Accessibility links

logo-print

"ვარდების რევოლუცია" საქართველოს დიპლომატიურ კორპუსში


როგორც ჩანს, მთავრობის წევრთა თითქმის ასპროცენტიანი გადახალისების შემდეგ, ჯერი დიპლომატიურ კორპუსზეც მიდგა. დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ფედერაციის შემდეგ

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები გერმანიასა და საფრანგეთშიც შეეცვალა. 18 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თანხმობით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიაში მაია ფანჯიკიძე, ხოლო საფრანგეთში ლანა ღოღობერიძე დაინიშნა. გარკვეულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის, მომავალიც. მან ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე დავით დონდუა შეცვალა. რა ნიშნებით არჩევდნენ და არჩევენ სქართველოში დიპლომატებს და რატომ არის აუცილებელი ელჩების დროული ცვლა?

ორიოდე დღის წინ, პარლამენტში საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იქნება. ჯერჯერობით ეს პრიორიტეტი ელჩების შეცვლაში გამოიხატა. ახალი პრიორიტეტებისა და მიდგომების შესახებ საუბრობენ ახალი ელჩები - მაია ფანჯიკიძე და ლანა ღოღობერიძე:

[მაია ფანჯიკიძის ხმა] "სამი კვირის წინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ბრძანდებოდა ოფიციალური ვიზიტით ბერლინში, მან, ფაქტობრივად, დაგვიტოვა პროგრამა შემდეგ წლებში სამოქმედოდ."

[ლანა ღოღობერიძის ხმა] "უნდა შევასრულოთ ევროპის საბჭოს რეკომენდაციები და, საერთოდ, უნდა გავუტოლდეთ ევროპის ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს."

მაია ფანჯიკიძე და ლანა ღოღობერიძე, შესაბამისად, გერმანიასა და საფრანგეთში, "მუდმივ ელჩებად" წოდებულ კოტე გაბაშვილსა და გოჩა ჩოგოვაძეს შეცვლიან. ამ ორ დიპლომატს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, არ შეხებია როტაცია და თანამდებობაზე ყოფნის ვადა ყოფილმა ხელისუფლებამ ლამის უსასრულოდ გაუგრძელა. იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი ელჩების დროული ცვლა, კომენტარი პარლამენტის წევრს ჰამლეტ ჭიპაშვილს ვთხოვე.

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] "ერთი, რომ დიდი ხნის განმავლობაში რჩება თანამდებობაზე, ჯერ ერთი, ის მოწყვეტილია თავის ქვეყანას. მერე მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი - ეს არის, უბრალოდ, კადრების გაყინვა. როდესაც ელჩი ინიშნება და არ თმობს თავის ადგილს, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა კადრები აღარ იზრდება." (სტილი დაცულია)

ახალ მთავრობაში ასევე ბევრს საუბრობენ, ეგრეთ წოდებული, "კარიერული დიპლომატიური სამსახურის" ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, რასაც, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა. თუ რა თვისებების გამო ნიშნავდნენ ელჩებს ყოფილ ხელისუფლებაში, ამის შესახებ დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე საუბრობს:

[სოსო ცინცაძის ხმა] "ძირითადად, კომპლექტდებოდა ეს, ესე იგი, პრეზიდენტთან ვინც მიაღწევდა, ეს იყო, ვთქვათ, იგივე პარლამენტარების შვილები, ნათესავები, არ დავმალავ იმას, რომ ზოგიერთის საყვარელიც - იყო ასეთი ფაქტი, სამწუხაროდ, - და, საერთოდ, აბსოლუტურად ეგზოტიკური პიროვნებები ინიშნებოდნენ ელჩებად." (სტილი დაცულია)





ცინცაძის თქმით, ხელისუფლებაში გავრცელებული პროტექციონიზმის გამო, დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებულებს წლების მანძილზე სამინისტროს აპარატში 60-ლარიან ხელფასზე უწევთ მუშაობა, რაც, საბოლოო ჯამში, საგარეო უწყებიდან პროფესიონალი დიპლომატების გადინებას უწყობს ხელს.

[სოსო ცინცაძის ხმა] "ძაან ცუდ მდგომარეობაში არიან ჩვენი ახალგაზრდა დიპლომატები, საშინელ მდგომარეობაში არიან! და თუ ასე გაგრძელდა, თუ არაფერი შეიცვალა ამ მხრივ, მე ვშიშობ, რომ რამდენიმე წელიწადში დიპლომატი, როგორც ასეთი, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ალბათ, "წითელ წიგნში" შესატანი იქნება." (სტილი დაცულია)

თუმცა ახალ მთავრობაში ირწმუნებიან, რომ საქმე "წითელ წიგნამდე" არ მივა. ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ ყურადღებას მიაქცევს როტაციის მექანიზმის ეფექტურ ამოქმედებას. უფრო მეტიც: უკვე გადაწყვეტილია ელჩების ერთ ადგილას სამსახურის ვადის ოთხიდან სამ წლამდე შემცირება.
XS
SM
MD
LG