Accessibility links

კოფი ანანი ერაყის პოლიტიკურ მომავალზე რეკომენდაციების შემუშავებას აპირებს


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი იმედოვნებს, რომ პარასკევს იაპონიაში გამზავრებამდე მოახერხებს ერაყის პოლიტიკურ გარდაქმნაზე რეკომენდაციის შემუშავებას.

შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კოფი ანანის მიდგომას ერაყის პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის საკითხში.

როგორც ჩანს, ერაყის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას ანანი იაპონიაში ვიზიტამდე ვერ მოახერხებს. გაეროს წარმომადგენელმა ფრედ ეკჰარდმა ოთხშაბათს განაცხადა:

[ეკჰარდის ხმა]
"უნდა ვნახოთ. ცოტა რთული იქნება პარასკევს დილამდე ამის გაკეთება. ვნახოთ რა იქნება ხვალ ბატონ ბრაჰიმისთან შეხვედრის შემდეგ, როგორ დააპირებენ ისინი საკითხის გადაჭრას."

ცნობილია, რომ კოფი ანანის გავლენიან თანაშემწეს ლახდარ ბრაჰიმის დაუშვებლად მიაჩნია ერაყში სუვერენული მთავრობისთვის ძალაუფლების გადაცემის დღემდე, ანუ 30 ივნისამდე პირდაპირი არჩევნების ჩატარება.

გასულ კვირაში ლახდარ ბრაჰიმი არჩევნების ექსპერტებთან ერთად ერაყში ყველა ძირითადი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამდენად მისი მოსაზრებები კოფი ანანისთვის ანგარიშგასაწევი იქნება.

გასულ კვირაში ერაყში ყოფნისას ბრაჰიმიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარს უჭერს პირდაპირი არჩევნების ჩატარებას, მაგრამ ამის აჩქარებით გაკეთება, მისი აზრით, პოლიტიკურ დაძაბულობას შეუწყობს ხელს. გაეროს ექსპერტების თანახმად, 30 ივნისს უნდა მოხდეს ერაყის სუვერენული მთავრობისთვის ძალაუფლების გადაცემა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები.

ასეთი გამოსავალი არის შუალედური ვარიანტი ერაყის შიიტთა ლიდერის სისტანის მოთხოვნასა და შეერთებული შტატების პოზიციას შორის, ანუ - პირდაპირი არჩევნების 30 ივნისამდე და მომავალ წელს ჩატარებას შორის.

შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის ერაყის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, მხოლოდ არ აპირებს ძალაუფლების სუვერენული მთავრობისთვის გადაცემის თარიღის შეცვლას. შეერთებული შტატების ელჩი გაეროში ჯონ ნეგროპონტე ანანის მოსალოდნელი რეკომენდაციების თაობაზე ამბობს:

[ნეგროპონტეს ხმა]
"რეკომენდაციების შემუშავებისას ანანი ვაშინგტონსა და ბაღდადში არსებულ განწყობას გაითვალისწინებს. ჩვენ კი, ალბათ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ გენერალური მდივნის წინადადებების განხორციელებას".

გაეროს დიპლომატთა თანახმად, სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც ერაყის სტაბილიზაციის პროცესში წვლილის შეტანა სურთ. გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთმა მუდმივი წევრის - ჩინეთის ელჩმა გაეროში 18 თებერვალს დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა ბაღდადში თავისი საელჩოს ხელახლა გახსნას აპირებს. როგორც ამბობენ, კოფი ანანი შეეცდება გარკვეული ზღვარი დაუდოს "ერაყის მეგობარი ქვეყნების" ჯგუფის ზრდას. ეს ჯგუფი გასულ წელს, შემოდგომაზე მადრიდში ჩატარებულ ერაყის დონორთა კონფერენციაზე შეიქმნა და დღეს უკვე 40-მდე ქვეყანას აერთიანებს.
XS
SM
MD
LG