულობითაა გაჟღენთილი მუსიკაც და ტექსტიც.

[ხმა: სტალინის ეპოქის სიმღერა]

ძველი ბოლშევიკი ბორის ნიკოლაევსკი ამტკიცებდა, რომ სტალინს ასეთი სიმღერების მოსმენისას თვალები უბრწყინავდა, მის სახეზე "სექსუალური სიამოვნების განცდა" აღიბეჭდებოდა ხოლმე... ასეთი იყო იგი ნასვამ მდგომარეობაშიც, როცა, როგორც ჩანს, ნაკლებად აკონტროლებდა თავის ქცევებს. ასეთ მდგომარეობაში იხილა სტალინი 30-იანი წლების მიწურულს ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა ელჩმა საბჭოთა კავშირში უილიამ ბულიტმა, რომელიც მოგვიანებით დაწერს:

"სტალინი ჩემ მიმართ ნაზ გრძნობებს არასდროს მალავდა. ერთხელ საკმაოდ ნასვამი იყო, როცა გადამეხვია და ტუჩებში მაკოცა. ღმერთო ჩემო, როგორი ზიზღი ვიგრძენი მაშინ, რომ იცოდეთ..."

პარანოია, რომელიც ნებისმიერი დიქტატორის სენია, როგორც წესი, ამძაფრებს ლატენტურ ჰომოსექსუალობას. თავის წიგნში "ფსიქოპათოლოგია და პოლიტიკა" ამერიკელი მეცნიერი ლასუელი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ ენდობიან ადამიანებს, მუდმივი ეჭვი და მტრის ძიება ტანჯავთ, უბრალოდ, იძულებულები ხდებიან ერთსა და იმავე ხალხში, ე. ი. "სანდო ხალხში", იტრიალონ - იმუშაონ და გაერთონ მათთან ერთად, მოაწყონ ღრეობები, იქეიფონ და დრო ატარონ ერთ, ვიწრო, წრეში. დაახლოებით ისე, როგორც პიერ-პაოლო პაზოლინის ფილმში "სალო, ანუ სოდომის 120 დღე", რომელშიც გენიალური იტალიელი რეჟისორი ამტკიცებს, რომ სისტემა, რომელიც არ აძლევს საშუალებას ადამიანს მაქსიმალურად შეძლოს თავისი გრძნობების რეალიზაცია, თავისთავადაა პათოლოგიური. სადისტი ხდება ის, ვისაც არა მარტო გრძნობით-ადამიანური, არამედ ხორციელი, ცხოველურიც კი ჩაკლული აქვს. ამიტომაც ყველაზე დიდი გარყვნილება - ძალაუფლებაა.
XS
SM
MD
LG