Accessibility links

logo-print

რას შეიძლება მოასწავებდეს ''დიდი სამეულის'' შეხვედრა ევროკავშირის სამიტის წინ


ბერლინში ევროკავშირის ე.წ. "დიდი სამეულის" - გერმანიის,

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა ბევრში აღძრავს ეჭვს, რომ ევროკავშირის წამყვანი სამი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც დღემდე დიდი ერთსულოვნებით არ გამოირჩეოდნენ, ახლა სწორედ საერთო ინტერესების დაცვის სურვილმა გააერთიანა. ბევრი შიშობს, რომ მარტის ბოლოსთვის დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ შროდერს, შირაკსა და ბლერს ამოძრავებთ ამბიცია - გაფართოებულ ევროკავშირში პრივილეგირებული სახელმწიფოების სტატუსი დაიმკვიდრონ - არ იქცნენ ევროკავშირის სხვა წევრების თანასწორ სუბიექტებად ევროკავშირის კანონმდებლობის წინაშე. საქმე ის არის, რომ ე.წ. "დიდი სამეულის" ლიდერები ნაწილობრივ ადასტურებენ მათი ერთიანობის მიმართ შიშის საფუძვლიანობას.

გასულ კვირაში, 12 თებერვალს ბერლინშივე შეხვდნენ ერთმანეთს გერჰარდ შროდერი და ტონი ბლერი. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ტონი ბლერმა განაცხადა, რომ ე.წ. "დიდი სამეულის" შეხმატკბილება ევროკავშირის სამიტის წინ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ერთგვარი "დირექტორატის" ჩამოყალიბება სურთ. თუმცა, ამას სიმშვიდე არ მოუგვრია მათთვის, ვინც ააღელვა სულ ცოტა ხნის წინ ერაყის გამო წაკიდებული ქვეყნების ლიდერების ურთიერთობათა გაუმჯობესებამ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ შროდერი-ბლერი-შირაკის სამეული წინასწარვე დაადანაშაულა ვიწრო "ნაციონალური ინტერესების" დაცვაში და უწოდა "ტრიუმვირატი, რომელიც აზიანებს ევროპის კონსტრუქციას". ფრატინი აღიარებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ერთი ნაწილი უფრო სწრაფად მიიწევს წინ, ვიდრე დანარჩენები. მაგრამ ფორმულა, რომ ამ ერთმა ჯგუფმა ევროკავშირის სხვა წევრების ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება, იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით, ვერ იმუშავებს და ყველა საერთო წესს უნდა დაემორჩილოს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რას ფიქრობს, შექმნილია ობიექტური საფუძველი იმისთვის, რომ ვიღაცას და მით უმეტეს წამყვან ქვეყნებს ევროკავშირში "უფროსობა" მოუნდეთ. შევხედოთ ვითარებას, რომლის ფონზეც "დიდი სამეული" ხვდება ერთმანეთს: ბოლო ერთი წლის მანძილზე ევროკავშირში იყო სერიოზული განხეთქილება ერაყში ომთან დაკავშირებით; ევროკავშირის წევრებმა ვერ შეძლეს შეთანხმება კონსტიტუციაზე, რომელიც მომავალი, გაფართოებული ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოს მოხაზავდა. გარკვეულ ღელვას იწვევს აგრეთვე აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი როგორც ძველ, ისე მომავალ წევრებს შორის. გარდა ამისა, არის უთანხმოება გაერთიანების ეკონომიკური პოლიტიკის თაობაზეც. ამ დროს კი სულ უფრო სუსტდება ევროკავშირის აღმასრულებელი ინსტიტუტის - ევროკომისიის პოზიციაც, რასაც ისიც განაპირობებს, რომ დასასრულს უახლოვდება ევროკომისიის ახლანდელი შემადგენლობის ვადა.

