Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემარცხენე ოპოზიციურ ძალთა გაერთიანება ვერაფრით ვერ მოხერხდა


მოსალოდნელი იყო, რომ ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალობით დასუსტებული ოპოზიციური ძალები ამჯერად მაინც შეძლებდნენ გაერთიანებას.

ოპოზიციურ პარტიათა შორის გაერთიანების ყველაზე მეტი შანსი ლეიბორისტებსა და სოციალისტებს ჰქონდათ - მათ არაერთხელ საჯაროდაც კი გამოუხატავთ ურთიერთსიმპათიები, მაგრამ ახლა, როდესაც საქმე რეალური ნაბიჯის გადადგმამდე მივიდა, გაერთიანება ვერაფრით ვერ მოხერხდა.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებდა, რომ ბლოკის შექმნას ვერ დასთანხმდებოდა. 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე იგივე გაიმეორა მთავარმა ქართველმა ლეიბორისტმა და იქვე დაამატა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "გავიხსენოთ თუნდაც უკანასკნელი ათწლეულის მოვლენები: ყველა ექსცესი, სამოქალაქო ომები, დაპირისპირება დაკავშირებული იყო ბლოკების საქმიანობასთან."

შალვა ნათელაშვილმა ისიც დასძინა, რომ ლეიბორისტული პარტია მხოლოდ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ითანამშრომლებს და ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა ყველა ოპოზიციურ პარტიას.

18 თებერვალსვე ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანების მოწოდებით გამოვიდნენ სოციალისტური პარტიის ლიდერებიც. თუმცა მათ მოწოდებას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან არც მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები და, მით უმეტეს, არც სოცილისტებთან იდეოლოგიურად და პიროვნულადაც ახლოს მდგომი ლეიბორისტები. სოციალისტური პარტიის თავმჯდომარის ირაკლი მინდელის განცხადებით, სოციალისტები მზად იყვნენ ლეიბორისტების პარტიულ სიაშიც ჩაწერილიყვნენ, ოღონდ კი ძალების გაერთიანება შემდგარიყო:

[ირაკლი მინდელის ხმა] "ფორმაზე ნებისმიერზე ვეუბნებოდით, რომ ვართ თანახმა. ეს პრობლემა რახან შენ გაქვს ნათქვამი სიტყვა ბლოკზე და არ გინდა სიტყვის შეცვლა ესეც არ იყო. ნუ, როგორც ჩანს, მას თავის მოსაზრებები აქვს.
-
თუ ბლოკზე არ იყო საუბარი, მაშინ როგორ გაერთიანებას სთავაზობდით?
-
აი, იგივე ერთიანი სიით გამოსვლა, სიაში ეწერებოდა, რომ ჩვენ სოციალისტები ვართ, მაგრამ ბლოკი არ გაკეთდებოდა." (სტილი დაცულია)

ლეიბორისტებისთვის ესეც - და სოციალისტების პარტიაში მიღებაც კი - მიუღებელი აღმოჩნდა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "(შეკითხვა) - ბატონო შალვა, სოციალისტებს ჩასვამთ სიაში, თუ ლეიბორისტული პარტიის წევრები გახდებიან? (პასუხი) - ძალიან პრობლემატურია, რადგანაც აქ ლეიბორისტულ პარტიაში არიან 10 წელია ადამიანები, რომლებიც ისევე ღირსეული ხალხია, როგორც სოციალისტები, და მათთან ძალიან გამიძნელდება ახსნა, პარტიაში გუშინ შემოსული ხალხი რატომ ჩავწერე სიაში."

სოციოლოგ გოჩა ცქიტიშვილის აზრით, ამით არაფერი შეიცვლება და ორივე პარტიის რეიტინგის ზრდაზე, შეიძლება, მხოლოდ მოწინააღმდეგეთა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა იმოქმედოს.

[გოცა ცქიტიშვილის ხმა] "მათი გაერთიანება არანაირად არ შეუწყობს ხელს გაერთიანებული პარტიის რეიტინგის ზრდას. იმიტომ რომ სხვადასხვა სეგმენტზე ორიენტირებული პარტიები არიან და არაერთგვაროვანი ამომრჩევლები ჰყავთ. კი, რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი მოემატებათ, თუ გაერთიანება შედგა, მაგრამ, იმავდროულად, დააკლდება თითოეული პარტიიდან, იმიტომ რომ გაერთიანდნენ. ამიტომაც იმის ვარაუდი, რომ ეს ბლოკი უფრო რეიტინგული იქნებოდა, ვიდრე არის ახლა ლეიბორისტული პარტია, არ შეიძლება."(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG