Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდის მისია თბილისს კმაყოფილი ტოვებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 16 თებერვალს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება

საქართველოსთან დაკავშირებით მაისამდე არ იქნება ცნობილი, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უკვე დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ფონდი პროგრამის დაფინანსებას ორწლიანი შესვენების შემდეგ განაახლებს. რა რეკომენდაციები დატოვა პაოლო ნოიჰაუზის მისიამ და რაზეა დამოკიდებული დაფინანსების გაგრძელება?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი მისიის ორკვირიანი ვიზიტი საქართველოსათვის წარმატებული აღმოჩნდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, პაოლო ნოიჰაუზის თებერვლის მისიის შედეგის პროგნოზირება წინდაწინ იყო შესაძლებელი. გასული წლის ნოემბრის შემდეგ დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები უპრეცედენტო კეთილგანწყობას ამჟღავნებენ "ვარდების ხელისუფლების" მიმართ და, შესაბამისად, პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოში, პროგრამის დაფინანსების მხრივ, ნამდვილად არ იქნება მოულოდნელი.

ნოიჰაუზის ვიზიტის ბოლოს ფინანსთა მინისტრი უკვე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა აღდგება. ნოღაიდელის თქმით, დარჩენილია მხოლოდ ფორმალური საკითხები, ანუ შესაბამის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო გაზაფხულზე მიიღებს.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობას დაუტოვა შესასრულებლად, იგი, ფაქტობრივად, სტანდარტულია და, წინა მემორანდუმების მსგავსად, მასში, ზოგად დებულებებთან ერთად, დაფიქსირებულია რამდენიმე სტრუქტურული საკითხი, რომელიც რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება. კერძოდ, ბოლო დროს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, საჭიროა სხვა საკანონმდებლო აქტებიც მოვიდეს მასთან შესაბამისობაში. ასევე გაზაფხულამდეა მისაღები ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიღებული კანონის გამომდინარე ცვლილებები, რაც, თავის მხრივ, სავალუტო ფონდის გარდა, ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს.

წინა წლებში დაფიქსირებული რეკომენდაცია სამი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოსათვის საერთაშორისო აუდიტის ჩატარების შესახებ ამ მემორანდუმშიც დაფიქსირდა. ამასთან, საქართველოს რკინიგზის, "მადნეულისა" და "ფოთის პორტის" გარდა, საერთაშორისო აუდიტი უნდა განხორციელდეს "ელექტროკავშირსა" და "თბილისის აეროპორტში".

ასევე დაფიქსირდა ენერგოტარიფის მოწესრიგებისა და სახელმწიფო საწარმოების მენეჯმენტის მოწესრიგების საკითხი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმდა მიმდინარე წლის საბიუჯეტო პარამეტრები, რომლის მიხედვითაც, 2004 წელს საქართველოს ბიუჯეტმა 1 მილიარდ 960 მილიონი უნდა შეადგინოს. 350 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს საგადასახადო შემოსავლები.
საქართველოსათვის პროგრამის დაფინანსების საკითხს სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო მაისში განიხილავს, თუმცა დღესვე შეიძლება ითქვას, რომ გაწყვეტილება პოზიტიური იქნება და საქართველო, ტრანშის სახით, 30 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, რომელიც ქვეყნის სავალუტო რეზერვებში წარიმართება.
XS
SM
MD
LG