Accessibility links

logo-print

პოლ ბრემების განცხადება ერაყის გარდამავალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა ერაყში მოქმედი ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა პოლ ბრემერმა განაცხადა,

რომ წინ აღუდგება ერაყის ლიდერთა მცდელობას - ისლამური სამართლის - შარიათის საფუძველზე შექმნან ქვეყნის ახალი კონსტიტუცია. პოლ ბრემერმა განაცხადა აგრეთვე, რომ შეიძლება ისლამის გამოცხადება სახელმწიფო რელიგიად, მაგრამ გაუმართლებელი იქნება ისლამის საფუძველზე ერაყის ძირითადი კანონის შექმნა.


ერაყის მმართველი საბჭოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, მკაცრი კურსის მომხრე სუნიტ მაჰმადიანს, მოჰსენ აბდელ-ჰამიდს სურს, რომ სწორედ ისლამური კანონის საფუძველზე შეიქმნას ქვეყნის ახალი, გარდამავალი კონსტიტუცია, რომელიც ამ თვის დამლევს შევა ძალაში.

ერაყელი ქალები შიშობენ, რომ ისლამურ კანონზე დაფუძნებული კონსტიტუცია მკვეთრად შეზღუდავს მათს უფლებებს.

ორშაბათს, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ქალაქ ქარბალაში, პოლ ბრემერმა განაცხადა, რომ მისი ხელმოწერის გარეშე ახალი კონსტიტუცია ვერ შევა ძალაში, და რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არ დაუშვას ერაყში ისლამური კანონების ამოქმედება. რაც შეეხება ქვეყნის მუდმივ კონსტიტუციას, იგი, შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, 2005 წლამდე არ იქნება შედგენილი.

ისლამური კანონი არსებითად უზღუდავს ქალებს განქორწინების უფლებას, თანაც ისინი მემკვიდრეობის მხოლოდ ნახევარს ღებულობენ მამაკაცებისაგან. გარდა ამისა, ისლამური კანონით ნებადართულია მრავალცოლიანობა და გოგონების გათხოვება უფრო ადრეულ ასაკში, ვიდრე ეს სეკულარული კანონითაა გათვალისწინებული.

ამ თვის დასაწყისში, წარმომადგენელთა პალატის 45-მა წევრმა წერილობით მიმართა პრეზიდენტ ბუშს და მოუწოდა - ქალთა უფლებები დაიცვას ერაყში. თუმცა ივნისის ბოლოს, როცა ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაცია ერაყელებს გადასცემს ქვეყნის მართვის სადავეებს, ვაშინგტონის სიტყვას ერაყში ყავლი ექნება გასული.

ამასობაში, ერაყში გრძელდება თავდასხმები კოალიციის ძალებზე. ორშაბათს, ქალაქ ბაქუბაში, 40 კილომეტრში ბაღდადის ჩოდილო-აღმოსავლეთით, გზაზე დადებული ყუმბარის აფეთქების შედეგად 1 ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული, 4 - დაიჭრა. აფეთქება მოხდა ბაღდადის ცენტრშიც, რამაც 1 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა; მეორე ჯარისკაცი დაიჭრა. მესამე აფეთქება დაბა თალ აფარში მოხდა ჩრდილოეთ ერაყში, რასაც იგივე მსხვერპლი მოჰყვა.

ამდენად, მოყოლებული გასული წლის მარტიდან, როცა შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებთან ერთად სამხედრო ოპერაცია დაიწყო სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ, 541-დე გაიზარდა ერაყში დაღუპულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი.

რაც შეეხება ერაყის 25-წევრიანი მმართველი საბჭოს უმრავლესობის მოთხოვნას, რომ ამერიკა-ბრიტანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ საყოველთაო არჩევნების ჩატარებამდე გადასცეს ხსენებულ საბჭოს ქვეყნის მართვის სადავეები, პოლ ბრემერმა განაცხადა, რომ ერაყში გაეროს საგანგებო წარგზავნილის, ლახდარ ბრაჰიმის საანგარიშო მოხსენებას დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეილებას.
XS
SM
MD
LG