კანცლერი შროდერი, პრეზიდენტი შირაკი და პრემიერ-მინისტრი ბლერი აცხადებენ, რომ მათი შეკრების მიზანი მხოლოდ ის არის, რომ ევროკავშირის სამიტის წინ ნათელი მოჰფინონ ევროკავშირის საერთო პოლიტიკის სფეროებში არსებულ პრობლემებს. თუმცა, ევროპის აკადემიის ანალიტიკოსი გაბრიელ ფონ ტოგენბურგი ვითარებას ასე განმარტავს:

[ტოგენბურგის ხმა]
"დირექტორიუმი" (როგორც ეს გერმანულად ჟღერს) იარსებებს დე ფაქტო. ის არ იქნება დაკანონებული, არამედ ისეთი რამ, რაც არსებობს პოლიტიკურ რეალობაში და არ აქვს ფორმალური კავშირი ინსტიტუტებთან და არ აისახება კანონმდებლობაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ "დირექტორიუმის" ჩამოყალიბების პრევენციაც შეუძლებელია. თუკი ამ სამ ქვეყანას, ან ევროკავშირის წევრ რომელიმე სხვა ქვეყნების ჯგუფს შორის კავშირი გამყარდება და ეს მათთვის მნიშვნელოვანია, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება გარკვეულ ლეგალურ ფარგლებში, სოლიდარობის პრინციპის დაცვით".

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ანალიტიკოსი ინგო პეტერსი კი ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი არაფორმალური დირექტორატის შექმნა მთლიანად უარყოფითად განვიხილოთ. პეტერსი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრები დიდი ხანია მიეჩვივნენ ფრანკო-გერმანული "მოტორის" არსებობას და ამ მოვლენის მიმართ დღემდე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ. კერძოდ, ეს "მოტორი" პოზიტიურად აღიქმებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ის წარმოადგენდა ევროკავშირის პოლიტიკურ წარმმართველ ძალას, ნეგატიურად კი მაშინ, როცა ეს "მოტორი" აიძულებდა ევროკავშირის შედარებით მცირე სახელმწიფოებს წასულიყვნენ იმ მიმართულებით, საითაც მათ არ სურდათ.

ასეთი მიდგომის საფუძველზე, პეტერსი ასკვნის, რომ ლიდერი სახელმწიფოების სამეული, დუეტს სჯობს, რადგან მისი ინტერესები უფრო ფარო სპექტრს მოიცავს.

ექსპერტი ევროპის აკადემიიდან გაბრიელ ფონ ტოგენბურგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ინტერესების მიხედვით გადაჯგუფება თავისთავად ქმნის წევრებს შორის თანამშრომლობის გაზრდის საფუძველს იმისდა მიუხედავად მოახერხებენ თუ არა ისინი შეთანხმებას ევროპის კონსტიტუციაზე. ანუ ევროკავშირის წევრთა ერთ ჯგუფს შეეძლება გადადგას ნაბიჯი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის სფეროში, მეორეს კიდევ სხვა საკითხების გადაჭრის გზაზე და ა.შ.:

[ტოგენბურგის ხმა]
"მიმდინარე დისკუსიის ფონზე აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ კანონიერი თვალსაზრისით შეუძლებელია ევროკავშირის ნამდვილი "ცენტრის" შექმნა. ანუ, წარმოუდგენელია, რომ, მაგალითად, ევროკავშირის დამაარსებელმა ექვსმა სახელმწიფომ შექმნას ე.წ. "ევროკავშირი ორი". ამისათვის საჭირო იქნება ევროკავშირის დანარჩენი წევრების თანხმობა, რადგან ეს უკვე გულისხმობს ევროკავშირის ძირითად ხელშეკრულებათა შეცვლასაც".

ბერლინის სამიტზე განსახილველ საკითხთა დიდი ნაწილი ეკონომიკური იქნება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეკ სტროს თანახმად, "დიდი სამეული" შეეცდება მიაღწიოს შეთანხმებას ევროკავშირში ეკონომიკური რეფორმების თაობაზე, რაც შეიძლება მისაღები აღმოჩნდეს მარტის სამიტის მონაწილეებისთვისაც. 18 თებერვლის სამიტზე განიხილება აგრეთვე ევროკომისიის უფრო ეფექტიან ინსტიტუტად გარდაქმნის საკითხიც.
XS
SM
MD
LG