Accessibility links

საანგარიშო მოხსენება აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შიდსის ეპიდემიის გავრცელების შესახებ


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს 17 თებერვალს, გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება,

რომლის თანახმად, შიდსის ეპიდემიის გავრცელების ტემპებით, აღმოსავლეთი ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები პირველ ადგილზე არიან მთელს მსოფლიოში.

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და მოლდავეთში, აგრეთვე ესტონეთში, ყველაზე სწრაფად გავრცელდა შიდსის ეპიდემია.

კალმან მიჟეი ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანმეგობრობის სექტორს ხელმძღვანელობს გაეროს განვითარების პროგრამაში. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ თუ დაუყოვნებლივ არ იქნა საჭირო ზომები მიღებული, მაშინ ეპიდემია, უკრაინასა და რუსეთში, უახლოეს სამ-ექვს წელიწადში, კატასტროფულ მასშტაბებს მიიღებს [კალმან მიჟეის ხმა]: "იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტი უკვე ინფიცირებულია, თუ ქმედითი ზომები მყისვე არ იქნა მიღებული, და თუ ქმედება არ იქნება ყოვლისმომცველი, მაშინ 3,5, 6 წელიწადში ეპიდემია კატასტროფულ მასშტაბებს მიიღებს. თანაც დავინახავთ კრიზისის ორ სიმპტომს: საუბედუროდ, უკრაინასა და რუსეთში, სამ წელიწადში მრავალი ადამიანის გარდაცვალების მოწმენი გავხდებით, ხოლო ეპიდემიის გავრცელების სიჩქარე იმატებს, მაგრამ რამდენად სწრაფად, ეს, საზოგადოებისა და სამთავრობო უწყებათა რეაქციაზე იქნება დამოკიდებული".

საანგარიშო მოხსენების ავტორებს მიაჩნიათ, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებასა და ამავე ქვეყნის ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების უნარს შორის - აღკვეთოს შიდსის ეპიდემიის გავრცელება. [კალმან მიჟეის ხმა]: "შიდსი სჯის უნიათობას, ვინაიდან თუ მთავრობის სხვადასხვა უწყებები არ თანამშრომლობენ, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მეტად უშედეგო იქნება. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებისთვის მითითების მიცემა არაა საკმარისი, ვინაიდან ისინი დამოუკიდებლად ვერას გახდებიან. გარდა ამისა, ისჯება საზოგადოებისა თუ ხელისუფალთა მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომაც, ვინაიდან შიდსით ინფიცირებულები, როგორც წესი, საზოგადოებისაგან გამიჯნული, სამარცხვინო იარლიყის მატარებელი ადამიანები არიან, და თუ მათ მიმართ ამგვარი მიდგომა არ შეიცვლება, ეს ადამიანები ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებენ. აქედან გამომდინარე, დიდია იმის რისკი, რომ ეს ადამიანები სხვებსაც დააავადებენ".

გაეროს საანგარიშო მოხსენებაში მოყვანილია პოლონეთის მაგალითი; ქვეყნისა, სადაც ღია, დემოკრატიული საზოგადოების შექმნამ არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცა შესაძლებლობა - უშუალო კონტაქტი დაემყარებინათ იმ ადამიანებთან, ვისაც შიდსით დაავადების საფრთხე ემუქრება. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და პოლონეთში ზრდასრული მოსახლეობის 1 პროცენტის ერთ მეათედამდე შემცირდა შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.

ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, -ვკითხულობთ საანგარიშო მოხსენებაში, - შიდსის გავრცელების ძირითად წყაროს წარმოადგენს შპრიცები, რომლებსაც ნარკომანები ხმარობენ, ხოლო აფრიკაში, დაავადების გავრცელება უმეტესწილად სქესობრივი კავშირით ხდება.

გაეროს საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის ზრდას, უკანასკნელ წლებში რომ შეიმჩნევა რუსეთში, შესაძლოა წერტილი დაუსვას შიდსის ეპიდემიის გავრცელებამ. მოხსენების ავტორები მოელიან, რომ 2020 წლისათვის, 145-მილიონიან რუსეთში 5 მილიონ 400 ათასიდან 14-ტი მილიონ ხუთასი ათასამდე ადამიანი იქნება შიდსის დაავადებული.
XS
SM
MD
LG