Accessibility links

logo-print

ჰაუარდ დინმა შეწყვიტა წინასაარჩევნო კამპანია


ანდრო ეული, პრაღა ვერმონტის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ჰაუარდ დინმა გადაწყვიტა შეწყვიტოს პაექრობა თავის თანაპარტიელ დემოკრატებთან,

რომლებსაც ჯორჯ ბუშთან სურთ დაპირისპირება 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. განცხადება ამის შესახებ ოთხშაბათს გააკეთა დინმა პირველადი არჩევნების დამთავრებისას უისკონსინის შტატში, სადაც მან, ისევე, როგორც მანამდე 16 შტატში, დამარცხება იგემა.

დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების ყველაზე რეალური პრეტენდეტები სენატორები: მასაჩუსეტსელი ჯონ კერი და ჩრდილოეთ კაროლინელი ჯონ ედუარდსი არიან.

ჰაუარდ დინმა განაცხადა, რომ არ აპირებს წინასაარჩევნო კამპანიის გაგრძელებას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით, და რომ 4 ნოემბრის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის რჩეულს მისცემს ხმას [ჰაუარდ დინის ხმა]: "არ ვაპირებ დამოუკიდებელი, ან მესამე პარტიის სტატუსით განვაგრძო კამპანია, და მოვუწოდებ ჩემს მომხრეებს არ აჰყვნენ ცდუნებას და მხოლოდ დემოკრატების კანდიდატს მისცენ ხმა. მთავარი ისაა, ჯორჯ ბუში დავამარცხოთ ნოემბერში, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს".

უისკონსინის შტატში სამშაბათს გამართულ პირველად არჩევნებში სენატორი ჯონ კერი გამოვიდა გამარჯვებული. მეორე ადგილი სენატორ ჯონ ედუარდს ხვდა წილად. მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის ჯონ კერიმ მადლობა გადაუხადა უისკონსინელ ამომრჩევლებს [ჯონ კერის ხმა]: "უისკონსინის შტატის დევიზი "წინსვლაა". და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ბიძგი მიეცით დიდებულ საქმესა და ამ კაპანიას დღეს, ამ შესანიშნავ შტატში. უღრმეს მადლობას გიხდით".

დღეისათვის გამართულ 17 "პრაიმერიში", ანუ როგორც ამერიკელები უწოდებენ ცალკეულ შტატებში მიმდინარე პირვანდელ არჩევნებს, ჯონ კერიმ 15-ში გაიმარჯვა. დემოკრატიული პარტიის რჩეულის გამოსავლენად კიდევ 10 "პრაიმერი" გაიმართება, მათ შორის ორ მარტს, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში. გამარჯვებული, ჯორჯ ბუშს დაუპირისპირდება ნოემბრის არჩევნებში.

ჰაუარდ დინმა წარმატებით დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ სულ მალე წაიბორძიკა, ხოლო აიოვას შტატში მწარე დამარცხების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა გამარჯვების შანსი.

წინასაარჩევნო კამპანიიდან გამოთიშულმა ჰაუარდ დინმა თავისებური რეკორდი დაამყარა: კამპანიისათვის საჭირო შემოწირულობების სახით მან ერთ წელიწადში 41 მილიონი დოლარი შეაგროვა, ხოლო ლომის წილი ამ თანხიდან, ინტერნეტის მეშვეობით მიიღო.
XS
SM
MD
LG