Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედათა და ჩვილ ბავშვთა თავშესაფრის მობინადრეები


თბილისის დედათა და ჩვილ ბავშვთა თავშესაფარი საქართველოს პირობებში უნიკალურ დაწესებულებად ითვლება - ეს არის ცენტრი, რომელიც ახალშობილის მიტოვების რისკის წინაშე მდგომ დედას ემსახურება.

ცენტრი მარტოხელა დედებს პრაქტიკულად იმ სოციალური, მატერიალური თუ ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარება, რომლის გამოც მათ შვილებს სამშობიარო სახლებში მიტოვების საფრთხე ექმნებოდათ. დროებით თავშესაფარში დედებს ჩვილებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მშვიდად და უზრუნველად შეუძლიათ ცხოვრება. ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროექტის მოქმედების 10 თვის განმავლობაში დედათა და ჩვილ ბავშვთა თავშესაფარმა 17 დედა და ახალშობილი შეიკედლა. მათგან 8 დედამ პროექტის ფარგლებში გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, მცირე გრანტის დახმარებით, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.

24 წლის ირინა ვართანიანი ერთ-ერთია იმ რვა დედას შორის, რომელთაც ცენტრის დახმარებით შეძლეს ხელობის სწავლა და დასაქმება. ირინა სილამაზის სალონში მუშაობს. მისი ტყუპი გოგონები, ანა და მარია, უკვე შვიდი თვისანი არიან. ირინამ და ბავშვებმა დედათა და ბავშვთა თავშესაფარში, განსაზღვრული 3 თვის ნაცვლად, 5 თვე დაჰყვეს. ამჟამად ირინა შვილებთან და დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ქირის გადახდაში მას ისევ თავშესაფრის თანამშრომლები ეხმარებიან. მისი 600 დოლარად დაგირავებული ბინის გამოსყიდვის ვადა მაისში გადის. ამ თანხის მოგროვებას, კეთილი ადამიანების დახმარების გარეშე, ირინა ვერ შეძლებს.

[ირინა ვართანიანის ხმა] "რა არის დასამალი, მე მართლა ვაპირებდი ბავშვების დატოვებას, იმიტომ რომ დედაჩემი აქ არ იყო, იყო რუსეთში. ვინაიდან ვიყავი მარტო, არ ვიცოდი რა მექნა, მეთქი, დროებით ჩავაბარებ, ვიმუშავებ. მოვხვდი აქ. კი, ძაან კმაყოფილი ვარ, ძაან დიდი მადლობელი ვარ. და ეხლაც ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რა საცოდაობა იქნებოდა, რომ ბავშვები მიმეტოვებინა, რა უნდა მექნა. "(სტილი დაცულია)

პროექტის მოქმედების განმავლობაში, 2003 წლის აპრილიდან დღემდე, სამშობიარო სახლებსა და ორსულთა საკონსულტაციო ცენტრებში სოციალურმა მუშაკებმა ჩვილის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი 30 დედა გამოავლინეს. მათგან 17 დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოთავსდა, 13- მა ახალშობილი შეინარჩუნა, 12 ბავშვი, მინდობილობით, აღმზრდელ ოჯახში გადაიყვანეს, 6 ბავშვი ჩვილ ბავშვთა სახლიდან საკუთარ ოჯახში დაბრუნდა. ეს არის ის მცირე სტატისტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, პროექტის წარმატებაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი, იმ დაბალ მენტალურ და სოციალურ კულტურაზე, რომელიც მარტოხელა დედას მიუსაფარს და საზოგადოებისათვის მიუღებელს ხდის.

[ლია წიკლაურის ხმა] "წიკლაური მარიამი, ქალბატონს წიკლაური მარიამი ჰქვია, დედიკოს - ლია. ვიმყოფები თავშესაფარში. ვართ მადლობლები პროექტის ავტორის, პირადად მარინა მენთეშაშვილის, მორალური თანადგომისათვის, იმ მხარდაჭერისათვის, ჩემს შვილს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, ერთი კვირის გამოსულები ვართ საავადმყოფოდან, ყველანაირად შეგვიწყო ხელი, რომ ჩემი გოგო კარგად ყოფილიყო. "(სტილი დაცულია)

ლია წიკლაური 37 წლისაა, მისი ერთადერთი გოგონა, პატარა მარიამი, მხოლოდ 4 თვისაა. იგი საკუთარ მამას ჯერ არ უნახავს.

ჩვილ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროექტის აქტუალობის, კეთილშობილებისა და პერსპექტიულობის მიუხედავად, თბილისის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი სევდიანი სახლია. 18 თებერვალს ამ სახლში ის ჟურნალისტები დააჯილდოვეს, რომლებიც თავიანთი პუბლიკაციებით ბავშვთა მიტოვების პრევენციის საქმეს ემსახურებიან.

ამით პროექტის ხელმძღვანელებმა და დონორებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ საზოგადოებაზე დაფუძნებული ბავშვთა სოციალური კეთილდღეობისა და დაცვის პოლიტიკის შექმნაში მასმედიას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ეკისრება.
XS
SM
MD
LG