Accessibility links

logo-print

ვინ ასწავლის სახელმწიფო ენას ქართველ აზერბაიჯანელებს?


საქართველოში ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებისთვის, ფაქტობრივად, ეს ნახევარი მილიონი ხმა იყო - ხმა არჩევნებზე, ხმა ადამიანებისა,

რომელთა უმრავლესობამ არ იცის ქართული ენა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე აზერბაიჯანული მოსახლეობის ხმები მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო. თუმცა ჯერ კიდევ არავინ იცის, ვინ ასწავლის ამ ხალხს სახელმწიფო ენას. დრო გადის, ქვემო ქართლში ახლა ხუთჯვრიანი დროშები ფრიალებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ჩივიან, რომ არაქართველებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში სახელმწიფო ენის სწავლება კვლავაც ფორმალურია. მე გავესაუბრე არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველ აზერბაიჯანელთა ასოციაციის" ხელმძღვანელს ემილია ხალილოვას, რომლის აზრითაც, ბოლო დროს ეთნოუმცირესობებისთვის ქართულის სწავლების პროგრამები ეფექტური არ აღმოჩნდა.


გასული წლის აპრილში შეიქმნა ქართულენოვანი აზერბაიჯანელების ორგანიზაცია "საქართველო - ჩემი სამშობლოა", რომლის ლიდერებმა, ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა, ეთნოუმცირესობებისთვის ქართული ენის ფლობა სავალდებულოდ გამოაცხადეს. უცნაური რამ ხდება - "ქართველი აზერბაიჯანელები" ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, ქართული ენის სწავლის დიდი სურვილი აქვთ, ხელისუფლება კი კვლავაც არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. ემილია ხალილოვას აზრით, პრობლემა ვერ გადაიჭრება, სანამ ის აზერბაიჯანელები, რომლებმაც თანამემამულეთა ინტერესები უნდა დაიცვან პარლამენტში, თავად არ ისწავლიან ქართულ ენას. საქართველოს პარლამენტის 6 აზერბაიჯანელი დეპუტატიდან ხომ ქართული ნორმალურად არც ერთმა არ იცის, თბილისის საკრებულოში კი არ არის არც ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.


[ემილია ხალილოვას ხმა] "ძალიან ხშირად პარლამენტში ხვდებოდა ადამიანი, რომელმაც ენა არ იცის და ვერ იღებს მონაწილეობას საკანონმდებლო მოღვაწეობაში... როცა ასეთი ადამიანი ხვდება პარლამენტში, მისთვისაც დამამცირებელია ეს და იმ ეთნოსისთვისაც, რომელსაც იგი წარმოადგენს პარლამენტში."

ემილია ხალილოვა ყალბი ინტერნაციონალიზმის წინააღმდეგია - ორგანიზაცია "ქართველი აზერბაიჯანელების" ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საბჭოური სისტემა, ეგრეთ წოდებული "კვოტები" პარლამენტში ეთნიკური უმცირესობებისთვის, უნდა გაუქმდეს და შემუშავდეს ეთნოუმცირესობების პოლიტიკაში მოსვლის ახალი მექანიზმები. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ დაეხმარონ ხელისუფლებას, მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდება, სანამ ხელისუფლება არ მოიცლის ეთნოუმცირესობებისთვის:

[ემილია ხალილოვას ხმა] "ადრე უფრო ხშირად ჩავდიოდით ამ რეგიონში, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ერთი ან ორი არასამთავრობო ორგანიზაციის გასაკეთებელი საქმე, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ ხელისუფლებას."

აქამდე საქართველოში მცხოვრები ეთნოუმცირესობები, როგორც წესი, ან მხოლოდ ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, ან თავად არ ჰქონდათ სურვილი ესწავლათ ქართული ენა.. თუნდაც იმიტომ, რომ ქართველებთან ურთიერთობა მათ არ უხდებოდათ, ან, თუ უხდებოდათ, რუსულადაც მშვენივრად ახერხებდნენ.. მაგრამ იმავე ქვემო ქართლში დღეს იზრდება ეთნიკური აზერბაიჯანელების ახალი თაობა, რომელმაც არც ქართული იცის, არც რუსული.

[ემილია ხალილოვას ხმა] "ორივე მხარის პრობლემაა ეს, ხელისუფლებამაც უნდა იმუშაოს და იმ ხალხმაც, რომელიც იზოლირებულია. ძალიან მცირე ნაწილი, ვინც ცხოვრობს ამ რეგიონებში, ჩართულია იმ პროცესებში, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება... შეიძლება ითქვას, რომ ესენი კი ცხოვრობენ საქართველოში, კი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ მაინც არ უთქვამთ თავიანთი სიტყვა."(სტილი დაცულია)

და ვერც იტყვიან თავიანთ სიტყვას, სანამ ამ სიტყვას არ გაიგებენ. მათ შეიძლება ხმა მისცენ ხელისუფლებას, შეიძლება შემოხაზონ თავიანთი კანდიდატი ახლა უკვე აზერბაიჯანულად თარგმნილ საარჩევნო ბიულეტენში, მაგრამ რა უნდა ამ ხალხს, რა აწუხებს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მაინც ვერ გაიგებს. ჩვენი საუბრის ბოლოს ემილია ხალილოვა კითხვით - შეიძლება ითქვას, რიტორიკული კითხვით - მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას:

[ემილია ხალილოვას ხმა] "თუ არ იცი ენა, თუ ცხოვრობ მხოლოდ აზერბაიჯანელების გარემოში - და ასეთი სოფლები საკმაოდ ბევრია - და თუ არა გაქვს, ყოველდღიური თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც კონტაქტი ქართველთან, თუ არა გაქვს საშუალება უყურო საქართველოს ტელევიზიას, არა გაქვს საშუალება წაიკითხო ქართული გაზეთი, სად უნდა ისწავლოს ამ ადამიანმა ეს ენა?"
XS
SM
MD
LG