Accessibility links

logo-print

როდის დასრულდება სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი?


ანდრო ეული, პრაღა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი ჰააგაში, 2002 წლის თებერვალში დაიწყო,

და დღეს, ორი წლისთავზე, გამოძიება ამ საქმის დასრულებას აპირებს, თუმცა როგორც მიმომხილველები მოელიან, ალბად კიდევ არაერთი წელი გავა, ვიდრე სერბ დიქტატორს განაჩენს გამოუტანს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი.

მილოშევიჩს 66 სამხედრო, აგრეთვე კაცობიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდება წაუყენა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა. 90-იანი წლების დასაწყისში ხორვატიასა და ბოსნიაში, ხოლო 1998-99 წლებში კოსოვოში, ომების გაჩაღება, აგრეთვე გენოციდი ბოსნიელ მაჰმადიანთა მიმართ, რასაც 200,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - სწორედ აქედან მომდინარეობს სლობოდან მილოშევიჩისადმი წაყენებული 66 სამხედრო დანაშაულის ბრალდება.

ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორი კარლა დელ პონტე კმაყოფილია იმით, თუ როგორ წარიმართა მილოშევიჩის სასამართლო პროცესი. სამართლის ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გამოძიებამ საკმარისად წარმოადგინა იმის სარწმუნო სამხილი, რომ სერბიის ძალები სისტემატურად სჩადიოდნენ ბალკანეთში ბარბაროსობას, და რომ მილოშევიჩი იყო ყოველივე ამის მოთავე და ინიციატორი.

ჯუდი არმატა თანამშრომელია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა, სახელწოდებით: საერთაშორისო სამართლის კოალიცია, რომელიც მეთვალყურის სტატუსით ესწრება მილოშევიჩის სასამართლო პროცესს. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ჯუდი არმატამ განაცხადა [ჯუდი არმატას ხმა]: "ვფიქრობ გამოძიებამ დამაჯერებლად წარმოადგინა ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულება. რაც შეეხება მილოშევიჩის პირად პასუხისმგებლობას, წარმოდგენილ იქნა მეტად სარწმუნო სამხილი იმის დასადასტურებლად, რომ სწორედ მილოშევიჩმა შეასრულა მთავარი როლი იმაში, რაც 90-იან წლებში მოხდა ბალკანეთში."

ჯუდი არმატას თქმით, გამოძიებამ შესძლო იმის დამტკიცება, რომ 90-იან წლებში მილოშევიჩი აკონტროლებდა სერბიისა და იუგოსლავიის სტრუქტურებს, და რომ ხორვატიელ და ბოსნიელ სერბებთან ერთად ომები გააჩაღა ბალკანეთში. ამის დასტურად გამოძიებამ, მილოშევიჩსა და მის სერბ მოკავშირეებს შორის მაშინდელი სატელეფონო საუბრების ჩანაწერი წარმოადგინა.

თუ ტრიბუნალმა სცნო იგი დამნაშავედ, 62-წლის მილოშევიჩს ციხეში მოუხდება დარჩენილი წლების გატარება.

თავდაპირველად მოელოდნენ, რომ მილოშევიჩის სასამართლო პროცესი 2005 წელს დასრულდებოდა. ხოლო დღეს, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პროცესი 2005 წლის შემდეგ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ჯუდი არმატა მაგალითად მოელის, რომ მილოშევიჩის გასამართლება 2008 წლამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG