Accessibility links

logo-print

ჰოლანდიის პარლამენტმა მოიწონა გადაწყვეტილება ქვეყნიდან იმიგრანტების გაძევების შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ჰოლანდიის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნიდან ათეული ათასობით იმიგრანტის გაძევებას ითვალისწინებს.

იმიგრაციის მინისტრის რიტა ვერდონკის მიერ წარდგენილ კანონპროექტს სამშაბათს დაუჭირა მხარი ჰოლანდიის პარლამენტის ქვედა პალატამ. იმისათვის, რათა შევიდეს ძალაში კანონპროექტს ზედა პალატის თანხმობაც ესაჭიროება.


ხსენებული კანონპროექტი 26,000-დე იმიგრანტის გაძევებას ითვალისწინებს. ბევრი მათგანი წლების მანძილზე ცხოვრობს ჰოლანდიაში და კიდევაც დაოჯახდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ თავის დროზე უარყო მათი თხოვნა პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შესახებ.

ცნობა პარლამენტის მიერ ახალი კანონპროექტის მიღების შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა ჰოლანდიის იმიგრანტულ წლეებში. აი რა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს თურქეთიდან ჩასულმა 26-წლის ქურთმა სახელად ზინეპმა, რომელსაც უარი უთხრეს თავის დროზე პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე, მაგრამ 6 წელია უკვე, რა ჰოლანდიაში ცხოვრობს [ზინეპის ხმა]: "ორი შვილი მყავს, და ორივე ჰოლანდიაში დაიბადა. მაგრამ მაქვს უამრავი პრობლემა, არ მსურს იმ ქვეყანაში, თურქეთში დაბრუნება, ვინაიდან იქ, აურაცხელი პრობლემა მომელის. მინდა ჰოლანდიაში დარჩენა, მაგრამ ესენი მეუბნებიან უნდა წახვიდე, უნდა წახვიდეო. ამათთვის ეს ადვილია, ხოლო ჩვენთვის ეს ძნელი, მეტად ძნელია".

ახალი კანონის თანახმად, ზინეპმა თავის ორ შვილთან ერთად 8 კვირაში უნდა დატოვოს საკუთარის ნებით ჰოლანდია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიეცემათ მეორე 8-კვირიანი პერიოდი, რომელსაც დაჰყოფენ გამგზავრების საგანგებო ცენტრში, სადაც გამგზავრებისათვის საჭირო დახმარებას მიიღებენ. ამის შემდეგ მოხდება მათი იძულებითი გაგზავნა სამშობლოში.

ახალი კანონის სიმკაცრემ გააოცა ის ორგანიზაციები, რომლებიც ჰოლანდიაში ჩასულ ლტოლვილებს ეხმარებიან ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის წევრი აჰმედ ფური უსამართლოდ მიიჩნევს ჰოლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებას [აჰმედ ფურის ხმა]: "ვფიქრობ ჰოლანდიის პოლიტიკა უსამართლო, გაუმართლებელი და არაჰუმანურია. ადამიანები არიან ამგვარი პოლიტიკის მსხვერპლი, მაგრამ პოლიტიკა უცვლელი რჩება. ჰოლანდიის მთავრობა ერთგული რჩება ამგვარი პოლიტიკისა, მაშინ როცა კარგად მოეხსენება, როგორ დააპატიმრეს ხალხი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, და ზოგიერთი სიცოცხლესაც გამოასალმეს".

ჰოლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ ვიდრე უარს ეტყოდნენ იმიგრანტს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე საგულდაგულოდ ხდება თვითეული განაცხადის განხილვა. 2,300-დე იმიგრანტს, რომელთა საქმეები ხელისუფალთა აზრით "განსაკუთრებით სერიოზულ" კატეგორიას მიეკუთვნება, ჰოლანდიაში დარჩენისა და მუდმივი ცხოვრების უფლება მიეცემა.

ხოლო ის იმიგრანტები, ვისაც გაძევება ემუქრება, საპროტესტო აქციებს აწყობენ. ერთ-ერთმა ირანელმა ლტოლვილმა პირი გაიკერა და თვალები აიხვია პროტესტის ნიშნად.

ახალი კანონი შეეხება იმ იმიგრანტებს, ვინც 2001 წლის 1 აპრილამდეა ჩასული ჰოლანდიაში. მაშინ, ლტოლვილთა უმრავლესობას იუგოსლავიელები, ერაყელი და ავღანელები შეადგენდნენ, მაგრამ ამ ჯგუფს ირანელი და ჩეჩენი ლტოლვილებიც ეკუთვნიან.

როგორც როტერდამის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი რინუს ფონ შენდელენი აღნიშნავს, ჰოლანდიის მთავრობის სურვილია მეტ კონტროლს დაუქვემდებაროს იმიგრაციის პროცესი, რაც არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ კარები მიუხურა უცხოელებს. შენდელენს ამასთან დაკავშირებით მოჰყავს ქალაქ როტერდამის მაგალითი, სადაც მოსახლეობის 45 პროცენტს იმიგრანტები შეადგენენ [რინუს ფონ შენდელენის ხმა]: "აქ არა გვაქვს საქმე ანტი-იმიგრაციასთან. მე ვიტყოდი რომ პირიქით, მით უმეტეს, როცა ყოველწიურად ჩვენ კვლავაც დიდი რაოდენობით ვღებულობთ იმიგრანტებს. მაგრამ ამ სახელმწიფოს, რაც პარლამენტმა მოიწონა წუხელ, სურს, რომ ზღვარი დაწესდეს იმიგრაციაზე და მეტ კონტროლს დაექვემდებაროს ეს პროცესი".

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ჰოლანდიის მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად უნდა იყოს განპირობებული 2002 წლის მოვლენებით, როცა
შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა მოკლა ცნობილი პოლიტიკოსი პიმ ფორტუინი, რომელიც აშკარად გამოდიოდა იმიგრაციის წინააღმდეგ.

ამ მკვლელობის შემდეგ, ფორტუინის მომხრეებმა დააარსეს ახალი პოლიტიკური პარტია სახელმწოდებით: "პიმ ფორტუინის სია", რომელიც სულ მალე სიდიდით მეორე პარტია გახდა პარლამენტში. ეს პარტია მმართველ კოალიციაში შევიდა ქრისტიან დემოკრატებთან ერთად, მაგრამ ალიანსში მკვეთრმა უთანხმოებამ იჩინა თავი და 8 თვის შემდეგ კოალიცია დაიშალა.

ფორტუინის მზარდი პოპულარობა იმან განაპირობა, რომ ამ პოლიტიკოსმა დაარღვია პოლიტიკური ტაბუ და თავის საჯარო გამოსვლებში ალაპარაკდა ჰოლანდიის საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის შესახებ, რაც იმიგრაციამ გამოიწვია. ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიები ფორტუინმა რიგითი მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG