Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიტყვის თავისუფლების პრობლემები საქართველოს რეგიონებში


დავით პაიჭაძე, თბილისი ორიოდე კვირის წინ თბილისში სამი პოპულარული სატელევიზიო არხიდან ღამის ტელედებატების ერთბაშად გაქრობამ საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და საფრთხის შესახებ.

მე შევეცადე გამერკვია, რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოს რეგიონებში. საამისოდ რამდენიმე რეგიონული ტელეკომპანიის წარმომადგენელს გავესაუბრე.

ვითარება ნაირგვარია სხვადასხვა რეგიონში, თუმცა იდეალურად საქმე არსად არ არის. ზოგმა ჟურნალისტმა გამანდო პროფესიული შეზღუდვის შემთხვევები, მაგრამ მთხოვა, არ გამეხმაურებინა, რათა ხელმძღვანელთან არ გამწვავებოდა ურთიერთობა.

ზოგან ჟურნალისტებს გარემო უჩვეულოდ ეჩვენებათ, ზოგან არაფერი შეცვლილა, არის ადგილები, სადაც ვითარება გაუარესდა. ასე მოხდა, მაგალითად, ფოთში, ქალაქის მერად ბიზნესმენისა და საკრებულოს წევრის, ვახტანგ ალანიას, დანიშვნის შემდეგ. ფოთის ტელეკომპანია "მეცხრე ტალღის" ჟურნალისტი ეკა ჩხენკელი ჰყვება ალანიას შესახებ:

[ჩხენკელის ხმა] "ის ძალიან ხშირად ამბობს უარს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, უხეშად მიმართავს ჟურნალისტებს და ამბობს, რომ არ გვაქვს მერიაში ტელეგადაღების უფლება. გვეუბნება, რომ ამის გამო სასამართლოში გვიჩივლებს; ხშირად გვაყენებს პირად შეურაცხყოფას. როცა ვეუბნებით, რომ ეს არის საჯარო დაწესებულება და ყველა ინფორმაცია ღია უნდა იყოს, გვპასუხობს, დიახ, ეს კანონიერია, მაგრამ უზნეობაა. ძალიან ხშირია ზეწოლის ფაქტები პოლიციელთა მხრიდან: ბოლო დროს "მეცხრე ტალღა" აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას პოლიციელთა უმოქმედობის შესახებ, რაც მრავალი გაუხსნელი დანაშაულის ფონზე ხდებოდა."

ჩვენი ახალციხელი კოლეგა, ტელეკომპანია "ლომსიას" ჟურნალისტი მაია იველაშვილი სხვა გარემოშია: თუ ადრე "ლომსიას" კრიტიკულ სიუჟეტებს ხელისუფლების წარმომადგენელთა მწვავე რეაქცია ხვდებოდა, ახლა, ცოტა არ იყოს, გაუგებარი ვითარებაა:

[იველაშვილის ხმა] "კრიტიკულ მასალებზე, დღეს ეთერში რომ ვუშვებთ, რეაქცია არ არის, ნულია. შეგნებულად იკავებენ თავს, დაბნეულები არიან, თუ მოლოდინი აქვთ, როგორი ხელისუფლება ჩამოყალიბდება - ვერ გეტყვით. ჯერჯერობით თავისუფლება, შეიძლება ითქვას, არის, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ რეაქცია არ არის."

ჩვენმა საგარეჯოელმა კოლეგამ, ტელეკომპანია "თვალის" ჟურნალისტმა ნინო სამყურაშვილმა საგულისხმო ისტორია მიამბო. "თვალს" 2 ნოემბრამდეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფლობდნენ. რევოლუციის შემდეგ ნინო სამყურაშვილმა ტელედებატებში "აღორძინების", "ახალი მემარჯვენეებისა" და ლეიბორისტების ადგილობრივი წარმომადგენლებიც მიიწვია:

[სამყურაშვილის ხმა] "მეუბნებიან, აღორძინების წევრს არ შემოვუშვებთო. ყველას გამოგვიცხადეს ეს. მაშინ ჩვენ, ტელევიზიის ყველა თანამშრომელმა, გავაჩერეთ მუშაობა და ორი კვირა არ გვიმუშავია. როცა თანასწორუფლებიანობაზე ვლაპარაკობთ, რას ჰქვია ასეთი დაყოფა! როცა დაინახეს, სხვანაირად დავუდგებოდით, მიხვდნენ, რომ აღარ უნდა მოქცეულიყვნენ ასე. ამის შემდეგ შეზღუდვის მხრივ, არაფერი მომხდარა. რასაც გვინდა, იმას ვაკეთებთ, ვწერთ და ვამბობთ."

ზოგ რეგიონში კი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჟურნალისტები თვითცეზნურის ამოქმედებაზე ლაპარაკობენ. რაღაც მსგავსი ხდება, მაგალითად, გორში, სადაც ტელეკომპანია "თრიალეთის" ოდინდელმა მფლობელმა ბადრი ნანეტაშვილმა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის პოსტი დაიკავა.
XS
SM
MD
LG