Accessibility links

logo-print

საქართველოს მინისტრთა კაბინეტი ჰყავს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კომპაქტური, კომპეტენტური, გამჭვირვალე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, სწორედ ასეთი იქნება ნოემბრის მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბებული აღმასრულებელი ხელისუფლება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მმართველობითი სისტემის სრული რეორგანიზაცია, ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა, ბრძოლა კორუფციასთან - ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც კოლექტიური პასუხისმგებლობის მქონე მინისტრთა კაბინეტს მოუწევს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ჟვანიას ერთი საათი დასჭირდა პარლამენტარებისთვის იმ პროგრამის ძირითადი თეზისების გასაცნობად, რომელიც 15 თაბახის ფურცელზეა ჩამოყალიბებული და რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ქვეყანა ახალ რეალობაში იცხოვრებს. იმედია, თავად პროგრამა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ამჯერად კი მხოლოდ ახალი მთავრობის ახალი სამოქმედო პროგრამის ზოგიერთ დებულებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
როგორც ჩანს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შემცირებების პროცესი გაგრძელდება - ზურაბ ჟვანიას განმარტებით, საქართველოს მასშტაბის ქვეყანას არ სჭირდება იმხელა ბიუროკრატიული სისტემა, როგორიც წინა ხელისუფლებისას არსებობდა. ყველაზე სერიოზულ ცვლილებას მმართველობითი სისტემა განიცდის, იქნება ეს უშიშროების სამინისტროს საბოლოო გათავისუფლება პოლიტიკური დევნის ფუნქციებისგან თუ პოლიციის ჟანდარმერიად გარდაქმნა. ზურაბ ჟვანია, მთლიანობაში, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან ქართველი ხალხის პოტენციალის იმედი აქვს. ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ იმედების გაცრუებას აღარ დაუშვებს:
[ ზურაბ ჟვანიას ხმა] " მე არასოდეს დამავიწყდება იმ ადამიანების გამომეტყველება, იმ ადამიანების იმედი, მოლოდინი, ვინც მოახდინა ნოემბრის რევოლუცია, "ვარდების რევოლუცია" საქართველოში. მე ერთი რამ ვიცი და, ანალოგიურად, ყველა ჩემმა კოლეგამ - რომ ეს ხალხი ვეღარ მოითმენს თავისი იმედების, თავისი მოლოდინების კიდევ ერთხელ გაცრუებას."
მთავრობის მეთაურის ამაღლებული ტონის მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიციამ მაინც საჭიროდ მიიჩნია დაეკონკრეტებინა ახალი ხელისუფლების ზოგიერთი დაპირების შესრულების ვადა. სოციალისტური პარტიის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი დაინტერესდა, თუ როდის შესრულდება გაერთიანებული დემოკრატების დაპირება საარსებო მინიმუმთან მინიმალური ხელფასის გათანაბრების თაობაზე:
[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] " დღეს ამბობთ, 2004 წლის ივნისში გეტყვით, როდის გაუთანაბრდება მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმსო. მითხარით - დღეს ამბობთ სიმართლეს თუ მაშინ ამბობდით?"
[ ზურაბ ჟვანიას ხმა] " თქვენს ადგილზე მე სხვა პათოსით ვისაუბრებდი. მე განვაცხადე და კიდევ ვიმეორებ - ჩვენ შევპირდით პენსიების გაზრდას და ეს თანმიმდევრულად განხორციელდება. და თქვენი სალაპარაკო არ არის - თქვენ თვეების განმავლობაში ვერ გასცემდით პენსიას."
მთლიანობაში, პარლამენტმა მოიწონა მინისტრთა კაბინეტის სამუშაო პროგრამა. თუმცა, ზურაბ ჟვანიას აღიარებით, მთავრობის მეთაურის რანგში პარლამენტარების კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთული საქმე ყოფილა.
XS
SM
MD
LG