Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენი ამომრჩეველი ცხოვრობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ ამომრჩეველთა დეკლარირებული რაოდენობა, დაახლოებით 300 ათასი კაცი, არჩევნების დამკვირვებელთა და ექსპერტთა შორის სერიოზულ ეჭვებს ბადებს.

ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარაში 240 ათასამდე ამომრჩეველი ირიცხებოდა. საქართველოში დემოგრაფიისა და მიგრაციული პროცესების ექსპერტები კი შეუძლებლად მიიჩნევენ 4 წლის მანძილზე აჭარაში ამომრჩეველთა რიცხვის 60 ათასით გაზრდას. როგორ გადაწყდება 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის აჭარის ამომრჩეველთა რაოდენობის პრობლემა?

ჯერ კიდევ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კომპიუტერებითა და ციფრული კამერებით შეიარაღებულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ავტონომიის მოსახლეობა შემოიარეს. ამ რეიდის შედეგები აჭარის ავტონომიის ხელისუფლებამ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სიად გამოაცხადა და გაირკვა, რომ ავტონომიაში 300 ათასზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს.

სწორედ ამ ციფრის საფუძველზე, ასლან აბაშიძის აღორძინების კავშირმა გასულ საპარლამენტო არჩევნებში მეორე შედეგი მოიპოვა.
ასლან აბაშიძე 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებშიც ამ რესურსის გამოყენებას გეგმავს და ცდილობს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან აჭარაში შედგენილი სიების აღიარებას მიაღწიოს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ელდარ შამილიშვილის განცხადებით, აჭარაში საპარლამენტო არჩევნები კვლავ ძველი სიებით ჩატარდება:

[ელდარ შამილიშვილის ხმა] "აჭარაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება იმ სიებით, რომელიც აჭარას აქვს და ახლაც ვიმეორებ, რომ ვმუშაობთ სიებზე, მიმდინარეობს შესწორებები, ცვლილებები და შესწორებული ცვლილებებით მოხდება ამ სიების გამოქვეყნება და არჩევნები ჩატარდება."(სტილი დაცულია)

საკითხისადმი ასეთ მიდგომას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ეწინააღმდეგება. კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებამდეც აცხადებდა, აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა წინასწარი რეგისტრაციისას და არჩევნების დღეს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობით განისაზღვრებაო და ეს, მართლაც, ასე მოხდა. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აჭარაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვმა მხოლოდ 80 ათასი შეადგინა.

17 თებერვალს კი ბათუმში ვიზიტისა და ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ავტონომიის სიების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად შეცვალა:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]

აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა რომ 300 ათასი არ იქნება, ეს, ჭიაბერაშვილთან ერთად, აჭარის ხელისუფლებაშიც კარგად მოეხსენებათ.

სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის იოსებ არჩვაძის განცხადებით, აღწერის შედეგების მიხედვით, აჭარაში მხოლოდ 265 ათასამდე ამომრჩეველია.
სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც ცდილობს ავტონომიის ხელისუფლება კომპიუტერიზებული და დასურათებული სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელში არ ჩაუვარდეს. თუმცა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკა ვალდებულია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სიები ცენტრში გადმოგზავნოს. შესაბამისად, ჭიაბერაშვილის უწყებას საშუალება ეძლევა სიების ფილტრაცია სწორედ მაშინ განახორციელოს.
XS
SM
MD
LG