Accessibility links

logo-print

რა განსხვავებაა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ტელევიზიებს შორის?


მთელი მმართველობითი სისტემის რეფორმირების პარალელურად, საქართველოს ახალი ხელისუფლება სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნას იწყებს.

ორი დღის წინ ამ მისიით დააბრუნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძველ თანამდებობაზე საქტელერადიო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა შენგელია, რომელიც პოსტიდან, პროტესტის ნიშნად, 23 ნოემბრის "ხავერდოვანი რევოლუციის"დღეებში გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ბოლომდე არ არის ცნობილი რეფორმის ყველა დეტალი და დაფინანსების წყარო, ხელისუფლების წევრები და ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ ტელევიზიის განსახელმწიფოებრიობით, საბოლოო ჯამში, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება.


საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნაზე მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო და იქვე დამუხრუჭდა, რადგან მაშინდელ ხელისუფლებას შეეშინდა, ხელიდან გაეშვა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მთავარი ინსტრუმენტი. მაგრამ ხელისუფლებამ ვერც ფული გაიმეტა იმისთვის, რომ სახელმწიფო ტელევიზიას კონკურენცია გაეწია დამოუკიდებელი ტელეარხებისთვის, რომლებმაც ნელ-ნელა დაიპყრეს სარეკლამო ბაზარი და მაყურებელთა გულები. 23 ნოემბრის "ხავერდოვანი რევოლუციის" დღეებში კი სახელმწიფო ტელევიზიის იმიჯი თითქმის ნულოვან ნიშნულზე დავიდა - ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, დატოვა მისმა ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ და რამდენიმე წამყვანმა ჟურნალისტმა, კიდევ უფრო გაუარესდა დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ცხადი გახდა,რომ სახელმწიფო ტელევიზიის ამ სახით არსებობას პერსპექტივა აღარ ჰქონდა. სწორედ ამ დროს საზოგადოების წარმომადგენლებს კვლავ გაახსენდათ საზოგადოებრივი ტელევიზიის იდეა.
საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჟურნალისტ ნოდარ გრიგალაშვილის თქმით, სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ კომპანიად გარდაქმნის შემთხვევაში, სახელმწიფოს ექნება ცალკე საეთერო დრო, სამაგიეროდ, საეთერო დროის დარჩენილი მასივი ტელეკომპანიის მიერ დაქირავებული პროგრამებით შეივსება:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] "გარკვეული დრო ექნება მთავრობას და გადაცემები, რაც ამ დროს გავა, იქნება სახელმწიფო იდეოლოგიის გამტარებელი. დანარჩენი უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ცენზურისაგან."

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ტელევიზიის განსაზოგადოებრიობის პროცესს ტელევიზიის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა შენგელია უხელმძღვანელებს. მან უკვე ჩამოიღო თაროდან რეფორმების მონახაზი. თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში ზაზა შენგელიამ განაცხადა, ძველი პროექტი გარკვეულად მოძველდა და ახლა საჭიროა მომზადდეს კანონპროექტი ახალი რეალიების გათვალისწინებით, რომლის განხილვა და დამტკიცება მომავალ პარლამენტს მოუწევს. ზაზა შენგელიას თქმით, საზოგადოებრივ ტელევიზიას მომავალში მეურვეთა საბჭო უხელმძღვანელებს:

[ზაზა შენგელიას ხმა] " ეს იქნება, დაახლოებით, 9 კაციანი ან 11 კაციანი და სწორედ ამ მეურვეთა საბჭოს მიერ იქნება განხორციელებული მართვა. თვითონ მეურვეთა საბჭო კი იქნება არჩეული პარლამენტის მიერ."

მაგრამ სანამ ახალი კანონი არ არსებობს, მანამდე სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელებს გარკვეული შავი სამუშაოს ჩატარება ძველი კანონით მოუწევთ. პირველ ყოვლისა, შესამცირებელია უამრავი ზედმეტი საშტატო თანამდებობა და დასაქირავებელია ახალგაზრდა ტელეჟურნალისტთა კადრები, რომლებმაც საზოგადოებრივი ტელევიზიის სახე უნდა შექმნან. ჯერჯერობით ზაზა შენგელიას მოწოდებას მხოლოდ დამოუკიდებელ ტელეკომპანია "მზის" პოპულარული ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ახალ ამპლუაში საინტერესო სამუშაო ელის და მის ნაბიჯს სხვა ჟურნალისტებიც მიბაძავენ:

[ინგა გრიგოლაის ხმა] "ზაზა შენგელიამ მითხრა, რომ ძალიან ბევრი და ძალინ პოპულარული ჟურნალისტი დაბრუნდება ჩვენს არხზე. ანუ ჟურნალისტები, რომლებსაც სახელით და გვარით იცნობს ჩვენი ტელემაყურებელი."

მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ემხრობა საზოგადოებრივი ტელევიზიის იდეას და სახელმწიფო ტელევიზიის კოლექტივს მაქსიმალურ შემოქმედებით თავისუფლებას ჰპირდება, ძალიან უცნაურად გამოიყურება დამოუკიდებელ ტელეკომპანიათა ეთერიდან პოლიტიკური თოქ-შოუების გაუჩინარება, რასაც ამ ტელეკომპანიის წარმომადგენლები ხელისუფლების ზეწოლით ხსნიან.
XS
SM
MD
LG